კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

საკრედიტო ბარათი თუ განვადება?

საკრედიტო ბარათი თუ განვადება?

2936
5 / 5

ნებისმიერი თქვენგანი, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც  სასწრაფოდ დაგჭირდათ დამატებითი ფინანსები. მაგალითად, თქვენი ლეპტოპი მოულოდნელად დაზიანდა, სტომატოლოგთან ვიზიტის თანხა გაქვთ გადასახდელი, არც მრავალფეროვანი სეზონური ფასდაკლებები გვაძლევენ მოსვენებას. 

რასაკვირველია, სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შესაძენად საუკეთესო გამოსავალი იმ დანაზოგის გამოყენება იქნებოდა, რომელიც ასეთი საგანგებო შემთხვევებისთვის არის ხოლმე გადადებული. თუ ასეთი დანაზოგი არ გაქვთ, მაგრამ  არც გეჩქარებათ, შესაძლოა დაიცადოთ და დაელოდოთ, როდის შეაგროვებთ საჭირო თანხას. თუმცა, თუ დრო არ ითმენს, დიდი ალბათობით, თანხის სესხებაზე მოგიწევთ  დაფიქრება.  

საკრედიტო ბარათი თუ განვადება (ან სამომხმარებლო სესხი)?

თუკი თანხის სესხებას გადაწყვეტთ ფინანსურ ორგანიზაციაში, ალტერნატივების განხილვისას ყველაზე ხშირად ალბათ საკრედიტო ბარათით გადახდასა და განვადებით (ან სამომხმარებლო სესხით) შეძენას შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. რომელი მათგანი სჯობს ერთი მეორეს და რა შემთხვევაში? 

ამ კითხვაზე გონივრული პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, აუცილებელია, განსაზღვროთ საჭირო თანხის მოცულობა და მისი გამოყენების მიზნობრიობა. ამას გარდა, აუცილებელია ერკვეოდეთ ამ პროდუქტების თავისებურებებში, რა აქვთ მათ საერთო და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.  

მოკლედ და მარტივად თუ შევხედავთ ამ საკითხს, შეგვიძლია ასეთი რჩევითაც შემოვიფარგლოთ:

  • თუ თქვენი ხარჯი ერთჯერადი და შედარებით მოცულობითია (ათასი ლარი ან მეტი), მაგალითად, სარეცხის მანქანის ან მაცივრის შეძენა გადაწყვიტეთ და ამავდროულად იცით, რომ თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით ერთ ან ორ თვეში შეუძლებელი იქნება ნასესხები თანხის მთლიანად დაბრუნება - ამ შემთხვევაში განვადება ან თუნდაც სამომხმარებლო სესხი უფრო მიზანშეწონილი იქნება;
  • თუ თანხა გჭირდებათ ხშირი და დაბალ ბიუჯეტური შენაძენებისთვის, მაგალითად შოპინგის დროს ან  მოგზაურობაში ყოფნისას მოულოდნელი ხარჯების დასაფარად - ამ შემთხვევაში საკრედიტო ბარათით სარგებლობა უფრო მიზანშეწონილი იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ბარათის და განვადების საერთო თავისებურება მხოლოდ ისაა, რომ ორივე შემთხვევაში ნივთს ან მომსახურებას ყიდულობთ სხვისი ანუ ნასესხები ფულით. შემდეგ კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით, ამ თანხის დაბრუნება უნდა უზრუნველყოთ. 

ზუსტად ამ პირობებში გარკვევაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ისინი ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. 

როგორ ხდება საპროცენტო ხარჯის დაანგარიშება? 

განვადებით სარგებლობისას, როგორც წესი, შესაძენი ნივთის  ღირებულება თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით იმატებს. ეს სხვაობა არის თქვენი საპროცენტო ხარჯი. სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში საპროცენტო ხარჯის დარიცხვა, როგორც წესი, მას შემდეგ იწყება, რაც სასურველ თანხას მიიღებთ. წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის მიხედვით ხორციელდება.

საკრედიტო ბარათის გამოყენებისას კი, საპროცენტო ხარჯის დარიცხვა მხოლოდ გახარჯული ლიმიტის, ანუ ბარათიდან ათვისებული თანხის შესაბამისად ხდება. თუმცა, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიერ ათვისებულ თანხაზე აუცილებლად მოგიწევთ პროცენტის გადახდა. საკრედიტო ბარათის სარგებლობისას, როგორც წესი, შემოთავაზებული გექნებათ ე.წ. საშეღავათო პერიოდიც. თუ ბარათზე თქვენ მიერ გამოყენებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სრულად დააბრუნეთ, ამ პერიოდზე დარიცხული პროცენტის გადახდა, როგორც წესი, საერთოდ აღარ მოგიწევთ.  

ყოველთვიურად თანაბარი გადახდები უფრო მისაღებია თუ შემცირებადი გადასახადები ?

