კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

სანამ ემიგრაციაში წახვალთ - ნაწილი 2

სანამ ემიგრაციაში წახვალთ - ნაწილი 2

4308
5 / 5

ემიგრაციისთვის მზადება არა მხოლოდ ისეთ ტექნიკურ საკითხებს მიცავს, რომელიც წინა ბლოგში (ნაწილი 1) განვიხილეთ, არამედ ძლიერ ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც.  ემიგრანტები ტოვებენ საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს, მშობლებს, შვილებს, საყვარელ ადამიანებს, მიდიან მათგან ათასობით კილომეტრის დაშორებით და იწყებენ მათს გარეშე ახალ ცხოვრებას. თუმცა, როგორ ფიქრობთ, მარტივია ოჯახისა და ახლობლების გარეშე ცხოვრება? „მივდიოდი და ვგრძნობდი, გული როგორ მეგლიჯებოდა“, „ცრემლები მერეოდა და მონატრების სურვილი მკლავდა“ - ეს ის ფრაზებია, რომლებიც ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა გამიზიარეს. ადამიანების ნაწილი ემიგრაციაში ეკონომიკური სიძლიერისთვის მიდის, ნაწილი კი ამ ურთულესი გზის არჩევას უსაფრთხოებას, თავისუფლებას, შვილების და საკუთარი თავის უკეთეს მომავალთან აკავშირებს. ყველა ადამიანს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა გზის გაკვალვას უკავშირდება, თუმცა მაინც არის ბევრი საერთო იმ უამრავი დეტალიდან, რისი გათვალისწინებაც მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება, სანამ წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

რჩევები, რომელსაც ამ ბლოგში გაგიზიარებთ კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის თქვენს თვალთა ხედვას ემიგრაციისკენ მიმავალი გზის შესახებ. 

ფსიქოლოგიური მზაობა

თუ ემიგრანტებს ჰკითხავთ, რას გირჩევდნენ პირველ რიგში სანამ წახვიდოდით, მათი უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ აუცილებლად დაფიქრებულიყავით იმ ფსიქოლოგიურ სირთულეებსა და სტრესზე, რომელიც ახლავს საყვარელი ადამიანებისგან წლობით შორს ცხოვრებას, უცხო გარემოსთან შეგუებას, სტრესულ სამუშაო გარემოს და ა.შ. 

ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეძლებთ გაუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც უთუოდ შეგხვდებათ ემიგრაციის პირველ ეტაპზე? ღირს მიზანი ამ მსხვერპლაად? იქნებ ღირს, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და  მოიძიოთ ინფორმაცია. იქნებ იყოს გამოსავალი აქ, ჩვენსავე ქვეყანაში, იქნებ აქაური შესაძლებლობებითაც მიღწევადია ის მიზანი, რის გამოც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ? 

დასაქმება

თქვენი ფსიქოლოგიური მზაობა არა მხოლოდ ოჯახსა და ახლობლებთან განშორებისთვის უნდა შეამოწმოთ, არამედ იმ საქმიანობისთვისაც, რომელსაც აპირებთ უცხო ქვეყანაში. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ამ საქმოანობისთვის არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური მზაობაც. როდესაც წასვლას გადაწყვეტთ, გირჩევთ,  წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია საქმეზე, რომელის გაკეთებაც მოგიწევთ. ის თანხვედრაში უნდა მოდიოდეს თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. 

