ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა.
აღნიშნული ცლილებებით დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს -პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ. შედეგად, საქართველოს ბაზარზე დღეს უკვე ორი ახალი ბიზნესსუბიექტი ფუნქციონირებს, სახელწოდებით "საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა" (ქვემოთ შემოკლებით მათ პლატფორმის სახელწოდებითაც მოვიხსენიებთ).
ახალი ტიპის ორგანიზაციის არსსა და დანიშნულებაში გასარკვევად სიახლეს სხვადასხვა კუთხით განვიხილავთ.
რას ნიშნავს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა და რა განასხვავებს მას საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან?
ორივე ტიპის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის მთავარი იდეაა საკრედიტო ინფორმაციის მიღება და დამუშავება და შედეგების/რეპორტის სხვა დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება.
საკრედიტო საინფორმაციო ბიურო აგროვებს, ინახავს და სხვადასხვა სახით ამუშავებს მომხმარებლის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას, რის შემდეგაც, მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტების სახით გადასცემს, როგორც საფინანსო, ისე სხვა ტიპის ორგანიზაციებს.რაც შეეხება საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმას, ის მხოლოდ აგროვებს, ამუშავებს და გასცემს ამგვარ ინფორმაციას.
მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ბიუროსგან განსხვავებით პლატფორმა საკრედიტო ინფორმაციას არ ინახავს და მის წინაშე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არც სესხის გამცემ ორგანიზაციებს აქვთ.
ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პლატფორმა უფლებამოსილია, პირის თანხმობის შემთხვევაში, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მიიღოს, დაამუშაოს და მესამე პირს გადასცეს ამავე პირის შესახებ საკრედიტო და არასაკრედიტო ინფორმაცია.
როგორია ისტორია და რამ განაპირობა საკრედიტო საინფორმაციო ბიურო-პლატფორმის შექმნის საჭიროება?
2018 წლის მეორე ნახევრიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროები საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცა, რაც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ცვლილებით განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნისთვის კი მნიშვნელოვანი იყო, ერთი მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის სანდო, უტყუარი, ობიექტური და მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მიწოდება და აღრიცხვა და, მეორე მხრივ, ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ცვლილებებმა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად ყველა საფინანსო ორგანიზაციას ბიუროსთვის მომხმარებლის შესახებ საკრედიტო ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდება სავალდებულო წესად განუსაზღვრა.
2023 წლამდე საქართველოში ერთადერთი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო სს "კრედიტინფო საქართველო" (კრედიტინფო) არსებობდა. კრედიტინფო 2005 წლიდან ფუნქციონირებს და, შესაბამისად, საკრედიტო ისტორიების ერთადერთ დაგროვილ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას ფლობს.
პლატფორმის შექმნის საჭიროება, ძირითადად, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას უკავშირდება. საზედამხედველო ფუნქციების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეცვლაც, ასევე, მნიშვნელოვანია. ბაზარზე განსხვავებული ფინტექსუბიექტების შემოსვლით მომხმარებელს ახალი შეთავაზებების მიღების შესაძლებლობა უჩნდება, რაც თავისუფალი კონკურენტული გარემოს განვითარების ხელშეწყობის საფუძველიცაა.
რატომაა ხელსაყრელი პლატფორმის სერვისები მომხმარებლისა და საფინანსო ორგანიზაციებისათვის?
პლატფორმა მომხმარებელსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს და ხელსაყრელია როგორც მომხმარებლებისათვის, ისე საფინანსო ორგანიზაციებისათვის.
პლატფორმების ბაზარზე გამოჩენა მომხმარებელს კონკურენტულ გარემოზე მარტივად წვდომისა და ხელსაყრელი შემოთავაზებების მიღების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ის დაინტერესებული მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე იწყებს პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციებიდან შემოთავაზებების შეკრებას და საუკეთესო პირობების მქონე წინადადების მიწოდებას. ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებელმა თავად მიმართოს სხვადასხვა ორგანიზაციას და იპოვოს საუკეთესო შემოთავაზება, ეს შეუძლია ერთჯერადი განაცხადის შევსებით, ონლაინაც გააკეთოს პლატფორმის საშუალებით.
მეორე მხრივ, პლატფორმით საკუთარი ფინანსური პროდუქტების გაყიდვა ხელსაყრელია საფინანსო ორგანიზაციებისთვისაც. როგორც გაყიდვის დამატებითი არხი, ის შესაძლოა გარკვეულწილად შეღავათის საშუალებასაც აძლევდეს პროდუქტებზე, რადგან საჭირო მონაცემების დამუშავებას, ისევე, როგორც მომხმარებლების მოზიდვას მისთვის უკვე პლატფორმა გააკეთებს. იმავდროულად კონკურენციის გათვალისწინებით ის მოტივირებული იქნება ოპტიმალური ფასი შესთავაზოს მომხმარებელს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პლატფორმის მიერ გაწეული მომსახურება მომხმარებლისთვის უფასოა.
როგორია მიმდინარე მდგომარეობა საკრედიტო საინფორმაციო ინფორმაციის პროვაიდერების ბაზარზე და რა მოლოდინი არსებობს?
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში დღეს მოქმედებს ერთი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, იმავდროულად კი მზარდია ინტერესი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო-პლატფორმების დასარეგისტრირებლად.
კრედიტინფო ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას - ის წლების მანძილზე აგროვებდა, აახლებდა მომხმარებლის საკრედიტო ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი ბაზაა როგორც საფინანსო ორგანიზაციებისათვის, ისე პლატფორმებისთვის.
არსებობს მოლოდინი, რომ სამომავლოდ პლატფორმების რიცხვიც გაიზრდება და ისინი მომხმარებლებს ახალ სერვისებს შესთავაზებენ. ეს კი შეცვლის არსებულ გარემოს, გაზრდის კონკურენციას, შემოიტანს ინოვაციურ პროდუქტებს და, შედეგად, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაუადვილებს.
ყველა პლატფორმა ციფრული იქნება, თუ მომხმარებელს ოფისშიც მოემსახურება?
არსებული პლატფორმების მომსახურება მომხმარებლისთვის ციფრულია. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვები არ არსებობს და ბიზნესმოდელიდან გამომდინარე საოფისე სერვისიც გამორიცხული არ არის.
სამართლებრივი მხარე და პერსონალური ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფა
პლატფორმის რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვას, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო-პლატფორმა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან წამოღებულ ინფორმაციას არ ინახავს, ხოლო სხვა არხებით მოძიებული ინფორმაციის შენახვას ის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.