კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

სესხება - საფრთხე თუ რესურსების გაცვლა?

სესხება - საფრთხე თუ რესურსების გაცვლა?

1811
4.5 / 5

დღემდე მახსოვს, როგორ მაძლევდა დედაჩემი ჯიბის ფულს დაწყებით კლასებში, კაშნეს კისერზე შემომიხვევდა და თან მარიგებდა: 

-ლუკას, ფული სათამაშო მონეტები არ არის. ჭკვიანურად და ზომიერად უნდა დახარჯო. ყოველთვის ეცადე, შენი იმყოფინო, სხვას არ გამოართვა და ნურავისგან ისესხებ - სხვისი არაფერი გინდოდეს. თუ დაგჭირდა, ჩემთან მოდი...

მეც იმ დარიგებით, რომ ჩემი უნდა მეკმარა, არასდროს არაფერი მისესხია მეექვსე კლასამდე. აი, მაშინ კი ვისესხე - მთელი 75 თეთრი. ახლაც მახსოვს ის ნერვიული დღეები და ძილმოუკარებელი ღამეები, სანამ იმ თანხას დავაბრუნდებდი.  მაშინ მეგონა, რომ სესხი მხოლოდ და მხოლოდ მძიმე ტვირთი იყო, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოიშორო.  სესხება უკვე ასოცირდებოდა ნეგატიურ შეხედულებასთან, რაც ქმნიდა არასწორ დამოკიდებულებას მისდამი. დღესდღეობით, სესხის მიმართ დამოკიდებულება დიდად არც შეცვლილა - ზოგადად, ისევ გავრცელებულია აზრი, თითქოს სესხის აღება ცუდია და ჯობია არ ისესხო. სესხების ნამდვილი მიზანი და მნიშვნელობა კვლავაც ბუნდოვანია. დღევანდელ ბლოგში, შევეცდები აგიხსნათ თუ რატომ არის სესხება საჭირო და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის.

სინამდვილეში, სესხება - იქნება ეს მეგობრისგან, ოჯახისგან თუ ფინანსური ინსტიტუტისგან - გეხმარება შენი მიზნების მიღწევაში, გაძლევს საშუალებას გააკეთო ის, რასაც ვერ შეძლებდი და გაძლევს შესაძლებლობას ეფექტურ შედეგს მიაღწიო. რა თქმა უნდა, როდესაც დანაზოგი გაქვს, არ გჭირდება სესხის აღება, რადგან შენი დანაზოგი გეხმარება შენივე მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. თუმცაღა იმ შემთხვევაში, თუ დანაზოგი არ გაგვაჩნია და ვერ ვახერხებთ რესურსების მობილიზებას, მაშინ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი სწრაფი და მარტივი გზა არის სესხება.

სესხება ანუ რესურსების გაცვლა

და მაინც რატომ შეიძლება სესხება იყოს კარგი? საქმე ისაა, რომ ადამიანებს გვაქვს შეზღუდული რესურსები და ზოგჯერ ხდება ისე, რომ რაღაცის გასაკათებლად რაღაცა გვაკლდება, რაღაცა არ გვყოფნის - ეს რაღაცა შეიძლება იყოს: გამბედაობა, დრო, გამოცდილება, ან თუნდაც მატერიალური რესურსი, რომელშიც ძირითადად ფულს ვგულისხმობთ. მართალია, დროსა და გამოცდილებას სხვა ვერ გვასესხებს, მაგრამ ფულის სესხება კი ნამდვილად შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტში ჩააბარეთ და პანდემიის გამო ონლაინ გაქვთ ლექციები, რის გამოც გჭირდებათ ლეპტოპის შეძენა, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ. რა უნდა ქნათ? ორი არჩევანია: ან არ იყიდოთ და ტელეფონით განაგრძოთ ლექციების მოსმენა, ან ისესხოთ საჭირო თანხა თქვენი ნაცნობებისგან ან ბანკისგან და შეიძინოთ ლეპტოპი. კი მაგრამ, ალბათ, იკითხვათ, რატომ უნდა შევიძინო ახალი ლეპტოპი ან თუ ვისესხებ, როგორ დავაბრუნებ?