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სირთულეები, რომელიც ოჯახში სადღეღამისო გრაფიკით მუშაობას უკავშირდება. „ემიგრაცია არის ქალების ციხე“ ეს არის ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის ფრაზა, რომელიც ცხოვრობს იმავე სახლში, რომელშიც მუშაობს ძიძად მძიმე ავადმყოფთან. წინასწარ მოიძიეთ და შეუთანხმდით დამსაქმებელს სამუშაოსა და დასვენების საათებზე, რათა თავიდან აირიდოთ  გაუგებრობები. თუ თქვენი საცხოვრებელი თქვენივე დამსაქმებლის სახლშია, მოითხოვეთ თქვენი საცხოვრებელი სივრცის თავისუფლად ფლობის შესაძლებლობა, რათა ერთ დღეს დამსაქმებელმა სახლში მისვლის გრაფიკი არ შეგიდგინოთ და თქვენთვის არა სასურველ დროს ქუჩაში არ მოგიწიოთ ყოფნა. გამოიკითხეთ ინფორმაცია თქვენი ანაზღაურების შესახებ, რადგან თქვენ სწორედ ამ მიზეზით მიდიხართ უცხო მიწაზე, აქვე გაითვალისწინეთ ხარჯები რომლის დაფარვაც მოგიწევთ მიღებული ანაზღაურების შემდეგ და დაფიქრდით, დარჩენილი დანაზოგი თანხა საკმარისია თუ არა დასახული მიზნის მისაღწევად. 

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლისა და პროდუქტიულობისათვის. არალეგალური ემიგრაცია კი პირდაპირ ზღუდავს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის,  დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას და, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აფერხებს ექიმთან თქვენს ვიზიტს, სამედიცინო ბაზარზე კი წამლების დიდი ნაწილი რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ და გადაწყვეტილების მიღებისას კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ამ საკითხზეც. 

საცხოვრებელი ადგილი

თუ საცხოვრებელი ადგილი დამოუკიდებლად გაქვთ შესარჩევი, გაითვალისწინეთ, რომ როგორც წესი, ქალაქის ცენტრში უფრო ძვირია ბინები, ვიდრე შემოგარენში, ამიტომ მოიძიეთ საცხოვრებელი ფართი იქ, სადაც ფასიც ხელმისაწვდომი იქნება, ცხოვრებაც უსაფრთხო და იმავდროულად, საიდანაც მარტივად შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. თუმცა, გაარკვიეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს თუ არა იმ ქალაქში, რომელშიც იცხოვრებთ და თუ მოძრაობს, რა ღირებულებისაა. რადგან შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად ჰყავდეს ქალაქს ან ისეთი ძვირი იყოს, რომ არ გიღირდეთ თქვენი სამსახურიდან შორს ბინის დაქირავება. 

გირჩევთ, როდესაც შეარჩევთ ბინას, მოითხოვოთ ხელშეკრულების გაფორმება და ყველა პირობაზე შეუთანხმდით გამქირავებელს, ეს იქნება საგარანტიო თანხის ჩარიცხვა, ქირის ოდენობა, გადახდის თარიღი, კომუნალურების გადასახადი, ზიანის ანაზრაურება თუ ა.შ. თანხა არ გადაურიცხოთ გამქირავებელს ხელშეკრულების გაფორმებამდე. მართალია, ამ ნაწილშიც დაგჭირდებათ ენის ცოდნა, თუმცა აქ ონლაინ თარგმნის პროგრამების ან ახლობელი ადამიანების დახმარებაც შეიძლება დაგეხმაროთ.

ფინანსები

ბილეთების ყიდვის და ყველანაირი ფინანსური საკითხის მოგვარების შემდეგ, არ იფიქროთ რომ თქვენი ხარჯები სულ ეს იყო და ფული აღარ გჭირდებათ, რადგან მიდიხართ და უკვე იქ გამოიმუშავებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მოულოდნელი შემთხვევები ყველგან არსებობს და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. წინასწარ გადადეთ და იქონიეთ გარკვეული რაოდენობის თანხა, რათა მზად იყოთ მოულოდნელობებისათვის. თანხის რაოდენობა უნდა განსაზღვროთ იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, რომელშიც მიემგზავრებით. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამსახური არ გექნებათ ჩასვლისთანავე მინიმუმ ორი თვის ხარჯების დაფარვა უნდა შეგეძლოთ თქვენი ფინანსებით, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ორი თვე რეალური ჩანს სამსახურის საპოვნელად. 

