კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მე ანაბარი ვარ, სახელად ბარაქა

მე ანაბარი ვარ, სახელად ბარაქა

2382
4.5 / 5

გამარჯობა,

მე ანაბარი ვარ, ჩემი პატრონი ზოგჯერ ბარაქას მიძახის. სულ რამდენიმე წლის წინ დავიბადე და დარიცხული სარგებლის პროცენტით უკვე დიდი ვარ, ჭკუაც მომეკითხება. ამიტომ, მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიარო და, თუ რამდენიმე წუთს გამოყოფ, მოგიყვები, რას ნიშნავს თანხის დაზოგვა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.

ბავშვობაში მოცემული ჯიბის ფულიდან თუ სულ ცოტა მაინც მეორე ჯიბეში გადაგიდია და რამდენიმე დღის შემდეგ ყველაზე გემრიელი და ჩვეულებრივზე ძვირიანი ნაყინი გიყიდია, გამოდის, რომ ფულის დაზოგვაში გამოცდილება გქონია.

ჩემს პატრონს დიდი ხანია, აზიაში მოგზაურობა და ვლოგის მომზადება უნდა. მაგრამ ყოველდღიური სურვილების დაკმაყოფილებას და თან სამოგზაუროდ თანხის დაგროვებას თავისი ხელფასით ვერ ახერხდება. სულ წუწუნებდა, ფული არ მყოფნისო, მაგრამ თურმე მშვენივრად ჰყოფნის, თუ სწორად გადაანაწილებს. თავიდან დაზოგვა სწორედ მოგზაურობის მიზნით დაიწყო, მგონი, საკმაოდ კარგი მოტივატორი იპოვა სტარტისათვის, შემდეგ მიხვდა, რომ სამომავლო გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც არ იქნებოდა ურიგო თანხის გადადება. რა თქმა უნდა, შეგიძლია, უბრალოდ "რა იცი რაში დამჭირდეს" პრინციპით დაზოგო, მაგრამ, როცა არ იცი, კონკრეტულად რისთვის ზოგავ ფულს, არ არის გამორიცხული, ოციოდე ლარის სამომავლოდ გადადებას მეგობრის ჭიქა ყავაზე დაპატიჟება არჩიო.

მოკლედ, ჩემი პატრონის შემხედვარეს, შემიძლია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა გაგიზიარო.

  • ცოდვა გამხელილი სჯობსო და სიგარეტს ეწეოდა. თანხის დასაზოგად თავი დაანება მოწევას. იცით ხომ, როგორი ძვირიც ღირს? მარტო ამ გზით კვირაში 30 ლარამდე ზოგავდა;
  • გასაგები მიზეზების გამო რამდენიმე თვე სახლიდან მუშაობდა, ამ პერიოდში გარეთ სიარულისა და ტანსაცმლისთვის საჭირო გაუხარჯავი ფული პირწმინდად მიამატა დანაზოგს;
  • ადრე სამსახურში სულ მანქანით დადიოდა, არადა ნახევარი საათის სავალზეა, საცობში იჭედებოდა და მერე გაბრაზებული იყო. ახლა ფეხით დადის ან თუ ეზარება, ავტობუსს იშველიებს ხოლმე;
  • დილით ყავას ყოველთვის კაფეში ყიდულობდა, ახლა თავად დაიწყო სახლში ყავის მოდუღება და უფრო იაფად გამოდის, თან ყავის ტექნიკაც "დაამუღამა";
  • როცა რამეზე  ნაწყენი ან გაბრაზებული იყო, მოლში მიდიოდა და ხან ახალ შარვალს ყიდულობდა, ხან სვიტერს, არადა სულ არაფერში სჭირდებოდა. ახლა ჭკუა ისწავლა და ასეთ დროს ფილმს უყურებს ან ფეხით სეირნობს ხოლმე;
  • ოთახებში შუქს რომ აანთებდა, აღარ აქრობდა და ზოგჯერ ღამეც  ასე ტოვებდა. დღეს უკვე თუ თავად არ სჭირდება, სინათლეს ტყუილად აღარ ანთებს;
  • მაღაზიიდან რომ ამოვიდოდა და ხურდა მორჩებოდა, საგანგებოდ დადებულ ყულაბაში ჩაუძახებდა ხოლმე;
  • გარეთ ჭამის ნაცვლად სახლში დაიწყო საჭმლის კეთება, თან ცოტა დაიკლო კიდეც;
  • თუ გაუმართლებდა და ბონუსს ან პრემიას მიიღებდა სამსახურში, აღნიშვნის მაგიერ დანაზოგზე შემოქონდა.

ამიტომ თქვენც ისევე, როგორც ჩემმა პატრონმა, პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ და რაღაცები შეცვალოთ თქვენს ქცევაში. როგორც უკვე დაგანახეთ, რთული არაფერია.

ასე დაზოგილ  ყოველდღიურ თანხას ერთ დიდ ყულაბაში ყრიდა, თავიდან გაოცებული იყო, ამდენ ფულს გამოდის არაფერში ვხარჯავდიო,  თვის ბოლოს კი ბანკში შემოჰქონდა და მეც ვიზრდებოდი.

გარდა იმისა, რომ თანხას თანხად ინახავს, უფრო პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი გახდა, თან ერთ-ორ მავნე ჩვევაზე უარი თქვა.

რამდენიმე კვირის წინ კბილი ასტკივდა და ფულის სესხება აღარ დასჭირდა, შავი დღისთვის გადანახული ჰქონდა ფული ჩემი სახით.

ალბათ, შენც ბევრჯერ გიცდია თანხის დაზოგვა, მაგრამ არ გამოგივიდა.

აი, მე მგონია, რომ საკმარისად ბევრი არ გიფიქრია დაზოგვის მნიშვნელობაზე:

  • როცა თუნდაც მცირე თანხა გადანახული გეგულება, უფრო მშვიდად ხარ;
  • დაზოგილი ფული მეტ თავისუფლებას გაძლევს და,
  • როცა დრო გამოგიჩნდება ან საკმარისი თანხა მოგიგროვდება, შეგიძლია ისეთი რამ გააკეთო, რისი გაკეთების უფლებასაც ჩვეულებრივ პირობებში შენს თავს ვერ მისცემდი.

დაფიქრდი, იქნებ შენი ამჟამინდელი მიზანი საკმარისად სასურველი არაა საიმისოდ, რომ  თანხის დაზოგვა დაიწყო. ამ დროს რამე ახალი უნდა მოიფიქრო, ისეთი რამ, რაც გულით გინდა. ჰოდა, გვერდზე დატოვე ხელის შემშლელი ფრაზები და მომავალი ორშაბათიდან დაწყების იმედად ნუ დარჩები.

აი, ერთი თვეც და ჩემი პატრონი იმაზე მეტ თანხას დააგროვებს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდა. აზიიდან რომ ჩამოვა, მერე ვლოგის ბმულსაც დაგილინკავთ. ამასობაში კი კარგად დაფიქრდი, მგონი, გიღირს სულ ცოტა თანხის გადანახვა მაინც და დაიმახსოვრე, რომ ფულის შოვნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი დაზოგვაა.