კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ტოსკანა, ნაპოლი და იტალიური შემოდგომა ანუ დანაზოგებიდან მიზნებამდე

ტოსკანა, ნაპოლი და იტალიური შემოდგომა ანუ დანაზოგებიდან მიზნებამდე

4776
4.1 / 5

დაზოგვაზე მე ისეთი რა უნდა გითხრათ, რაც აქამდე არ გსმენიათ. მაგრამ, რადგან სანათესაო-საახლობლოში თავშენახულ ქალად მიცნობენ, ერთი-ორ სიტყვას მეც გეტყვით როგორ შევინახოთ ფული და გავიხაროთ გული (მოგვიანებით). სანამ ჩემს მთავარ სათქმელთან მივალ, რომელიც ჩემეული დაზოგვის ორ ძირითად მიმართულებას ეხება, ჯერ „დაზოგვ“-ის მნიშვნელობა განვიხილოთ. ამ სიტყვას უამრავი შესატყვისი აქვს ქართულ ლექსიკონში, ისევე როგორც დამზოგველს (ეს ის ტიპია, ვინც ფულს ინახავს). რამდენიმე გავრცელებული ვარიანტია: ფულის გადანახვა, შავი დღისთვის გადადება, ყაირათიანი ხარჯვა (შესაბამისად, ყაირათიანი), მომჭირნეობა (შესაბამისად, ხელმომჭინე), „მოჟოშკვა“ (შესაბამისად, „ჟოშკა ტიპი“, წუწურაქი, ძუნწი). ეს სიტყვები ერთმანეთის ზუსტი ანალოგები არაა. ზოგიერთს შორის სხვაობა მცირეა, მაგალითად, გადანახვა/გადადება. ზოგიერთს შორის კი დაპირისპირებაც კი იგრძნობა, მაგალითად, დაზოგვა/„მოჟოშკვა“. სიტყვები გვეუბნება ფულის ხარჯვა-შენახვის რომელ გზას მისდევს ესა თუ ის ადამიანი. გარკვეული ემოციური განწყობაც გვაქვს თითოეულის მიმართ. თუ ვინმეს ყაირათიანად დაახასიათებენ უმალ ჭკვიან, გამჭრიახ და შორსგამხედავ ადამიანს წარმოვიდგენთ. თუ იტყვიან ძუნწიაო, თვალწინ დაგვიდგება გაუხარელი და შეშინებული ტიპი, თავის ფულს რომ დაჰკანკალებს  (შესაძლოა სხვისი ნაშრომიც იყოს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მოპოვების გზებს, ეს ბლოგი ხომ ხარჯვა-შენახვაზეა) და პურის ყიდვაზე ნერვიულობს -  საერთო თანხიდან მაკლდებაო. მოკლედ, შენახვას (ხარჯვასაც) თავისი ხასიათი აქვს და მე ჩემსას გეტყვით.

როგორც უკვე ვთქვი, ფულს ვინახავ ძირითადად ორი მიმართულებით გამოსაყენებლად. პირველი პრაქტიკული მნიშვნელობისაა და მეორე, მუშაობისთვის საჭირო ძალების გამონახვაში მეხმარება. იმისათვის, რომ ჩემი შემოსავლის გარკვეული ნაწილი გადავინახო სამომავლოდ დასახარჯად, მჭირდება მყარი მოტივაცია და ზუსტი გათვლები. ზოგადად, ფულის გადანახვას მაშინ ვიწყებთ, თუ ჩვენ მიერ ერთ ან ორ თვეში გამომუშავებული თანხა, არაა საკმარისი გარკვეული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიზანი თუ სურვილი რეალურად ერგებოდეს ჩვენ შესაძლებლობებს. პირობითად რომ ვთქვათ, თვიური 1,000 ლარიანი შემოსავლით შეუძლებელია ბინის ყიდვა, მაგრამ კარგ პალტოს და ჩექმას გაწვდება თუ გაზაფხულზევე დავიჭერთ თადარიგს. მაშ ასე, თუ ვაგროვებ, უნდა ვიცოდე რისთვის და აუცილებლად უნდა დავხარჯო დანიშნულებისამებრ. ეს მეხმარება შევინარჩუნო მოტივაცია და მომავალში უფრო მეტი ენთუზიაზმით შევუდგე ჩემი მიზნებისთვის თანხის გადადებას.

ჩემს ბიუჯეტში თანხები გადანაწილებულია ისე, რომ კვების, ტრანსპორტის, მეგობრებთან შეხვედრის და სხვა ყოველდღიური ხარჯების გარდა, ფულის გარკვეული ნაწილი მოხმარდეს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და რაც მთავარია, თანხები უნდა გადაიდოს დასვენებისთვის.

ესაა დანაზოგის ხარჯვის ის ორი მიმართულება, რომელიც ზემოთ ვახსენე. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ვეძახი საოჯახო ტექნიკის შეძენას, დაზიანებული ავეჯის გამოცვლას, მინი რემონტებს (ჩემ შემთხვევაში). ასეთი ხარჯებისთვის ვამჯობინებ მოკლევადიანი, ძირითადად ექვს თვიანი, განვადების გაკეთებას. ჩემთვის განვადება/მოკლევადიანი სესხიც დანაზოგია, რადგან როგორც წესი, პროდუქტს ძალიან არ აძვირებს, სამაგიეროდ  „იძულებულს მხდის“ კონკრეტული თანხა ზუსტად სესხის დასაფარად გავითვალისწინო ყოველი თვის ბიუჯეტის დაგეგმვისას. რადგან ჩემი ხელფასი მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქსტატის მიერ დათვლილ ქალის საშუალო ხელფასს, ვცდილობ, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ ასცდეს ას ლარს. ეს ზოგჯერ არაა საკმარისი კონკრეტული ნივთის თუ მომსახურების შესაძენად. ასეთ შემთხვევაში, ღირებულების გარკვეულ ნაწილა ვიხდი თავიდანვე და შემდეგ ვაკეთებ განვადებას. ასე ვიყიდე ბლენდერი, პურის საცხობი, მტვერსასრუტი, სახცობი და ა.შ. 

ვიდრე უმთავრეს და უსაყვარლს დანაზოგზე გადავიდოდე მინდა გითხრათ, რომ არასოდეს, არასოდეს არ ვაკეთებ ეკონომიას საკვებ პროდუქტებზე (და არა კვებაზე. ეს ორი სხვადასხვა რამეა. მაგალითად, სახლში მომზადებული სადილი გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე რესტორანშიან თუნდაც ე.წ. fast food-ში), მანქანის ნაწილებზე და ჯანმრთელობაზე. ამის მიუხედავად, 

დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ყოველთვის (ან თითქმის ყოველთვის) ვახერხებ შემოსავლის მინუმ 10%-ის შენახვას. ეს ფული კი ჩემი ჯილდოა მთელი წლის შრომისთვის.

მთელი წელი გულმოდგინედ ვითვლი შემოსავლებს, დეტალურად ვანაწილებ ხარჯებს რომ წლის ბოლოს წავიდე სამოგზაუროდ. მოგზაურობა, აი, რა არის ჩემი მთავარი მოტივატორი დაზოგვისთვის. წელს მართალია იტალიაში მოგზაურობის გეგმები კოვიდ 19-მა შეიწირა და ფულიც სხვა მიზნისთვის დაიხარჯა, მაგრამ არ ვდარდობ. ჩემმა ისედაც მოძველებულმა კომპიუტერმა ვეღარ გაუძლო კარანტინის პირობებში შექმნილ დატვირთვას და სამუდამოდ დაიძინა. როგორც კი მაღაზიები გაიხსნა, მაშინვე ახალი ლეპტოპი ვიყიდე - უამისოდ ვერც მე ვიმუშავებ და ვერც ჩემი შვილი მოახერხებს სათანადოდ გაკვეთილებზე დასწრებას, დავალებების შესრულებას. კი გადავუხვიე დათქმულ პრინციპს, რომ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნისთვის უნდა დაიხარჯოს დანაზოგი, მაგრამ ასე მე მოვიპოვე შესაძლებლობა, გავაგრძელო მუშაობა და შესაბამისად, თანხების გამომუშავება. დარჩეს ეს არამიზნობრივი ხარჯვა, როგორც კარგი გამონაკლისი.

და აი, ახლა ვზივარ და ვაწკაპუნებ სრულიად ახალი (და კარგიც, სხვათა შორის) ლეპტოპის კლავიატურაზე, რომლის ინტერნეტ ბრაუზერის საძიებო ველშიც ხშირად გამოჩნდება ხოლმე სიტყვები "ტოსკანა", "ნაპოლი", "იტალიური შემოდგომა".