სესხი

როგორც ზემოთ განვიხილეთ, ემიგრაცია საკმაოდ ბევრ ხარჯს უკავშირდება. 

როგორც ემიგრაციაში მიმავალი ადამიანების უმრავლესობამ, თქვენც სესხის აღება  გადაწყვიტეთ? როგორ ფიქრობთ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა? იმ შემთხვევაში თუ სამსახური ვერ იპოვეთ ან იპოვეთ, მაგრამ ვერ შეეგუეთ, გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის გადადებული თანხაც შემოგელიათ და სესხის გადახდის თარიღიც გიახლოვდებათ, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია ალტერნატივა იპოვოთ, რაც ისედაც რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დამატებით ართულებს.

თქვენ მიერ სესხის აღება გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისგან დამატებით ღირებულებას მიიღებთ, მის დაფარვასაც შეძლებთ და იმ მიზნების მიღწევასაც, რისთვისაც აიღეთ. სამსახურის დაკარგვა, ახალი სამსახურის პოვნის გაჭიანურება, ყოველთვიურ ხარჯებზე ნაკლები ანაზღაურება  - ეს ის მაღალრისკიანი სიტუაციებია, როცა თქვენ მიერ სესხის აღება შეიძლება გაუმართლებლად და დამატებით წნეხად ჩაითვალოს. 

სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ სესხის აღებამდე კარგად დაფიქრდეთ, იქნებ გააქვთ შესაძლებლობა, თანხის ნაწილი მაინც დააგროვოთ და ამის შემდეგ წახვიდეთ, თუკი ფიქრობთ, რომ ემიგრაცია შეუცვლელი გადაწყვეტილებაა.  

ქვეყნის საკანონმდებლო ნიუანსები

შეძლებისდაგვარად შეისწავლეთ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც მიემგზავრებით, რადგან მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი უფლებები, თუნდაც არალეგალურად მუშაობის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში არალეგალად ყოფნა თუ მუშაობა არ ნიშნავს თქვენს უუფლებობას ან ვინმეს სხვისთვის თქვენი იძულების უფლებას. 

მაგალითად, თუ გეცოდინებათ, რომ  ზოგიერთ ქვეყანაში კანონი მნიშვნელოვან სანქციას აკისრებს ოჯახს, რომელიც ლეგალურად მუშაობისა თუ ცხოვრების უფლების არმქონე პირს დაასაქმებს, ეს ინფორმაცია შეგეძლებათ საკუთარი უფლებების დასაცავად გამოიყენოთ, თუ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი დეპორტაციის მუქარით გაიძულებთ, მის სასარგებლოდ იმუშაოთ ან თანხას არ გიხდით ან სხვა თქვენი ნების გარეშე იმოქმედოთ. იმისათვის, რომ თამამად დაიცვათ თქვენი უფლებები და მოითხოვოს გამომუშავებული თანხა, უნდა იცოდეთ როგორც თქვენი უფლებების, ისე დამსაქმებლის პასუხისმგებლობის შესახებ, რათა მასთან თანასწორუფლებიანი დიალოგის წარმართვა შეგეძლოთ როგორც მუშაობის დაწყების, ისე შემდგომ ეტაპებზე. 

ამ ბლოგში მოყვანილი გამოცდილება და რჩევები გაგვიზიარეს ჩვენმა ემიგრანტებმა, რომლებიც იმყოფებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათი მთავარი მიზანი და სურვილი იყო, დაეცვათ თანამემამულეები იმ სირთულეებისგან,  იმედია, ეს რჩევები გამოგადგებათ. მე კი, ჩემი ბლოგის ბოლოს, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას დათმობილი დროისათვის ყველა მათგანს და საკუთარ სამშობლოსა და ოჯახებში მალე დაბრუნებას ვუსურვებ.