კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 უფლება, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ

5 უფლება, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ

2550
4.2 / 5

რამდენჯერ გქონიათ გაუგებრობა ბანკთან ურთიერთობისას? შესაძლოა, ბოლომდე ვერ გარკვეულხართ რაღაცებში და შეკითხვა მოგრიდებიათ, ან გიფიქრიათ, რომ მაინც ვერ მიიღებდით თქვენს შეკითხვებზე ამომწურავ და გასაგებ პასუხს. შესაძლოა, მოტყუებულადაც გიგრძვნიათ თავი - ზედმეტი ხომ არ გადამახდევინესო. იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობები ფინანსურ ორგანიზაციებთან სასარგებლოდ წარიმართოს, კარგი იქნება იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ, რომლებიც არამარტო ბანკებთან, არამედ მიკრობანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანზაციებთან და სესხის გამცემ სუბიექტებთან მიმართებაშიც გაქვთ.

თუმცა, ერთი მხარეა უფლებების ცოდნა, მეორე კი - თქვენი, როგორც მომხმარებლის პასუხისმგებლობა, ისარგებლოთ ამ უფლებებით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მომხმარებლის 5 მნიშვნელოვან უფლებას, რომელიც ზემოთ ნახსენებ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ:

1. ფინანსურ პროდუქტზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება

თქვენი, როგორც ფინანსური ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებები სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტითაა მოწესრიგებული, მათ შორის, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების სპეციალური წესით. ამ წესის მიხედვით, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მოგაწოდოთ ფინანსური პროდუქტის შესახებ აუცილებელი, უტყუარი და თავისდროული ინფორმაცია სრულყოფილად და გასაგებ ენაზე. ეს კი დაგეხმარებათ, მიიღოთ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება ამა თუ იმ ფინანსური პროდუქტის შეძენაზე.

ამ დროს, თქვენი პასუხისმგებლობაცაა დასვათ შეკითხვები და მიიღოთ სასურველ ფინანსურ პროდუქტზე ამომწურავი ინფორმაცია. უნდა შეადაროთ ეს პროდუქტი რამდენიმე სხვა ფინანსური ორგანიზაციის შემოთავაზებას, აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება და ისე გააფორმოთ ხელშეკრულება. რადგან ეს წესი არ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს ხელშეკრულების პირობები - ეს თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის შეთანხმების საკითხია. ამიტომ, ხელშეკრულების გაფორმებამდე კარგად უნდა გაეცნოთ მას. აქ კი უკვე მეორე მნიშვნელოვან უფლებამდე მივდივართ:

2. ხელშეკრულების წინასწარ მიღების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ წინასწარ მოითხოვოთ და მიიღოთ ხელშეკრულების ნიმუში მის ხელმოწერამდე. არა აქვს მნიშვნელობა, დეპოზიტის ხელშეკრულებაა თუ სესხის, თუ თქვენ უკვე მიმართეთ ამ პროდუქტის მოთხოვნით ფინანსურ ორგანიზაციას და მან უკვე იცის, რა პირობებით უნდა შემოგთავაზოთ ეს პროდუქტი, მაშინ ხელშეკრულების ნიმუშს ის სახე უნდა ჰქონდეს, რა სახითაც აწერთ ხელს და მასში ყველა პირობა ზუსტად უნდა იყოს გაწერილი.  

ეს უფლება იმის საშუალებას გაძლევთ, რომ ხელშეკრულება სახლში წაიღოთ და სათანადო დრო დაუთმოთ მის წაკითხვას. აქ უკვე თქვენი პასუხისმგებლობაა, ყურადღებით გაეცნოთ ხელშეკრულების ყველა პირობას, და იმ შემთხვევაში მოაწეროთ ხელი, თუ ეს პირობები გასაგები და მისაღებია.

