18-19 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის" (OECD/INFE) განათლების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების რიგით მეორე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ახალ ციფრულ რეალობაში ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსურ განათლებას მიეძღვნა. აღნიშნულ ტექნიკური დახმარების პროექტში საქართველოს გარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია - არის ჩართული.
2 დღიანი ონლაინ კონფერენცია ორიენტირებული იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტისთვის ფინანსური განათლების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესზე, და ამ მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
კონფერენციას, გარდა პროექტის მონაწილე ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებისა, ასევე ესწრებოდნენ პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა შესაბამის ქვეყნებში ფინანსური განათლების ეროვნული ინიციატივების შემუშავება და დანერგვა.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების დონეზე რეგიონში და ფინანსური განათლების როლზე მათი ფინანსური კეთილდღეობის ამაღლების პროცესში. განხილული იყო ფინანსური განათლების ინიციატივების შემუშავების საუკეთესო მაგალითები, მათ შორის, ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება სასკოლო პროგრამებში, ასევე covid-19 პანდემიის გავლენა ფინანსური განათლების მიწოდების პროცესზე. მეორე დღე კი დაეთმო ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტზე გასვლის ახალი გზების ძიებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და სხვა ინოვაციური საშუალებების გამოყენებას მათთვის ფინანსური განათლების მიწოდების პროცესში.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვა ქვეყნებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების სხვადასხვა პროგრამების შემუშავების, მათ შორის ფინანსური განათლების სკოლებში დანერგვისა და მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით.
„ბავშვები და ახალგაზრდები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და ეროვნული ბანკი ამ სეგმენტისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს, რამდენადაც ფინანსური განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად და მისი გამომუშავება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით, რათა ფინანსური განათლების მიწოდება იყოს ეფექტიანი და პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.