კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

შენ, ფული და ლიტერატურა

შენ, ფული და ლიტერატურა

2093
5 / 5

ფულის და ადამიანის ურთიერთობა სიყვარულივით კომპლექსური საკითხია. ზოგისთვის ის ცალმხრივ სიყვარულს ჰგავს - რას არ ცდილობ მის მოსაპოვებლად, მაგრამ მაინც მიუღწეველია, ან ფულთან თანაცხოვრებაა ტოქსიკური და ბედნიერებისგან დაცლილი, ურთიერთობებს ხომ პატარ-პატარა შეცდომებიც კი ართულებს... ჩვენ კი გვჯერა, რომ შენ და ფულს შეგიძლიათ ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობის აწყობა.

საკითხავია მხოლოდ - "რით დავიწყოთ?"

შექმენი ფულთან ურთიერთობის საკუთარი ფილოსოფია

დასაწყისისთვის უნდა განსაზღვრო, რას ნიშნავს შენთვის ფული, კარგი ცხოვრება და როგორ დაგეხმარება ფული ცხოვრების გაუმჯობესებაში? ერთი სიტყვით, უნდა შექმნა ფულთან ურთიერთობის საკუთარი "ფილოსოფია".

ალბათ, გაგიკვირდება, მაგრამ ამაში ძალიან დაგეხმარება მხატვრული ლიტერატურა.

როგორც პროფ. სარა თორნტონი აღნიშნავს, მხატვრული ლიტერატურა საუკეთესოდ ასახავს, თუ როგორ მუშაობს "ეკონომიკური თეორია პრაქტიკაში" - პერსონაჟები ჩვეულებრივი მწარმოებლები ან/და მომხმარებლები არიან, რომლებთანაც მკითხველი ემოციურ კავშირს ამყარებს და ბევრს სწავლობს მათი ეკონომიკური გამოცდილებით. მხატვრულ ლიტერატურაში შეხვდები ნებისმიერი სოციალური ფენიდან გამოსულ, სხვადასხვაგვარი "ბექგრაუნდისა" და ფილოსოფიის მქონე პერსონაჟებს, რომლებიც ფულთან ურთიერთობის განსხვავებულ პერსპექტივებს გაჩვენებენ.

გამოცდილება, თუნდაც ფიქციური პერსონაჟებისგან მიღებული, საკუთარი მიზნების განსაზღვრაში დაგეხმარება, მანამდე კი:

განსაზღვრე, როგორ ხედავ საკუთარ თავს

რომ გკითხო, არსებობს თუ არა ფულის გონივრული გამოყენების ფორმულა, რომელ ფრაზას აირჩევდი პასუხად: "ფულმა ფული უნდა მოიგოს" თუ "რასაცა გასცემ შენია, რასც არა - დაკარგულია"?

ქართველებისთვის ორივე გამონათქვამი ნაცნობია, ერთი "კაჟაია-უბედურს" ეკუთვნის "დათა თუთაშხიადან", მეორე - მეფე როსტევანს "ვეფხისტყაოსნიდან". ამ პერსონაჟებს უმთავრესად სოციალური სტატუსი და მასზე დაშენებული ფულთან ურთიერთობის ფილოსოფია განასხვავებთ.

კაჟაია ფულს აგროვებს და ეშინია მისი გამოყენების. მას საკუთარი იდენტობა ასე აქვს განსაზღვრული: მე ვარ ღარიბი, ამიტომ უნდა მოვიპოვო ფული ნებისმიერ ფასად. კაჟაიას პიროვნება ღარიბი "მე"-ს გარეშე არ არსებობს - რამდენი ფულიც უნდა დააგროვოს, საკუთარ თავს ყოველთვის ღარიბად დაინახავს. აი, როსტევანის იდენტობა კი ასეთია: მე ვარ მეფე და ჩემს ხელთ არსებულ რესურსებს გამოვიყენებ უკეთესი, ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. ეს იდენტობა სასურველი მომავალისკენ არის მიმართული. როსტევანი ფულს ოპტიმალურ გამოყენებას უძებნის ანუ რესურსების გონივრულ ინვესტირებაზე ფიქრობს. როსტევანი ბედნიერია.

ახლა კი დაფიქრდი, როგორია შენი იდენტობა?

კაჟაიამ ღარიბი კაცის იდენტობა მძიმე ცხოვრების გასაძლებად შექმნა. მისგან განსხვავებით, შენ გინდა, რომ ფულით ბედნიერი ცხოვრება მოიგო. ვივარაუდებ, რომ დასაწყისისთვის არც სამეფო ხაზინა გაქვს და ფულის დაგროვებისთვის საკუთარი ცხოვრების შეწირვასაც არ აპირებ (პ.ს. კაჟაიამ შესწირა).

