კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

10 რჩევა დაზოგვის დასაწყებად

10 რჩევა დაზოგვის დასაწყებად

4453
4 / 5

თუ შენ იმ უამრავ ადამიანს შორის ხარ, ვისაც შეუძლებელი ჰგონია ფინანსების  დაზოგვა, შენ მარტო არ ხარ. დამეთანხმებით, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა რაიმე ჯადოსნური ფორმულა ან მარტივი ხრიკი რომ არსებობდეს, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფდა ჩვენს ფინანსებს, თუმცა, რეალურ სამყაროში, ჩვენ ვმართავთ საკუთარ სურვილებს, პრიორიტეტებსა და, რა თქმა უნდა, ბიუჯეტს. მომავლისათვის გონივრული ნაბიჯების გადასადგმელად შესაფერისი დრო სწორედ ახლაა - "ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი"!

როგორ დავიწყოთ დაზოგვა?

1. დაგეგმეთ ბიუჯეტი 

ბიუჯეტის შექმნით მეტად რეალურად და გამჭვირვალედ აღიქვამთ საკუთარ ფინანსებს. პირველ რიგში, იყავით მართალი საკუთარ თავთან და სრული სიზუსტით ასახეთ თქვენი შემოსავალი და ხარჯები (კატეგორიებად) თვიდან თვემდე. 

2. 50/20/30

სწორი, დაბალანსებული განაწილებისას ელიზაბეთ უორენის ცნობილი 50/20/30 შემოსავლის განაწილების წესი ამართლებს: შემოსავლის 50% ეთმობა საჭიროებებს, 20% დანაზოგს, ხოლო 30% სურვილებს.

3. შეინახეთ თანხა "შავი დღისთვის"

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და საჭიროა, ყოველივეს მომზადებულნი შევხვდეთ. მუდმივი დანაზოგის ქონა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის ჯანსაღი ფინანსური გეგმის მთავარი კომპონენტია. 

მსჯელობა ჰიპოთეზად რომ არ დარჩეს, განსამტკიცებლად საუკეთესო მაგალითი დღევანდელი Covid-19-ის პანდემიის პირობებია: შეჩერებული ბიზნესი, დაკარგული სამსახურები, გაზრდილი ხარჯები... დამეთანხმებით, ამ პირობებში დანაზოგის არსებობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

4. დაიწყეთ მცირედი, მოკლევადიანი მიზნებით

ფაქტია, რომ ადამიანები მეტად წარმატებით ზოგავენ მაშინ, როცა მცირეხნიან მიზნებს ისახავენ. მაგალითად, კვირაში 20 ლარის დაზოგვა 6 თვის განმავლობაში უფრო მარტივი მიღწევადია, ვიდრე ყოველწლიურად თვეში 500 ლარის დაზოგვა. როდესაც მცირედს მიაღწევთ, ჩვევად ჩამოგიყალიბდებათ და მზად იქნებით უფრო დიდი გამოწვევებისათვის.

5. ნამდვილად მჭირდება?

ეს კითხვა თქვენი ყოველდღიურობის თანმდევად აქციეთ. იმპულსური გადაწყვეტილებებისა და არასაჭირო ნივთების შეძენის თავიდან აცილება ფინანსების დაზოგვის საუკეთესო გზაა.

6. ენდეთ ბანკს, გახსენით დეპოზიტი

ზრდადი ან შემნახველი ანაბრის გახსნით ბანკში "შეგენახებათ"/ დაგეზოგებათ შეტანილი თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გარკვეული პროცენტი დაემატება. მსგავსი ტიპის დეპოზიტი არის უფრო სანდო და მომგებიანი.

7. ახლავე დაიწყეთ დაზოგვა პენსიაზე გასვლისთვის

არასდროსაა გვიანი, რაც უფრო მალე დაიწყებთ დაზოგვას თქვენი საპენსიო ასაკისათვის, მით უფრო უზრუნველყოფილად იცხოვრებთ მომავალში. დანაზოგი ყოველთვიურად/ყოველწლიურად შესაძლოა მცირე იყოს, თუმცა მრავალი წლის შემდეგ აუცილებლად მნიშვნელოვან თანხად იქცევა. ბლოგის მთავარი იდეაც ხომ ესაა: "ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი".

8. არასასურველი ნივთები თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენეთ

თქვენთვის არასასურველი ნივთი ყოველთვის იპოვის ახალ პატრონს. დღეს მრავალი პლატფორმა არსებობს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ე.წ. "preloved" ნივთები: ტანსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა... და აქციოთ დამატებით შემოსავლის წყაროდ, ამავდროულად კი გეზოგებათ ხარჯები ახალი ნივთების შესაძენად.

9. არასდროს შეწყვიტოთ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება

რამდენიმე შემოსავლის წყაროს არსებობა ფინანსურად მეტად მტკიცესა და სტაბილურს გვხდის, შესაბამისად, თანხის დაზოგვის უფრო დიდი რესურსი ჩნდება. დღევანდელ სამყაროში სოც. მედია უამრავი იდეის გენერირების შანსს გვაძლევს. შეაფასეთ თითოეული რესურსი, რომელსაც შესთავაზებთ მომხმარებელს, იფიქრეთ იმაზე, რა სარგებლობას მიიღებს მომხმარებელი და შექმენით ბიზნეს გეგმა ამაზე დაყრდნობით. 

10. მიიღეთ რჩევები ფინანსური დამგეგმავისგან

იმისათვის, რომ მცირედმა დანაზოგმა მომავალში დიდი ცვლილება გამოიწვიოს, საჭიროა დანაზოგის სწორად ინვესტირება. ჭკვიანური ნაბიჯის გადასადგმელად აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ფინანსისტს. კარგი მრჩეველი გაგაცნობთ ყველა რისკს, რომელსაც შეიცავს თითოეული ინვესტიცია და დაგეხმარებათ, შეარჩიოთ სწორი პროდუქტი, სწორად გათვლილი ბიუჯეტით.

საბოლოოდ, თითოეული ზემოხსენებული პუნქტი გამოგვიმუშავებს უნარებს, გვაძლევს ფინანსურ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ბიუჯეტის სწორად გადანაწილებასთან დაკავშირებით. არ არსებობს ისეთი მცირე თანხა, რომლის შენახვასაც აზრი არ აქვს. "ბევრი" და "ცოტა" სუბიექტური სიდიდეებია და სწორად რეალიზებისთვის ყოველდღიურად გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ცოდნა ძალაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ცოტას დაზოგვით შევცვალოთ ბევრი.