კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეულისადმი მიძღვნილი ბლოგების კონკურსი

GMW
გლობალური ფულის კვირეული, მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს გარშემო 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

გლობალური ფულის კვირეულის (შემდგომში - „კვირეული“) აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორებთან ერთად, წელს მერვედ უერთდება. მიმდინარე წელს კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“ (Build your future, be smart about money!)

კვირეულისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიისა და აქტივობების ფარგლებში, ცხადდება ბლოგების კონკურსი სახელწოდებით „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“, რომელიც 2022 წლის 4 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება. კონკურსის მიზანია ფულისა და ფინანსური განათლების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონკურსი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ორგანიზებით, სს „ბაზისბანკის“, სს „ლიბერთი ბანკის“, სს „თიბისი ბანკის“, სს „კრედო ბანკის“,  სს „საქართველოს ბანკისა“ და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და „ფეისბუქის“ გვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნდება და ფულისა და ფინანსური განათლების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

 

კონკურსის ტიპი 

 

ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნამუშევარს დადგენილ ვადებში. 

განცხადების გამოქვეყნების თარიღი: 4 მარტი, 2022 წ. 

 

კონკურსის პირობები

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ნაშრომის მომზადება-წარმოდგენისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები: 

1. ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ფულისა და ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხელს უწყობდეს ფართო საზოგადოებაში ფინანსების მიმართ გონივრული დამოკიდებულებების ფორმირებას, მათ შორის, იმას, რომ ფინანსური საკითხები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მასზე ფიქრი, მსჯელობა და განხილვა საინტერესო და საჭიროა. მონაწილეებს შეუძლიათ განიხილონ ფული განსხვავებული, საინტერესო, არასტანდარტული რაკურსითაც, მაგალითად, ისტორიის, ლიტერატურის, მუსიკისა თუ ხელოვნების სხვა დარგების, ფსიქოლოგიის და ა.შ. ჭრილში. არასტანდარტული რაკურსით ფულთან დაკავშირებულ თემებს დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ფინედუს „ფეისბუქ“ რუბრიკაში „Finოსოფიური დღიურები“. (იხ. ბმული)

2. ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში; 

3. წარმოდგენილი ნამუშევრის ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 300 და არაუმეტეს 800 სიტყვას; 

4. ნამუშევარი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისათვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან პროფესიული სეგმენტისათვის; 

5. ნამუშევარი და/ან მასში გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ უნდა იყოს ატენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს; 

6. თუ ნამუშევარში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები და შესაბამისი ციტირების სტანდარტები. 

 

ნამუშევრების წარმოდგენის ფორმა და ვადა: 

 

1. წარმოდგენილი ნამუშევარი მოწოდებული უნდა იყოს „Microsoft Word-ის“ ან „PDF“ ფაილის ფორმატით;

2. კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@finedu.gov.ge და დაელოდოს მიღების დასტურს. კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „ბლოგების კონკურსი“, ხოლო წერილის შინაარსში - თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ქალაქი. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სურს თავისი ნამუშევრის ფსევდონიმით გამოქვეყნება, წერილში ასევე უნდა მიუთითოს ფსევდონიმი; 

3. კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს არაუგვიანეს 2022 წლის 18 მარტისა. 

 

ნამუშევრების მიღების, განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები: 

 

1. შემოსული ნაშრომები ეგზავნებათ ჟიურის წევრებს ავტორის მიუთითებლად; 

2. ნამუშევრების განხილვასა და შეფასებას მოახდენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით: 

  • საქართველოს ეროვნული ბანკი,
  • სს „ბაზისბანკი“,
  • სს „საქართველოს ბანკი“,
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“,
  • საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაცია,
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

3. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • საუკეთესო პრაქტიკული რჩევები;
  • თემის ორიგინალურობა/გადმოცემის ორიგინალური სტილი.

4. ჟიურის ერთობლივი შეფასების საფუძველზე შეირჩევა არაუმეტეს 17 ნამუშევარი. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს მასალები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი, თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს;

5. გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე: www.finedu.gov.ge და მის „ფეისბუქის“ გვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge, 2022 წლის 25 მარტს. ნამუშევრები გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე მასალების გამოქვეყნებისთვის დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად (იხ. ბმული). „ფინედუ“ იტოვებს უფლებას, ნამუშევარი გააფორმოს ვიზუალური ელემენტებით, საკუთარი შეხედულებისამებრ;

6. ნაშრომებსა და მათ ავტორებზე, რომლებიც ვერ მოხვდნენ  შერჩეულ ნამუშევრებში, ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არც ჟიურის წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია ავტორებთან დაკავშირებით; 

7. 2022 წლის 25 მარტს  გამოვლინდება სულ 17 გამარჯვებული;

8. ქვემოთ მოცემული პუნქტების შესაბამისად, თითოეული გამარჯვებულისთვის 500 (ხუთასი) ლარიან ფულად კონტრიბუციას გამოყოფენ და გამარჯვებულის სახელით უკრაინის დახმარების/განვითარების ფონდში გადარიცხავენ ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები, თითოეული კონტრიბუციის თანხას გამოყოფს შემდეგი ოდენობით:

  • სს „საქართველოს ბანკი“ –  4 გამარჯვებულისათვის;
  • სს „ბაზისბანკი“ - 4 გამარჯვებულისათვის;
  • სს „ლიბერთი ბანკი“- 4 გამარჯვებულისთვის;
  • სს „თიბისი ბანკი“ - 2 გამარჯვებულისათვის;
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ – 2 გამარჯვებულისათვის;
  • სს „კრედობანკი“ – 1 გამარჯვებულისათვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ გამარჯვების სერტიფიკატები, სადაც მითითებული იქნება, ასევე, ინფორმაცია კონტრიბუციის შესახებ.

9. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა 17-ზე ნაკლები ნამუშევარი, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილოს ნამუშევრებიდან გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების განსხვავებული წესი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

- მისამართი: საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 

- ცხელი ხაზი: (+995 32)2406406 

- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge

- ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/ 

- „ფეისბუქის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/