დამიჯერებ, თუ გეტყვი, რომ შენ სამეფო ხაზინაზე ბევრად უფრო მაგარი სტარტი გაქვს?

გახსენი შენი "სტარტაპხაზინა"

"კაჟაია-უბედური" საკუთარ თავს და შესაძლებლობებს მეტად რომ დაკვირვებოდა, იქნებ აღმოეჩინა, რომ ძალიან ნიჭიერია და უკეთესი ცხოვრებაც თვალწინ აქვს. ფაქტია, რომ ფულის გამომუშავების კარგი უნარი აღმოაჩნდა, მაგრამ დესტრუქციული, საკუთარ თავში ჩაკეტილი იდენტობის გამო ბედნიერებისკენ ნაბიჯის გადადგმის ზედმეტად შეეშინდა.

შენ, მისგან განსხვავებით, საკუთარი ბედი ხელში გიჭირავს და რადგან ამას კითხულობ, ესე იგი ნაბიჯის გადადგმისთვისაც ემზადები.

რა გაქვს პირველი ნაბიჯისთვის? - რაღაც ისეთი ნიჭი, "შენ რომ გრძნობ და სხვები ამჩნევენ", ასევე, შეძენილი უნარები, რომლებიც სიამოვნებას განიჭებს და გახალისებს, ენერგიით სავსე ხარ და, რაც მთავარია, გაქვს დრო ("დრო კი ფულია"). ყველაფერი ეს იდეალური საინვესტიციო ერთეულია. თუ ფულთან ურთიერთობის აწყობა გინდა, მზად უნდა იყო, ეს რესურსები "მომავალში" დააბანდო. ამისათვის მათ ხელი უნდა ჩასჭიდო და ეფექტური გამოყენება მოუძებნო.

ეცადე, კარგად გაიცნო საკუთარი თავი. დააკვირდი, რა დევს შენს "სტარტაპხაზინაში", შეისწავლე შენი ინტერესები, მისწრაფებები და უნარები, შემდეგ კი:

გახადე ყოველი ნაბიჯი მიზანმიმართული

მაშ, უკვე ვიცით, რისი ინვესტირება შეგვიძლია. უნარები თუ არა, დრო, ენერგია და მოთმინება მაინც ამოწურვადი რესურსებია და ამიტომ დროულად უნდა განსასაზღვრო, თუ რაში ღირს ამ რესურსების ჩადება.

ალბათ, გახსოვს ის ამბავი, გლახაკმა რომ ქილა ერბო იპოვა, ნაპოვნის ყიდვა-გაყიდვაზე ოცნებაში რეალობის განცდა სრულიად დაკარგა და ქილა გაუფრთხილებლად დაამსხვრია. გლახაკს აქ ერთი რამ დაავიწყდა, შესაძლებლობები მაშინ რეალიზდება, როცა რეალობას თვალს უსწორებ და მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამ. "ოცნებას კაცი არ მოუკლავს", მაგრამ, ოცნებებისგან განსხვავებით, მიზნებით რეალური ცვლილებების მიღწევა შეიძლება. 

კონკრეტული მიზნის დასახვით ოპტიმალური გზების ძიებას იწყებ, მიზანმიმართული ნაბიჯები კი სასურველ შედეგთან დაგაახლოვებს. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ოცნების დროს თვალებს ხუჭავ, მიზნებზე ფიქრისას კი - ფართოდ ახელ და შენს არჩევანს მიჰყვები.

ასე რომ, დაიწყე გულახდილი საუბარი ნაცნობ პერსონაჟებთან და თავად შექმენი საკუთარი იდენტობა. შენი და ფულის ბედნიერი ურთიერთობა კი საკუთარი ფილოსოფიით ააწყვე.

გამოყენებული წყაროები:

1.   შეცდომები, რომლებსაც ფულთან ურთიერთობისას ვუშვებთ, ედუფინი, 2021, ბმული: hSps://helloblog.ge/story/Mistakes-Money

2.   Sara Thornton, What Can Economists Learn From Literature, Insotute for New Economic Thinking, New York, NY10010, ბმული: https://www.ineteconomics.org/perspectives/videos/what-can-economists-learn-from-literature

3.   Social and psychological value of money, Human Science, ბმული: https://humanscience.fandom.com/wiki/Social_and_psychological_value_of_money