ინფორმაცია მათთვის, ვისაც finedu.gov.ge-ზე ბლოგის გამოქვეყნება სურს
ფინანსური განათლება მომხმარებლების საბაზისო და ცხოვრებისეული კომპეტენციაა. არსებობს სპეციფიკური ცოდნა, რომელიც რიგ შემთხვევაში ამა თუ იმ ფინანსური ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებსა და პირობებს, რიგ შემთხვევაში კი კანონმდებლობის მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა, ან სულაც მათი გათვალისწინებით, ნებისმიერი რიგითი მომხმარებლის მხრიდანაც პოპულარულ ენაზე შეიძლება იყოს გადმოცემული. ეს ის თემებია, რომლებზეც საუბრობთ ოჯახის წევრთან, მეგობართან, თანამშრომელთან. მაშ, რატომ არ შეიძლება ამაზე ისაუბროთ უფრო ფართო აუდიტორიასთანაც? ჩვენი ბლოგების მენიუ ამის საშუალებას ნებისმიერ თქვენგანს აძლევს.
ზოგადად, ფინანსური განათლების ირგვლივ მიდგომები ხომ ინდივიდუალურია, ცალკეული ინდივიდის მიერ გაკეთებული ესა თუ ის არჩევანი და მიღებული გადაწყვეტილება ხშირად კონკრეტულ ვითარებასა და გარემო პირობებს ეფუძნება. ამიტომ, არ არსებობს ცალსახად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილებები. მთავარია, თითოეულმა მომხმარებელმა ყველა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მისთვის ყველაზე მისაღები და ხელსაყრელია. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ამ მოსაზრებების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად სწორედ ბლოგების პლატფორმა შემოგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, მაშინაც კი, როცა ბლოგში გამოთქმული ესა თუ ის კონკრეტული მოსაზრება ყველა ინდივიდისთვის ერთნაირად მისაღები არ იქნება, ის შესაძლოა მაინც საინტერესო იყოს მკითხველისთვის და სხვისი გამოცდილება საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგალითად, ვებგვერდის პირადი ფინანსების მართვის მენიუში პირადი ბიუჯეტის დაგეგმვის საჭიროებასა და დანაზოგების გაკეთების მნიშვნელობაზე არაერთ რჩევას წაიკითხავთ, თუმცა, საბოლოოდ ყოველი ადამიანი პირად ბიუჯეტს საკუთარი შეხედულებებით გეგმავს და ფინანსური მიზნებიც ინდივიდუალური იქნება. ამ თემის ირგვლივ, შესაძლოა, კონკრეტული ბლოგის ავტორმა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის გამოცდილება გაგვიზიაროს და აღმოჩნდეს, რომ მისი ხარჯების 30% სპორტულ დარბაზებში იხარჯება, ფულს კი ნეპალში სამოგზაუროდ აგროვებს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხარჯვის პრიორიტეტებიც და თანხის დაზოგვის მიზნებიც განსხვავებული ექნება, ბუნებრივია, ბლოგის ავტორის პირადი ბიუჯეტის მოდელი ვერ იქნება სამაგალითო. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა მოეწონოს ან გაიზიაროს მისი მიზანსწრაფულობა და ბიუჯეტის მართვისას გამოჩენილი დისციპლინა და მისი პრაქტიკული რჩევები უკვე საკუთარი ბიუჯეტის მოდელს მოარგოს.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში მოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორს. ამასთან, მასში მოყვანილ მოსაზრებებს შესაძლოა finedu-ს გუნდი სრულად ან ნაწილობრივ არ იზიარებდეს!
ვის შეუძლია იყოს finedu.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ბლოგის ავტორი?
ნებისმიერ პირს, რომელსაც საკუთარი მოსაზრებისა თუ გამოცდილების ფართო მასებისთვის გაზიარება სურს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩემი ბლოგი განთავსდეს finedu.gov.ge-ზე?
მასალა უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე info@finedu.gov.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი ან ფსევდონიმი, რომლითაც მასალის გამოქვეყნება გსურთ.
ამასთან, თუ ბლოგპოსტში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ბლოგპოსტის ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
რა პირობების დაცვა მოითხოვება იმისათვის, რომ ჩემი მასალა ვებგვერდზე გამოქვეყნებისთვის ვალიდურად ჩაითვალოს?
- მასალა პირდაპირ ან ნაწილობრივ უნდა ეხებოდეს ფინანსური განათლების თემებს, მათ შორის, ისეთებს, როგორებიცაა: პირადი და საოჯახო ფინანსები, ბიუჯეტირება; სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის მზაობა; დაზოგვა; სესხება; გადასახადები; დაზღვევა; ფინანსური უსაფრთხოება; მცირე მეწარმეობასთან დაკავშირებული ფინანსები; მომხმარებლების უფლებები; ინვესტირება (სრულად იხილეთ „საქართველოს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის“ 45-ე პუნქტით დადგენილი ძირითადი საკითხების ჩამონათვალი);
- ბლოგპოსტი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ფინედუს ვებგვერდისათვის;
- ბლოგპოსტის ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 300 და არაუმეტეს 1,000 სიტყვას;
- ბლოგპოსტი უნდა იყოს გასაგები ენით გადმოცემული;
- ბლოგპოსტი და/ან მასში გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი ან/და არ არღვევდეს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
- თუ მასალაში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც ბლოგის ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო.
ვებგვერდის მმართველი გუნდი იტოვებს უფლებას, ავტორისთვის მიზეზის მითითების გარეშე მიღებული მასალა არ გამოაქვეყნოს ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში მოხდება მასალის ავტორის ინფორმირება.
თუ ჩემი ბლოგი გამოქვეყნდა, მის რედაქტირებას/კორექტირებას თუ მოახდენთ?
მასალა გამოქვეყნდება იმ სახით, როგორც მას თქვენ მოგვაწვდით, ჩვენ მის კორექტირებას არ მოვახდენთ.
თუ ჩემი ბლოგი გამოქვეყნდა, ამ მასალაზე რა უფლებები გადაეცემა ვებგვერდს?
ბლოგი ვებგვერდზე გამოქვეყნდება თქვენი, როგორც ავტორის მითითებით. თუმცა, მასზე საკუთრების უფლება გადაეცემა FinEdu-ს ვებგვერდს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სხვა არხებით, მათ შორის, სოციალური ქსელით გავრცელება, სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება, ასევე, მასალის ვებგვერდიდან წაშლა მხოლოდ FinEdu-ს გუნდის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს. ბლოგი, ისევე, როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვა მასალა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაზიარებისთვის.