კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

სტუდენტობის ფინანსური უხერხულობანი

სტუდენტობის ფინანსური უხერხულობანი

3239
4.7 / 5

სტუდენტობის პერიოდი ყოველთვის განსხვავებული და ემოციებით დატვირთულია. სტუდენტობის პირველი წელი კი მთავარი ემოციური ხიდია სკოლის წლებსა და ახალ თავგადასავლებს შორის. რასაკვირველია, სტუდენტობა უპირველესად სწავლა და განათლების მიღებაა, თუმცა ამ პერიოდს მთავარ ხიბლს მაინც ახალი ადამიანები და ემოცია სძენს.

 ახალი სამეგობრო წრე, შეხვედრები, გართობა, სეირნობა, სტუდენტური კულინარიული „შედევრების“ აღმოჩენა და სხვა მრავალი აქტივობა შემოდის ცხოვრებაში სტუდენტობასთან ერთად. ეს ყველაფერი თითქოს ცალსახა ემოციების ნაკრებია, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით თითოეული აქტივობის უკან ფინანსურ გადაწყვეტილებათა მთელი ჯაჭვი დგას. ეს გადაწყვეტილებები ხშირად არც ისე სასიამოვნოდ გასაკეთებელია, და მეტიც, ხშირად სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება ფინანსებთან დაკავშირებული პირველი უხერხულობებიც.

ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ ახალი სანაცნობო წრის წარმოქმნისას, ყოველთვის გვიჩნდება თვითრეალიზაციისა და ახალ გარემოში სწრაფად ადაპტაციის სურვილი. სტუდენტებისთვის გაცნობა - დამეგობრება და შესაბამისად ადგილის დამკვიდრება, ძირითადად, ერთად გატარებულ დროს უკავშირდება. სწორედ აქ ჩნდება მთავარი უხერხულობა: შეუძლია რიგით სტუდენტს ყველა ღონისძიება „დაიფინანსოს“? მის ბიუჯეტში გათვალისწინებული შემოსავლები ფარავს ყველა ახლად წარმოქმნილ თუ ძველ ხარჯს? თუ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, შეუძლია ყველას თამამად განაცხადოს ამის შესახებ და თავი უხერხულად არ იგრძნოს?

რეალურად, ფინანსებსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებზე საუბარი უხერხული არასდროსაა, მეტიც, თუ თქვენ შეაფასებთ ემოციურ სიტუაციას ფინანსურად და იტყვით, რომ ასეთი ხარჯის გაწევა ამ ეტაპზე არაა სასურველი, შეიძლება სხვისთვისაც მაგალითად იქცეთ და ურთიერთობის იმ ეტაპზე გადაინაცვლოთ, სადაც ერთმანეთიც და საკუთარი თავიც კარგად იცით.

ფაქტები, რომლებიც ფინანსურ უხერხულობამდე მიგიყვანენ

არსებობს რიგი ფაქტორებისა თუ გარემოებებისა, რომლებიც ადრე თუ გვიან მიგვიყვანს ფინანსების მართვის პრობლემებსა და შესაბამისად, ფინანსურ „უხერხულობამდე“. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

  • არ იყენებთ ფინანსურ დახმარებებს - თავის დამკვიდრების თუ სიტუაციის განსხვავებულად შეფასების გამო, შესაძლოა ხშირად უარი თქვათ მეგობრის, ჯგუფელის ან მეგობრის მხრიდან ფინანსური დახმარების მიღებაზე. თუმცა, თუ ამგვარ შემოთავაზებებს რეალურად შეხედავთ და შეაფასებთ, მიხვდებით, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ დახმარება მიიღოთ, ხოლო როდესაც მცირე დანაზოგს გააკეთებთ თქვენც შესთავაზებთ დახმარებას სხვას;
  • არ აწარმოებთ ძირითად ბიუჯეტს - სტუდენტობის პირველ წელს ალბათ სტუდენტობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბიუჯეტის წარმოება არაა საჭირო, რადგან სამართავი თანხები მცირეა და ზეპირადაც შეიძლება მისი დაგეგმვა და მართვა. რეალურად, სწორად შედგენილი ბიუჯეტი გეხმარებათ ზუსტად შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და ყოველ კონკრეტულ მომენტში თქვენივე შესაძლებლობით მიიღოთ გადაწყვეტილება;
  • არ განასხვავებთ სურვილებსა და საჭიროებებს - შესაძლოა ფინანსური უხერხულობა სწორედ იმან შექმნას, რომ თავისუფალი თანხა იქ დახარჯეთ, სადაც ყველაზე ნაკლებად გჭირდებოდათ. ხარჯვისას სასურველია დაფიქრდეთ, სურვილის ასრულებას აფინანსებთ თუ საჭიროებას. ცხადია, ახალგაზრდებისთვის სურვილები და საჭიროებები ემოციურად შესაძლოა იდენტურად მძაფრი იყოს, თუმცა ფინანსების სწორად მართვისთვის უმჯობესია რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ მათი გარჩევა;
  • არ გეგმავთ მომავალს - ფაქტორი რასაც არა მარტო სტუდენტობისას, არამედ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მივყავართ ფინანსურ უხერხულობებამდე. თუ თქვენ გეცოდინებათ რისი მიღწევა გსურთ მომავალში, მიმდინარე გადაწყვეტილებებს უფრო მარტივად მიიღებთ;
  • ცდილობთ, აითვისოთ საკრედიტო პოტენციალი - უხერხულობების არიდების მარტივ გზას ხშირად შესაძლოა სესხებაში ეძებდეთ. თუ მცირე შემოსავალი გაგიჩნდებათ,  შანსი გაქვთ ისესხოთ თანხა და ყველა სიტუაციაში გქონდეთ სურვილების დაფინანსების შესაძლებლობა. თუმცა, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდეთ აუცილებლად გაიაზრეთ, რომ ეს ნასესხები და არა ნაჩუქარი თანხაა.
  • სწავლა თუ მუშაობა - ალტერნატივა, რომელიც სტუდენტობის პერიოდში მალევე შემოდის არის არჩევანი სწავლისთვის სრული დროის დათმობასა და სამსახურის დაწყებას შორის. ამ დროს მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ რამდენად შეძლებთ ამ ორის ერთმანეთთან ისე შეფარდებას რომ სწავლის ხარისხი არ დაწიოთ დაბლა. გასათვალისწინებელია ის, რომ ხარისხიანი განათლება სამომავლოდ უკეთესი დასაქმებისა და პროფესიული თვითრეალიზაციის წინაპირობაა.
  • მშობლები არ საუბრობენ ბავშვებთან ფულზე - ყველაზე ხშირად, რაც გვაფერხებს ფინანსებზე საუბრისას, ეს ჩვენი ბავშვობის გამოცდილებაა. ხშირად, მშობლები ცდილობენ ბავშვები არ ჩაახედონ ოჯახის ფინანსებში, ცდილობენ არ ისაუბრონ ფულზე და ცდილობენ ამ მიდგომით ბავშვებს თავიდან აარიდონ ზედმეტი საზრუნავი. რეალურად, კი რაც ადრე გავაცნობიერებთ ფულისა და ფინანსების მნიშვნელობას და ჩართულობას ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო იოლია ზრდასრულობის ასაკში სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, თუ თქვენც არ გისაუბრიათ მშობლებთან პირად ფინანსებზე, ფულის არსსა თუ მის ხარჯვაზე, შეეცადეთ პირველივე შესაძლებლობისთანავე მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია და დაიწოთ თქვენი ფინანსების მართვა.

ფინანსური სტაბილურობისთვის, გაითვალისწინეთ, რომ:

  • ოჯახის შემოსავალი არ გაზღვევთ ფინანსური სირთულეებისგან - თუ სტუდენტობისას შემოსავალზე ფიქრი არ გიწევთ და იცით, რომ ოჯახის წევრები გვერდში დაგიდგებიან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფინანსურ სირთულეებს არ შეხვდებით. მეტიც, თუ თქვენ თავად არ დაიწყებთ საკუთარი ბიუჯეტის ფორმირებასა და მართვას, მაღალია რისკი, რომ  ფინანსური არასტაბილურობის მსხვერპლი თქვენც გახდეთ.
  • გონივრული გადაწყვეტილებები არ „ტეხავს“ - ნუ იფიქრებთ, რომ თუ გადაწყვეტილება არაპოპულარულია თქვენს გარემოცვაში, მაშინ სამარცხვინო იქნება მისი გაჟღერება. ზოგჯერ იმის თქმა, რომ კინოში პირობითად, მომდევნო კვირას წახვალთ როდესაც ფასდაკლებაა ბილეთებზე, სულაც არ „ტეხავს“, ეს გონივრული გადაწყვეტილებაა;   
  • ფინანსებზე საუბარი უხერხული არაა - ყველასთან და ყველა შესაბამის სიტუაციაში შეგიძლიათ ფინანსებსა და მის სწორად მართვაზე ისაუბროთ. სტუდენტობისას აღნიშნული საკითხების მეგობრებთან განხილვა, პირად ფინანსებზე საუბარი და ფინანსური მიზნების დასახვა დაგეხმარებათ სწორი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებაში.
  • სწორად დაგეგმეთ ბიუჯეტი - ფინანსების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბიუჯეტის წარმოებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ ბიუჯეტის შედგენისას რა არის თქვენი მიზანი, შემოსავლის სრულად ხარჯვა თუ დანაზოგის შექმნა.  ლოგიკური იქნება, თუ სტუდენტების ბიუჯეტში  გართობაზე მიმართული ხარჯების წილს შედარებით მაღალი იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია საჭიროებებსა და სურვილებს შორის ბალანსის დაცვა, რათა თქვენი შემოსავლიდან დანაზოგის შექმნაც შეძლოთ;
  • სამუშაო ან დაგეხმარებათ ან დამატებითი რისკების წინაშე დაგაყენებთ - გონივრულად შეარჩიეთ სამუშაო, რომელსაც სწავლის პერიოდს მარტივად შეუთავსებთ. ფინანსური დამოუკიდებლობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი სამსახური (მაგალითად, ნახევარგანაკვეთიანი), რომ სწავლაში ხელი არ შეგეშალოთ;
  • მოერიდეთ ვალებს - როგორი მომხიბვლელიც უნდა იყოს „ჯადოსნური“ სასესხო პროდუქტი, შეეცადეთ მაქსიმალურად თავი აარიდოთ მის გამოყენებას, ვიდრე სტაბილური შემოსავალი არ გექნებათ. გაითვალისწინეთ, თუ ვერ შეძლებთ ნასესხები თანხის დაბრუნებას და თქვენს საკრედიტო ისტორიაში ვადაგადაცილებები აისახება, შესაძლოა სამომავლოდ დიდი თანხის სესხებაზე პრობლემა შეგექმნათ;
  • ბიუჯეტურად გაერთეთ - არაფერია ცუდი იმ ფაქტში, რომ გართობის ალტერნატივებიდან უფრო ნაკლებდანახარჯიანი აირჩიოთ. მაგალითად, თუ მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასვლა გადაწყვიტეთ, სასურველია წასახემსებელი თან იქონიოთ. ან თუკი მეგობრებთან ერთად მოგზაურობა გადაწყვიტეთ, შეეცადეთ ყველა ხარჯი მინიმუმადე დაიყვანოთ. ბიუჯეტურად გართობაში სტუდენტური ფასდაკლებებიც დაგეხმარებათ. ხშირად სხვადასხვა დაწესებულება სტუდენტებისთვის განსხვავებულ ფასს აწესებს, მაგალითად, კინოს და თეატრის ბილეთები შესაძლოა განსხვავებულ ფასად იყიდოთ, ან თუნდაც, სტუდენტური ლანჩის მენიუ შემოგთავაზონ განსხვავებულ ფასად. მნიშვნელოვანია მუდმივად ფლობდეთ ინფორმაციას ასეთ შემოთავაზებებზე, ეს დაგეხმარებათ უარი არ თქვათ სურვილებზე და ხარჯებიც შეიმციროთ.
  • დაიცავით ფინანსური უსაფრთხოების წესები - დაბოლოს, ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი ფინანსური უსაფრთხოებაა. სტუდენტობის დასაწყისში, მაშინ, როდესაც დიდი ალბათობით, დამოუკიდებელი ფინანსური ცხოვრება არ დაგიწყიათ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ფინანსებს დაცვა სჭირდება. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ ბარათით ანგარიშსწორებისას არ უნდა გადასცეთ ბარათი სხვა პირს, არ უნდა გასცეთ ინტერნეტბანკის მონაცემები თუნდაც მეგობარზე, ონლაინ შესყიდვების განხორციელებისას უნდა შეარჩიოთ სანდო ვებსაიტი და სხვა მრავალი საკითხი. ფინანსური უსაფრთხოების საკითხების ცოდნა, თავიდან აგარიდებთ ფინანსურ დანაკარგებს.

გახსოვდეთ, რომ სასიამოვნო დროის გატარება, მეგობრების შეძენა თუ სტუდენტობის სხვა დადებითი ასპექტები სულაც არაა ხარჯების მოცულობაზე დამოკიდებული, შეგიძლიათ, გონივრული გადაწყვეტილებების წყალობით, თავი დააღწიოთ „ფინანსურ უხერხულობებს“, სრული სისავსით შეიგრძნოთ სტუდენტობა და სრულად რეალიზდეთ თქვენს გარემოცვაში.