5 ხერხი კიბერთაღლითებისგან თავდასაცავად
თუ ფიქრობ, რომ ფული ხელის ჭუჭყი არაა და გსურს შენი ფინანსები თაღლითებისგან დაიცვა, კითხვა განაგრძე. ამ სტატიაში გაიგებ, როგორ არ წამოეგო ანკესზე "ფიშინგისას".
ალბათ, იკითხავ: "რა ჯანდაბაა ეს ფიშინგი, ქართულად ვერ იტყვით?!"
Merriam-Webster-ის ლექსიკონი კი გიპასუხებს, რომ ფიშინგი არის თაღლითობა, რომლითაც ინტერნეტის მომხმარებელს აცურებენ (მაგალითად, შეცდომაში შემყვანი ელ. წერილით) პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოსავლენად, თაღლითების მხრიდან უკანონოდ გამოყენების მიზნით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიშერები გპარავენ ინფორმაციას, რათა შენს ფინანსებზე წვდომა მოიპოვონ და ბუმ! თქვენს ანგარიშზე 0 ლარია. დიდი თანხა რომც არ იყოს და სულაც ერთი ლარი მოგპარონ, ნემსის ქურდი აქლემის ქურდია.
ფულის მახეს, როგორც წესი, ძვირადღირებულ და არასაჭირო ნივთებს უწოდებენ, არადა, ეს გამოათქვამი ფიშინგს უფრო უხდება. ჰოდა, თუ გსურს ფულის მახეში არ გაება, ეს რჩევები გაითვალისწინე:
1. მიუდექი პირად ინფორმაციას ისე, როგორც პირადი ჰიგიენის ნივთებს
შენს კბილის ჯაგრისს ხომ არავის გაუზიარებ? ჰოდა, პირად ინფორმაციასაც ასე მოეპყარი.
- სანამ ვებ-გვერდზე შენი საკრედიტო ბარათის მონაცემებს მიუთითებ, შეამოწმე სანდოა თუ არა ეს საიტი;
- თუ უცნობ საიტზე ხარ, პირადი ინფორმაცია არც ერთ ველში არ ჩაწერო;
- მომხმარებლის სახელი და პაროლი არავის გაანდო;
- თუ ახალი პაროლის მოფიქრება გჭირდება, დაფიქრდი, რამდენად ძლიერი ვარიანტია "პაროლი" ან "12345678"? არც ისე, ხომ? ჰოდა, ნუ დაიზარებ რთულად გამოსაცნობი პაროლის მოფიქრებას;
- რადგან სიზარმაცე ვახსენეთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა სხვადასხვა პლატფორმისთვის განსხვავებული პაროლები მოიფიქრო.
2. შეამოწმე, რამდენად უსაფრთხოა საიტი, რომელზეც შენი პირადი ინფორმაცია შეგყავს
ვებგვერდზე პირადი ფინანსური ინფორმაციის შეყვანამდე დარწმუნდი, რომ საიტი დაცულია. თუ ვებგვერდის მისამართის ველში მარცხენა მხარეს ბოქლომის სიმბოლოა გამოსახული, შეგიძლია მშვიდად იყო, ხოლო თუ “Not Secure” აწერია, თავკურსორმოგლეჯილი გამოიქეცი მაგ საიტიდან.
3. წაშალე ელ-ფოსტით მიღებული საეჭვო წერილები
როცა გაურკვეველი წყარო გწერს, რომ შენმა უცნობმა ნათესავმა, ვთქვათ, დიდმა ბებიამ მილიონი დოლარი დაგიტოვა, რომლის მისაღებადაც ბმულზე უნდა გადახვიდე და შენი პირადი ინფორმაცია ჩაწერო, დაფიქრდი, საიდან უნდა ჰქონოდა ცხონებულს ერთი მილიონი დოლარი?
ცუდი ამბავი: ყველა ფიშერი ასე უნიჭოდ როდი იტყუება
კარგი ამბავი: ნიჭიერი თაღლითებისგანაც შეგიძლია თავის დაცვა
- თუ გსურს ფიშინგი აირიდო, მოექეცი საეჭვო ელ. წერილებს ისე, როგორც Fruit Ninja ეპყრობა ხილს, ანუ ჰაერშივე გაანადგურე: უბრალოდ წაშალე ისინი, ან მონიშნე, როგორც სპამი;
- სულაც, დაურეკე გამომგზავნს, რათა გაიგო ნამდვილად სანდო კომპანიის თანამშრომელმა მოგწერა თუ ფიშერმა;
- შეამოწმე წერილის ავტორის ელ.ფოსტის მისამართი - თუ info@tbcbank.com.ge-ს ნაცვლად info@tbcbankcom.ge გწერს ეს კარგს არაფერს მოასწავებს (აბა, იპოვე ერთი განსხვავება).
4. შეისწავლე შენი მტერი
თუ კიბერკრიმინალებისთვის დამახასიათებელი ტექნიკების შესახებ წინასწარ გეცოდინება, შენი ბადეში გახვევა კიდევ უფრო რთული იქნება. ფიშერები ყოველთვის ეცდებიან ახალ-ახალი ხრიკები მოიფიქრონ, შენ კი მათ მომზადებული უნდა დახვდე და მათი ხრიკების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად გაეცნო.
5. დააინსტალირე ფიშინგის საწინააღმდეგო პანელი
ინტერნეტ ბრაუზერებს აქვთ ფიშინგის საწინააღმდეგო ისეთი სრულიად უფასო toolbar-ები, როგორიცაა Netcraft Toolbar, McAfee SiteAdvisor, Finjan SecureBrowsing, Bitdefender TrafficLight და ა.შ. ამ ტიპის პანელები ამოწმებენ შენს მიერ მონახულებულ საიტებს და მათ ფიშინგით ცნობილი საიტების სიებს ადარებენ.
მოკლედ, ბიბლიის თანახმად, ფული „იცავს კაცს“ (ეკლესიასტე 7:12), ჰოდა, სამართლიანი იქნება, კაცმაც დაიცვას ფული. თანაც თუ ტრულაილა არ ხარ, რომელსაც "ფული რად უნდა", "ამოიღებს და დახარჯავს, ვითომაც არა ჰქონია", ფიშერებს აუცილებლად უნდა უფრთხილდე.