ფინანსურ ორგანიზაციებს ხელშეკრულების ზოგადი შაბლონები საკუთარ ვებგვერდებზეც აქვთ განთავსებული, რომლის გაცნობაც ასევე, ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენამდეც შეგიძლიათ.

3. არსებულ ფინანსურ პროდუქტზე ინფორმაციის მიღების უფლება

თუკი უკვე სარგებლობთ ფინანსური პროდუქტებით - მაგალითად, სესხით, დეპოზიტით, ან მიმდინარე ანგარიშით - თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც გაინტერესებთ. მაგალითად, თუ სესხით სარგებლობთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ თქვენი მოთხოვნის შემდეგ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია როგორც უკვე განხორციელებული გადახდების, ისე მომავალი გრაფიკის შესახებ. ამასთან, როცა ბანკის პროდუქტებით სარგებლობთ, ის ვალდებულია ამ მიზნით მისი დისტანციური არხებიდან - ინტერნეტი, ინტერნეტბანკი, მობილური ტელეფონი ან მობილბანკი - მინიმუმ ერთი უფასოდაც შემოგთავაზოთ. უფასო დისტანციური არხების შემოთავაზების პირობა არ ავალდებულებს  ბანკს, იმავდროულად აქტიური ოპერაციების ჩატარების უფლებაც მოგცეთ. მაგალითად, თუ ბანკმა უფასო ინტერნეტბანკი შემოგთავაზათ, ამ შემოთავაზების ფარგლებში თანხის გადარიცხვა შესაძლოა არ იყოს დაშვებული, მაგრამ ნახავთ თქვენს ანგარიშებს თუ სხვა არსებულ პროდუქტებს.

4. პრეტენზიის დაფიქსირების უფლება

თუ თვლით, რომ ფინანსური ორგანიზაცია არღვევს თქვენს უფლებებს, უკმაყოფილო ხართ ან არ ეთანხმებით მის რომელიმე გადაწყვეტილებას, თქვენ უფლება გაქვთ დააფიქსიროთ თქვენი პრეტენზია ნებისმიერი ფორმით - ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ფინანსური ორგანიზაცია კი ვალდებულია შეისწავლოს თქვენი პრეტენზია და წერილობითი/ელექტრონული პრეტენზიის შემთხვევაში წერილობითვე/ელექტრონულად გაცნობოთ დასაბუთებული პასუხი. პრეტენზიის დაფიქსირება ფინანსური ორგანიზაციისთვისაც სასარგებლოა, რადგან ეხმარება მას აღმოაჩინოს გარკვეული ხარვეზები.

ფინანსური ორგანიზაციის მიმართ თქვენი პრეტენზიის დაფიქსირება ეროვნულ ბანკშიც შეგიძლიათ, ადგილზე ვიზიტით, ცხელი ხაზის - (032) 2 406 406, ელექტრონული ფოსტის - cp@nbg.gov.ge, სოციალური ქსელის ან ვებგვერდის საშუალებით. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ჯერ ფინანსურ ორგანიზაციაში დააფიქსირებთ პრეტენზიას და მერე ეროვნულ ბანკში, თუ პირიქით.

5. ეთიკური კომუნიკაციის უფლება

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თქვენთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური კომუნიკაციის ზოგადი ნორმები. ეს განსაკუთრებით აქტუალური მაშინ ხდება, როცა საქმე ვადაგადაცილებულ სესხთან კომუნიკაციას ეხება. როცა ფინანსური ორგანიზაცია ვადაგადაცილებული სესხის დაფარვის მოთხოვნით გირეკავთ, ეთიკის ნორმები ამ შემთხვევაშიც უნდა დაიცვას. დაუშვებელია, რომ სესხის ამოღების მიზნით, ფინანსურმა ორგანიზაციამ მოგაწოდოთ არასწორი ინფორმაცია და შეგიყვანოთ შეცდომაში, ან იმოქმედოს ისე, რომ შეგიბღალოთ რეპუტაცია.