კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

10 რამ ფინანსების შესახებ, რის ცოდნასაც ზრდასრულობამდე ვისურვებდი

10 რამ ფინანსების შესახებ, რის ცოდნასაც ზრდასრულობამდე ვისურვებდი

6031
4.3 / 5

მიგიღიათ ცხოვრებისგან ისეთი ფინანსური გაკვეთილი, რომელზეც ისურვებდით, რომ უფრო ადრე, თუნდაც თინეიჯერობიდანვე გცოდნოდათ? ახლა კი ფიქრობთ, რომ მისი ცოდნა თქვენს შვილებსაც გამოადგებათ? ან იქნებ თქვენთვის ზუსტად ის ეტაპია, როცა ეს ყველაფერი უნდა გაიგოთ, რადგან მერე აღარ თქვათ, ნეტა ადრე მცოდნოდაო? მაშ ასე, წარმოგიდენთ 10 საკითხს ფინანსების შესახებ, რაც კარგი იქნებოდა გვცოდნოდა, სანამ ზრდასრულ ცხოვრებაში შევაბიჯებდით:

1. დაზოგვა არასდროსაა გვიანი

და არც ადრე. თუ მაგალითად მანქანის შეძენა გსურთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ამისთვის დაზოგვა რამდენიმე წლის წინ უნდა დაგეწყოთ და ახლა, სანამ თანხას შეაგროვებთ, კიდევ რამდენიმე წელი უნდა გავიდეს. უბრალოდ, შეხედეთ ამ ამბავს იმ რამდენიმე წლის გადმოსახედიდან - და დაიწყეთ დაზოგვა დღესვე, რადგან წლების შემდეგ, იგივე აღარ თქვათ. შეიძლება იმასაც ფიქრობდეთ, რომ დაზოგვისთვის ჯერ ახალგაზრდა ხართ და არც თქვენი შემოსავალია იმდენი, რომ დაზოგვად ღირდეს. თუმცა, ყოველთვიურად მცირე თანხის გადადებითაც კი გიგროვდებათ გარკვეული დანაზოგი და ამასთან, დაზოგვის ჩვევას გამოიმუშავებთ. 

2. შემოსავლის ზრდასთან ერთად ხარჯებიც იზრდება, ამიტომ იცოდეთ, რამდენს ხარჯავთ

თუ დანაზოგების შესაქმნელად მუდმივად შემოსავლის გაზრდას ელოდებით და არასოდეს იცით, რაში ხარჯავთ თანხას - დიდი ალბათობით, ვერც მეტი შემოსავლის პირობებში მოახერხებთ დაზოგვას. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ხარჯებიც ისე გაიზრდება, რომ ვერც კი გაიგებთ. როცა ადრიდანვე იწყებთ ხარჯების კონტროლს, შემდეგ უბრალოდ ჩვევაში გადადის და ყოველთვის იცით, სად ხარჯავთ მეტს და რომელი ხარჯის შემცირებაა შესაძლებელი. გაზრდილი შემოსავლის შემთხვევაში კი უკეთ შეძლებთ დანაზოგისთვის თანხის გადადებას, როცა ხარჯების კონტროლი შეგიძლიათ.

3. ბიუჯეტირების ჩვევის გამომუშავება არც ისე რთულია

ხარჯების აღრიცხვიდან ბიუჯეტირებამდე ერთი ნაბიჯია. აიღეთ ის პერიოდი, რომლის მიხედვითაც იღებთ შემოსავალს, მაგალითად 1 თვე და განსაზღვრეთ ყველა მისაღები შემოსავალი ამ 1 თვეში. ხარჯების ნაწილი კი წინა თვის ხარჯებზე დაყრდნობით შეადგინეთ. ეს იქნება თქვენი საპროგნოზო ბიუჯეტი თვის დასაწყისში. თვის ბოლოს კი ფაქტობრივი მაჩვენებლები ჩამოწერეთ და შეადარეთ საპროგნოზოს. ბიუჯეტის საწარმოებლად თქვენთვის მოსახერხებელი გზა აირჩიეთ - სპეციალური აპლიკაცია, ბიუჯეტის კალკულატორი, ექსელის ფაილი, ან თუნდაც ბლოკნოტი და კალამი. თავადაც ნახავთ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივია. 

4. "შავი დღისთვის" ფულის ქონა აუცილებელია

გაუთვალისწინებელი შემთხვევები მუდამ ხდება, რამაც შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ და მიმდინარე ხარჯები გაგიზარდოთ. სიტუაციასთან გამკლავება ბევრად გაგიადვილდებათ, თუ ასეთი შემთხვევებისთვის წინასწარ მოემზადებით და გარკვეული თანხა გექნებათ გადადებული. სასურველია, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგი სხვა დანაზოგებისგან ცალკე გქონდეთ და მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში გამოიყენოთ. 

