კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მაღალსარგებლიანი დაბანდება ტექნიკურ დახმარებასთან ერთად

მეტა_აღწერა_აქ
ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად კიბერუსაფრთხოების ზომების გამკაცრება ნელ-ნელა აუცილებელი ხდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელდა თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც მოგების გარდა ტექნიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობს მომხმარებლებს. 

თუ თქვენთვის საინტერესოა მაღალსარგებლიანი ვირტუალური დაბანდებები, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ მცირე დანაზოგის ამ ტიპის აქტივებში მიმართვა არც ისე სარისკოა და ცდად ღირს, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება შესაძლო თაღლითობის ამ სქემაზე უნდა გაამახვილოთ.

 

როგორ ახერხებს თაღლითი მომხმარებლის თანხების მითვისებას?

 

ამ სქემაში პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება მიმზიდველი შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით იწყება - სარეკლამო რგოლები, სოციალურ არხებითა თუ სხვა პირადი შეთავაზებების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი მოგების დაპირებას იძლევიან. დაბანდება ხშირად ვირტუალური აქტივის (მაგალითად ე.წ. კრიპტო-ვალუტის) შეძენასა და, იმავდროულად, ტექნიკურ დახმარების შეთავაზებასაც მოიცავენ.  

დაინტერესებული მომხმარებლების გამოჩენის შემთხვევაში თაღლითები, პირველ ეტაპზე, მისი ნდობის მოპოვებაზე იწყებენ მუშაობას. ამ მიზნით კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მაგალითად, მომხმარებელს პერიოდულად მცირე „სარგებელს“ ურიცხავენ, სხვადასხვა  მხარდაჭერას უწევენ და ა.შ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ნდობა მოპოვებულია, თაღლითები თანხის დაბანდებაში ტექნიკური დახმარების შეთავაზებაზე გადადიან. 

რამდენადაც თანხის დაბანდება ვირტუალურად ხდება, ამდენად, ტექნიკური საჭიროებაც შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, მაგალითად, სპეციალური აპლიკაციიის (პლატფორმის, ბირჟის და სხვა) ინსტალაცია, განახლება და სხვა. ზემოხსენებული „დახმარების“ გასაწევად მომხმარებლისათვის ხდება ისეთი აპლიკაციებისა თუ პროგრამების (მაგ., „anydesk“, „TeamViewer” და ა.შ.) ჩაწერის შეთავაზება, რომლებიც მომხმარებლის მოწყობილობაში (ლეპტოპი, მობილური ტელეფონი) დისტანციურად შემოსვლის საშუალებას მისცემთ. ასეთი პროგრამები მომხმარებლის ეკრანზე ნაჩვენებ გამოსახულებას გადასცემენ სხვა პირების (ამ შემთხვევაში, თაღლითების) მოწყობილობებს და შედეგად, ორივე მათგანი ერთსა და იმავე, მომხმარებლის ეკრანზე არსებულ, გამოსახულებას ხედავს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარდა ხედვისა, დამატებით, შესაძლებელი ხდება მოწყობილობაზე ქმედებების შესრულებაც. 

მომხმარებელი თაღლითის მითითებას - შევიდეს მობილბანკსა თუ ინტერნეტბანკში, რათა გადარიცხოს დასაბანდებელი თანხა, „დამხმარემ“ აუხსნას საინვესტიციო პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა და ვიზუალურად აჩვენოს, და ა.შ. - ემორჩილება, რადგან ამას დახმარების ნაწილად აღიქვამს. თუმცა, ვერ ითვალისწინებს, რომ როგორც კი გახსნის საბანკო აპლიკაციას, თაღლითსაც ავტომატურად ეძლევა მომხმარებლის ანგარიშებზე წვდომა თუ სხვა, დამატებით ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა (მაგალითად, მომხმარებლის სახელზე სესხის აღება ან მისი ანაბრის დარღვევა), საბოლოოდ კი თანხების სხვა პირების ანგარიშზე გადარიცხვის ან/და ე.წ. კრიპტო-ვალუტის შეძენის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ოპერაციების დასტურად საბანკო აპლიკაციები, დამატებით დასტურს ითხოვენ, არც მათი მოპოვება ხდება რთული, რადგან თაღლითებს მოწყობილობებზე წვდომიდან გამომდინარე წვდომა, ასევე, აქვთ მომხმარებელთან მოსულ SMS შეტყობინებებზეც.

 

როგორ მივხვდეთ, რომ შეთავაზება თაღლითურია?

 

  • დააკვირდით შემოთავაზებას - გახსოვდეთ, მაღალი ან განსაკუთრებული სარგებლის მიღების შესაძლებლობა უკვე საეჭვოა და სკეპტიკურად შეხედეთ ყველა ამგვარ შესაძლებლობას. 
  • ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გაარკვიეთ, ვისგანაა ეს შემოთავაზება, არის თუ არა ის ლიცენზირებული ორგანიზაცია, მოიპოვება თუ არა მათზე ინფორმაცია ოფიციალურ და სანდო წყაროებში; (საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.)
  • ყურადღებით დააკვირდით, პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ჩაწერასაც გთხოვენ, მობილური ტელეფონიდან ფუნქციისთვის შეუსაბამო წვდომის უფლებებს ხომ არ ითხოვს;
  • თუ უცხო პირი სპეციალური პროგრამების საშუალებით (მაგალითად „Anydesk“, “TeamViewer”) თქვენს მობილური ტელეფონსა თუ ლეპტოპზე შემოსვლის ნებართვას გთხოვთ, უნდა გახსოვდეთ, რომ რეალურად ეს ნებართვა ამავე მოწყობილობაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე (SMS-ები, სურათები, მიმოწერები და ა.შ) წვდომასაც მოიცავს და იმავდროულად, ნებისმიერ სხვა, მათ შორის, ფულთან დაკავშირებულ ქმედებას, რასაც თავად გააკეთებდით ამ მოწყობილობის საშუალებით (მაგ. მობილბანკში შესვლა და ტრანზაქციები, სხვა პირად კონტაქტებთან დაკავშირება და თანხის მოთხოვნა).

 

სხვა გავრცელებული თაღლითობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