კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 ფინანსური გაკვეთილი დამოუკიდებლად ცხოვრებისგან

5 ფინანსური გაკვეთილი დამოუკიდებლად ცხოვრებისგან

2185
4.4 / 5

მშობლების სახლიდან ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება თავისუფლებასთან ერთად ბევრი სხვა სიახლისა და გამოცდილების მომტანია. წარმოგიდგენთ 5 ფინანსურ გაკვეთილს, რასაც დამოუკიდებლად ცხოვრება გვასწავლის:

1. ბიუჯეტირება არც ისე რთულია და თანაც, ძალიან საჭიროა

დამოუკიდებლად ცხოვრებისას არამხოლოდ ხარჯების საკუთარი შემოსავლით დაფარვა გვიწევს, არამედ ამ ხარჯების თავად დაგეგმვა და პრიორიტეტიზირებაც. ბიუჯეტის შედგენა კი გვეხმარება კარგად დავინახოთ, რა შემოსავლები გვაქვს და რაში ვხარჯავთ თანხას, რომელი ხარჯი შეიძლება შევამციროთ და რამდენი დავზოგოთ. შედეგად, არ გვიგროვდება ვალები ხელფასამდე, არ გვავიწყდება მაგალითად, კომუნალურების გადახდა და თანდათანობით დანაზოგის გაკეთებასაც ვახერხებთ. 

ბიუჯეტის შედგენა და ხარჯების ყოველდღიური აღრიცხვა მხოლოდ თავიდან ჩანს რთული, შემდეგ კი უბრალოდ ჩვევაში გადადის - განსაკუთრებით, თუ ხარჯების აღმრიცხავ აპლიკაციას იყენებთ. თუმცა ბიუჯეტის შესადგენად ექსელი ან უბრალოდ, კალამი და ბლოკნოტიც საკმარისია. 

2. შინ კვება გაცილებით იაფია

საცხოვრებლად ცალკე გადასვლის შემდეგ ჩვენი თავის გარდა არავინ გვყავს, რომ კერძები მოგვიმზადოს. თავიდან არ ვიცით, გვეზარება, ფასტ-ფუდსა და გარეთ კვებას ვეძალებით, თუმცა შემდეგ ვხვდებით, რომ ეს არც ჯანსაღია და არც იაფი. რამდენიმე ზარი დედასთან, რამდენიმე ვიდეო-რეცეპტი იუთუბზე და რამდენიმე ძირითადი კერძის მომზადებასაც უკვე იცით. წინასწარ მთელი კვირის მენიუს ჩამოწერა და შემდეგ ინგრედიენტების ამის მიხედვით ყიდვა, საყიდლების პროცესსაც ამარტივებს და ფულსაც ზოგავს. არც შინ მომზადებული ლანჩის სამსახურსა თუ სასწავლებელში წაღებაა პრობლემა.

3. „შავი დღისთვის“ თანხა სულ უნდა გვქონდეს გადადებული

მითუმეტეს, როცა მარტო ვცხოვრობთ და მხოლოდ საკუთარი შემოსავლის იმედზე ვართ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს - ონკანი გაფუჭდეს და გამოსაცვლელი დარჩეს, სარეცხი მანქანა იყოს შესაკეთებელი, მობილური ტელეფონი დავკარგოთ, სამედიცინო ხარჯები გაგვიჩნდეს და ა.შ. - ამ დროს დანაზოგის არსებობა ნამდვილად ხსნაა გაუთვალისწინებელ მომენტებთან გასამკლავებლად. შესაბამისად, სწავლობთ, მუდმივად გადადოთ გარკვეული თანხა და შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. 

4. დაზოგვა ბევრ რამეზე შეიძლება

დამოუკიდებლად ცხოვრება ხარჯების სწორად გადანაწილებასაც გვასწავლის. ვხვდებით, რომ გარკვეული ნივთების გარეშეც შეგვიძლია ცხოვრება, ყოველშემთხვევაში, ჯერ საჭირო რამეებს ვყიდულობთ და შემდეგ - არაუცილებელს. ვზოგავთ კომუნალურებზეც: ვეჩვევით შუქის გათიშვას ოთახებში მაშინ, როცა არ ვიყენებთ,  დამტენის ქსელიდან გამოერთებას როცა ტელეფონი დაიტენება; გათბობის დასარეგულირებლად ვიყენებთ თერმოსტატს; ჩართული კონდიციონერის შემთხვევაში არ ვაღებთ ფანჯრებს და ა.შ. ვეძებთ ტრანსპორტის იაფ ალტერნატივას - საკუთარი მანქანის ან ტაქსის ნაცვლად - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან სულაც ველოსიპედი და ფეხით სიარული. 

5. სესხის აღება მიმდინარე ხარჯებისთვის - ცუდი გამოსავალია

დამოუკიდებლად ცხოვრებისას ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასაც ვსწავლობთ - ხელფასის აღება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ბანკთან ურთიერთობას მოითხოვს. სესხსაც მივმართავთ, როცა ამის საჭიროება ნამდვილად დგას და რაც მთავარია, მისი გადახდა შეგვიძლია. თუმცა, იმასაც ვიაზრებთ, რომ ყოველთვიური ხარჯების დასაფარად სესხის ხშირ-ხშირად აღება, თუნდაც საკრედიტო ბარათის გამოყენება კიდევ უფრო მეტ ხარჯს გვიმატებს და ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არც ისე კარგად აისახება. ამის ალტერნატივა კი ხარჯების სწორად დაგეგმვა და დანაზოგის გაკეთებაა.