5. სესხი სულაც არაა "ცუდი" რამ

თავიდან, სანამ სესხების გამოცდილება გექნებათ, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ სესხი „ცუდია“, ხარჯიანია და სარისკოა. რა თქმა უნდა, სესხის აღების შემთხვევაში გემატებათ ხარჯი და პასუხისმგებლობაც. თუმცა, გააზრებულად აღებული სესხი შესაძლებელია კარგადაც წაგადგეთ: მაგალითად, დაიფინანსოთ სწავლა, რაც თქვენს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია იქნება; ან ბიზნესი, რაც გაზრდილ შემოსავლებს მოგიტანთ. მთავარია, სესხის აღებამდე კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი შესაძლებლობები და გათვალოთ, რამდენად უპრობლემოდ შეძლებთ მის გადახდას.

6. თავიდანვე კარგი საკრედიტო ისტორიის შექმნა მნიშვნელოვანია

სავარაუდოდ, თქვენი პირველი სასესხო გამოცდილება განვადება, საკრედიტო ბარათი ან მცირე სახელფასო სესხი იქნება. მნიშვნელოვანია, თავიდანვე პასუხისმგებლობით მიუდგეთ მათ გადახდას და ყოველთვის დროულად გადაიხადოთ არსებული შენატანები, რათა შეიქმნათ კარგი საკრედიტო ისტორია. თუ კი სამომავლოდ უფრო დიდი მოცულობის სესხის აღება დაგჭირდებათ, მაგალითად ბინის შესაძენად, ან საკუთარი ბიზნესისთვის, კარგი იქნება, უკვე გქონდეთ საკრედიტო გამოცდილება, სადაც არ გექნებათ ვადაგადაცილებები. 

7. ბანკთან კითხვების დასმა "არ ტეხავს" და ყველაფერში უნდა გაერკვე

ბანკთან პირველი ურთიერთობა ახალი გამოცდილებაა და შესაძლოა ბევრი რამ თქვენთვის უცხო და გაუგებარი იყოს. გახსოვდეთ, რომ კითხვების დასმა სირცხვილი არ არის, რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს ის თქვენს თავში. ყოველთვის გაერკვიეთ ყველა საკითხში, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზების პირობებს, კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება და დაუსვით კითხვები ბანკის წარმომადგენელს, თუ კი რაიმე ბუნდოვანი იქნება. ყოველივე ეს დაგეხმარებათ აიცილოთ სამომავლო გაუგებრობები ბანკთან ურთიერთობისას და არ დაზარალდეთ ფინანსურად. 

8. უნდა ელაპარაკო ფინანსებზე იმ ადამიანს, ვისთან ცხოვრებასაც აპირებ

თუ დაქორწინებას, ან პარტნიორთან ერთად ცხოვრებას აპირებთ, სასურველია, წინასწარვე ილაპარაკოთ ფინანსურ საკითხებზე. ეს შეიძლება არც ისე რომანტიულად ჟღერდეს, თუმცა დაქორწინებამდე რიგი ფინანსური საკითხების გარკვევა და საერო ფინანსურ მიზნებზე შეთანხმება თანაცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს. ჰკითხეთ, როგორი საკრედიტო ისტორია აქვს თქვენს პარტნიორს? აქვს თუ არა მიმდინარე ვალდებულებები? ვინაიდან წარსულში ვადაგადაცილებებმა ან ბევრმა ვალდებულებამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ახალი სესხის აღებაში, მაგალითად, ბინის შესაძენად. ჰკითხეთ, რა ფინანსური მიზნები აქვს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში? როგორ დაგეგმავთ ოჯახის ფინანსებს თანაცხოვრების შემდეგ? 

9. ჩვენი ფინანსები თაღლითების  სამიზნეა

იფიქრეთ იმაზე, რომ ფინანსური თაღლითების სამიზნე თქვენც შეიძლება იყოთ. ისინი სხვადასხვა გზით მოქმედებენ: ყალბი წერილი, რომელიც თითქოსდა თქვენი ბანკისგანაა; მაცდური შეთავაზებები სოციალური ქსელების გამოყენებით რაიმეს მოგების შესახებ; ფულის დაბანდების სანაცვლოდ შემოთავაზებული მაღალი სარგებელი, რომელიც ბევრად აღემატება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს; მავნე პროგრამები, რომელთა საშუალებითაც თაღლითებს თქვენს მოწყობილობაში შეღწევა შეუძლიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. მათ შორის, არ შეიყვანოთ ეს ინფორმაცია საეჭვო ვებგვერდებზე, რომლებიც რაიმეს მოგებას ან გათამაშებაში მონაწილეობას გპირდებათ.   

10. შემოსავლის გაზრდის გზებზე დაფიქრება ყოველთვის ღირს

არ არის აუცილებელი სტაბილურ სამსახურს დაელოდოთ, ან მხოლოდ მისით დაკმაყოფილდეთ. დაფიქრდით, რისი კეთება გიყვართ და გამოგდით და თუ შეუძლია მას თქვენთვის შემოსავლის მოტანა. აქციეთ თქვენი ჰობი ბიზნესად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საქმიანობა თქვენი შემოსავლის ძირითადი წყარო არ გახდება, ის მაინც ახალ უნარებს და გამოცდილებას შეგძენთ.