საქმე ისაა, რომ ახალი ლეპტოპით თქვენ უფრო ეფექტურად შეძლებთ თქვენი დროის გამოყენებას სწავლის პერიოდში. შეძლებთ, უკეთესი ხარისხის განათლების მიღებას, რაც გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს. ესე იგი სესხის აღება გეხმარებათ, მიაღწიოთ თქვენთვის უფრო სასურველ შედეგს. და პასუხი მეორე კითხვაზე, თუ როგორ გადაიხდით, ეს უკვე დამოკიდებულია თუ ვისგან სესხულობთ ( კონკრეტული პიროვენება თუ ბანკი), რა პირობით სესხულობთ და რა ვადა გაქვთ თანხის უკან დასაბრუნებლად. სესხი გაძლევთ საშუალებას ერთბაშად მიიღოთ თანხა ლეპტოპის საყიდლად, ხოლო შემდგომ  ეს აღებული თანხა ეტაპობრივად გადაიხადოთ ნაწილ-ნაწილ, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ერთბაშად თანხის მობილიზება ლეპტოპის ან სხვა აუცილებელი ნივთის საყიდლად.

ვინ მასესხებს და რატომ?

ჩნდება ერთი კითხვაც: ვინ მასესხებს და რატომ? სხვათაშორის, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. თუ ჩვენ ვსესხულობთ იმიტომ, რომ გვსურს, უფრო ეფექტურ შედეგს მივაღწიოთ, რა ამოძრავებს იმას, ვინც თავის თანხას და რესურს ჩვენ გვაძლევს? თუ ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახსა და მეგობრებზე, მაშინ სარგებელი მათთვის არის უფრო ემოციური, ვიდრე მატერიალური. კერძოდ, მათ სურთ, რომ ხელი შეგიწყონ, რათა  თქვენ კარგად იყოთ. როდესაც თქვენ კმაყოფილი ხართ, ისინიც კმაყოფილნი არიან. სწორედ ესაა ემოციური სარგებელი, რომელსაც ისინი იღებენ და სწორედ ამიტომ ცდილობენ დაგეხმარონ. რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტებს: ისინი თქვენთან არავითარ ემოციურ კავშირს არ გრძნობენ და ამიტომ სესხების სანაცვლოდ მატერიალურ სარგებელს, პროცენტს, ამჯობინებენ. მაგალითად, თუ თქვენ ისესხებთ 1000 ლარს ერთი წლით, შესაძლოა, ვადის გასვლის შემდეგ  1100 ლარის დაბრუნება მოგიწიოთ. ეს დამატებითი 100 ლარი არის ის სარგებელი, რასაც საფინანსო ინსტიტუტი იღებს თქვენგან თანხის სესხების სანაცვლოდ. საბოლოო ჯამში, თქვენ სესხულობთ და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აქამდე ვერ აკეთებდით, ხოლო, მეორე მხრივ, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს თანხას პროცენტის სანაცვლოდ. ესე იგი, ორივე მხარე მოგებული რჩებით. რადგანაც შეთანხმება ნებაყოფლობითია, არავინ არის უკმაყოფილო. ესე იგი სესხება ცუდი კი არა კარგი ყოფილა და მას ნამდვილად შეუძლია ისე გაცვალოს რესურსები, რომ ყველა კმაყოფილი და მოგებული დარჩეს.

ასე რომ, "სხვისი არაფერი გინდოდეს" მიდგომა სესხთან მიმართებით არაეფექტურია. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე კარგია. ხშირად დახმარება გვჭირდება, რომელიც აუცილებლად უნდა ვეძებოთ და მივიღოთ კიდეც. სესხებაც ერთ-ერთი ასეთი დახმარებაა, რომელშიც საშიში არაფერია.  ამიტომ როდესაც დადგებით არჩევანის წინაშე სესხების დროს, არ შეშინდეთ, კარგად დაფიქრდით, შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა და მხოლოდ შემდგომ მიიღეთ გადაწყვეტილება.