საქართველოს ეროვნული ბანკი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების მასალის (მაგ.: ბროშურა, სახელმძღვანელო, ვიდეორგოლი და ა.შ. ნებისმიერი სხვა) გასავრცელებლად ფინანსური განათლების პორტალის - www.finedu.gov.ge (შემდგომში - ფინედუ) გამოყენებას სთავაზობს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საგანმანათლებლო მასალა?
დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული საგანმანათლებლო მასალა ფინედუზე გამოქვეყნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება აღნიშნულის ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიასთან (შემდგომში - სტრატეგია) თავსებადობა შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით.
როგორ და რა პირობებით მოხდება საგანმანათლებლო მასალის გამოქვეყნება?
მას შემდეგ, რაც შემოწმდება და დადასტურდება საგანმანათლებლო მასალის სტრატეგიასთან შესაბამისობა, დადასტურებულ მასალაზე გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა, მასალის სპეციფიკის გათვალისწინებით განთავსდება შესაბამის მენიუში, მიეთითება შემმუშავებელი ორგანიზაცია/პირი/ავტორი და გახდება უფასოდ და საჯაროდ ხელმისაწვდომი. მასალები შესაძლოა დამატებით გავრცელდეს ფინედუს სოციალური არხების საშუალებითაც.
რა ტიპის საგანმანათლებლო მასალა ექვემდებარება სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურებას?
სტრატეგიასთან შესაბამისობის დასადასტურებლად განკუთვნილი საგანმანათლებლო მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის: ბროშურა, სახელმძღვანელო, ტრენინგ-მოდული, გზამკვლევი, აუდიო და ვიდეომასალა, თამაში, აპლიკაცია და სხვა, გარდა ბლოგებისა, რომელთა ფინედუზე გამოქვეყნებაც გათვალისწინებულია სხვა, სპეციალური პირობებით.
როგორ ხდება საგანმანათლებლო მასალის სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურება?
დაინტერესებულმა პირმა, ფინედუზე გამოქვეყნების მიზნით, საგანმანათლებლო მასალა უნდა მიაწოდოს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ფინანსური განათლების განყოფილებას (შემდგომში: „ფინანსური განათლების განყოფილება“).
პირველ ეტაპზე ფინანსური განათლების განყოფილება განახორციელებს საგანმანათლებლო მასალის სტრატეგიასთან შესაბამისობის შემოწმებას. აღნიშნული შემოწმების ვადებს ფინანსური განათლების განყოფილება განსაზღვრავს ინდივიდუალურად, საგანმანათლებლო მასალის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე და პროცესის დასრულების სავარაუდო ვადის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის დაინტერესებულ პირს. შემოწმების შედეგები მომწოდებელ პირს ეცნობება შეთანხმებულ ვადებში.
წარმოდგენილი საგანმანათლებლო მასალის სტრატეგიასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ის გამოქვეყნდება ზემოაღნიშნული პირობებისა და არხების შესაბამისად.
როგორ ხდება საგანმანათლებლო მასალის მიწოდება?
დაინტერესებულმა პირებმა სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით საგანმანათლებლო მასალა უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@finedu.gov.ge, ელექტრონულ ფორმატში. კერძოდ, ბროშურის, სახელმძღვანელოს, ტრენინგ-მოდულის, გზამკვლევისა და სხვა ტექსტური მასალის შემთხვევაში - MS Word ან PDF ფორმატის ფაილების სახით, აპლიკაციისა და სხვა შემთხვევაში უნდა მიეთითოს შესაბამისი ბმული, ხოლო, დიდი ზომის ფაილებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფაილების გასაზიარებელი სხვადასხვა პლატფორმა, მაგ.: Wetransfer.com ან Google Drive. წერილის სათაურში მითითებულ უნდა იქნას დასახელება - "ფინანსური განათლების მასალების გამოქვეყნება ფინედუზე", ხოლო წერილის შინაარსში ინფორმაცია საგანმანათლებლო მასალის შესახებ:
- საგანმანათლებლო მასალის შემმუშავებელი პირ(ებ)ი/ავტორ(ებ)ი;
- საგანმანათლებლო მასალების სამიზნე სეგმენტი და აღნიშნული სეგმენტებისათვის მასალების მიწოდების/გავრცელების გზები თუ საშუალებები;
- საგანმანათლებლო მასალების ეფექტურობის შეფასების გზები და კრიტერიუმები;
- ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია საგანმანათლებლო მასალების სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე;
- საგანმანათლებლო მასალების მომწოდებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია. ორგანიზაციის შემთხვევაში - ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;
- იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო მასალა შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას, უნდა მიეთითოს ინფორმაციის წყარო. ავტორმა უნდა დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები. ავტორის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებზე საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი.
რა ვადით ხდება სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურება?
საგანმანათლებლო მასალებისთვის სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურება ხდება უვადოდ. თუმცა, ფინანსური განათლების განყოფილება იტოვებს უფლებას, გადახედოს საგანმანათლებლო მასალას და გააუქმოს სტრატეგიასთან შესაბამისობის სტატუსი, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო მასალა მოძველდა და აღარ შეესაბამება კონკრეტულ ნორმატიულ აქტს. ამ შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება შემმუშავებელს/ავტორს და შესაბამისი საგანმანათლებლო მასალა წაიშლება ფინედუს ვებგვერდიდან.
საგანმანათლებლო მასალის შემმუშავებლის/ავტორის მიერ განახლების შემდეგ, შესაძლებელია მისი ხელახალი გამოქვეყნება, რაც სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურების პროცესის ხელახლა გავლას გულისხმობს.
რა პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს საგანმანათლებლო მასალებში წარმოდგენილ პოზიციებსა და მოსაზრებებზე?
საგანმანათლებლო მასალების სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურება არ გულისხმობს, რომ მასში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ პოზიციებსა და მოსაზრებებს.
რა უფლებები გადაეცემა ფინედუს გამოქვეყნებულ საგანმანათლებლო მასალაზე?
ფინედუზე გამოქვეყნებულ საგანმანათლებლო მასალებზე საავტორო უფლება რჩება მასალების ავტორს, თუმცა, იგი აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების სტრატეგიასთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, თავის მხრივ, ეთანხმება პირობას, რომ ფინედუზე ატვირთული მასალები უფასოდ და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. ამასთან, მასალების სხვადასხვა არხებით გავრცელება და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს სოციალური ქსელებით გაზიარება შეუძლია ფინანსური განათლების განყოფილებას. ფინანსური განათლების განყოფილება არ აგებს პასუხს საგანმანათლებლო მასალების სხვა პირების მიერ კომერციული, სხვა მიზნებით ან/და ავტორის მითითების გარეშე გამოყენების შემთხვევებზე.
სად შეიძლება ინახოს დოკუმენტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ფინედუზე გამოსაქვეყნებელი საგანმანათლებლო მასალები?
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია - იხილეთ აქ.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური დოკუმენტი - "ფინანსური განათლების პროგრამებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების მაღალი დონის პრინციპები" - იხილეთ აქ.
ექნება თუ არა ფინედუზე გამოქვეყნებულ დაინტერესებული პირების მიერ შემუშავებულ მასალას რამე სპეციალური ნიშანი?
ფინედუზე გამოქვეყნებულ მასალას, მისი სპეციფიკისა და ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით, შესაძლოა დაემატოს ქვემოთ მოცემული ნიშანი.