განვადებით და სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას ვალდებულების დაფარვა, ძირითადად, თანაბარი გადახდის გრაფიკით ანუ ე.წ. ანუიტეტის პრინციპით მოგიწევთ. ყოველთვიურ გადახდებთან ერთად შემცირდება თქვენი ვალდებულების მოცულობაც.   

საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ დასაფარი თანხის მოცულობა - სრულად  დაფაროთ ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ მინიმალური სავალდებულო გადახდა განახორციელოთ თუ მისი გარკვეული ნაწილი დაფაროთ. მინიმალური სავალდებულო გადასახადების მოცულობის დაანგარიშების პრინციპი განსაზღვრული იქნება ხელშეკრულების პირობებით. ის მოიცავს გახარჯული თანხის გარკვეულ ნაწილს და გამოყენებული თანხის საპროცენტო გადასახადს. თუკი ყოველთვიურად დაფარავთ ათვისებული თანხის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ხელახლა აღარ აითვისებთ, მომდევნო თვეს მინიმალური გადასახადის მოცულობა შემცირდება.  

თანხის ათვისება მრავალჯერადად გჭირდებათ თუ ერთჯერადად?

თანხის ათვისება განვადებით და სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას ერთჯერადად ხდება. სხვა ნივთვის ან მომსახურების კვლავ განვადებით ან სესხით შეძენისთვის, აუცილებელია ფინანსურ ორგანიზაციას ახალი მოთხოვნით მიმართოთ.

საკრედიტო ბარათზე დაშვებული ლიმიტის ფარგლებში თანხის ათვისება  შესაძლებელია მრავალჯერადად. მაგალითად, ხშირად წვრილ-წვრილი ხარჯების დასაფარად ან მცირე შენაძენების დასაფინანსებლად, მოსახერხებელია საკრედიტო ბარათიდან თანხის ათვისება და შემოსავლის მიღებისთანავე დაფარვა. შემდგომ კი, საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ, ხელახლა გამოიყენოთ ბარათზე არსებული თანხა. 

როგორია საპროცენტო განაკვეთები და სხვა საკომისიოები?

როგორც წესი, განვადების და სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, ეფექტური და ნომინალური საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთთან შედარებით.

განვადების ან სესხის თანხა, ძირითადად თქვენს მიმდინარე ანგარიშზე აისახება ან პირდაპირ სასურველი ნივთის შესაძენად ირიცხება. თანხის გატანა ანგარიშიდან ან ბანკომატიდან შესაძლოა, საკომისიოს გარეშე ან შედარებით დაბალი საკომისიოს სანაცვლოდ მოხდეს. 

მაშინ როცა საკრედიტო ბარათით სარგებლობისას, როგორც წესი, დაწესებულია საკმაოდ მაღალი საკომისიო ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში. შესაბამისად, მიზანშეწონილია, საკრედიტო ბარათი  უნაღდო ანგარიშსწორებისათვის გამოიყენოთ - ნივთი პოსტერმინალით შეიძინოთ ან ინტერნეტშესყიდვა განახორციელოთ. 

შეგიძლიათ მიიღოთ სარგებელი სხვისი ფულით სარგებლობისთვის?  

დიახ, ეს ნამდვილად შესაძლებელია. საკრედიტო ბარათის პირობებით ხშირად გათვალისწინებულია ხოლმე ბარათით გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნებას  ფულის (ამას ქეშ-ბექსაც ეძახიან) ან საბონუსე ქულების ფორმით. დაგროვილი ქულები შესაძლებელია შემდგომში სხვადასხვა პირობით გადაიცვალოს გარკვეულ საქონელში, მომსახურებასა ან თანხაში. 

რა გამოდის? თუ  საკრედიტო ბარათს გონივრულად გამოიყენებთ, გახარჯულ თანხას დროულად დაფარავთ, ბანკს პროცენტს კი არ გადაუხდით, არამედ, პირიქითაც, სანაცვლოდ დასაჩუქრდებით? საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს ნამდვილად ასეა. მაშ რისთვის გვთავაზობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკრედიტო ბარათებს? კონკურენტულ გარემოში, მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებისას, ეს მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროდუქტით სარგებლობისას ყოველთვის გმართებთ სიფრთხილე. მისი არასწორად ან არაგონივრულად გამოყენება, შესაძლოა სარგებლის ნაცვლად არასასურველი/არასაჭირო დანახარჯების მომტანი აღმოჩნდეს თქვენთვის.     

ალბათ დამეთანხმებით, ცალსახა პასუხი კითხვაზე, საკრედიტო ბარათი სჯობს თუ განვადება არ არსებობს. გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული პროდუქტის შერჩევა თქვენი მიზნების შესაბამისად უნდა განახორციელოთ. შეადარეთ ერთმანეთს ამ პროდუქტების გამოყენების პირობები, განსაზღვრეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მიიღეთ გონივრული, ანუ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილება.