კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ ვისესხოთ თანხა გონივრულად?

როგორ ვისესხოთ თანხა გონივრულად?

1893
5 / 5

დარწმუნებული ვარ, ტელეფონზე ხშირად მოგსვლიათ სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, კომერციული ბანკებისა თუ სხვა კრედიტორების ესემესები. საკმაოდ დიდი თანხების მიღებას სწრაფად და მარტივად გვთავაზობენ. თუ ასეთი ესემესების წაკითხვისას მაშინვე ფიქრს იწყებთ - რა კარგ რაღაცებს გააკეთებდით ამ თანხით, მაშინ ეს ბლოგი უნდა წაიკითხოთ!

პირველ რიგში, მინდა გაგახაროთ: თქვენსავით უამრავი ადამიანი ფიქრობს სესხის აღებაზე და მისი საშუალებით საკუთარი მიზნების მიღწევაზე. ეს მართლაც კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ისევე როგორც ყველაფერს, სესხის აღებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გონივრული რისკი ცხოვრებაში კარგია, თუმცა ზუსტად გათვლილი, მოკლე დროში გაწერილი გეგმა ბევრად მომგებიანია, ნებისმიერ სფეროში. სესხის აღების დროსაც გირჩევთ არ გარისკოთ და არ იმოქმედოთ იმპულსურად.

გაითვალისწინეთ/ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა ფაქტორებს და სესხის აღება ბევრად ნაკლებს ან საერთოდ არ შეგიქმნით ფინანსურ პრობლემებს.

უპირველეს ყოვლისა, ჩამოაყალიბეთ მიზანი

რისთვის გჭირდებათ სესხი? აუცილებელია? იქნებ ალტერნატიული გზები არსებობს მაგალითად დაზოგვა?!  

თუ დაზოგვისთვის არ გცალიათ და სესხის აღება აუცილებელია, სანამ ბანკში წახვალთ, მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი ან word-ის ფაილი გახსენით. კარგად დაფიქრდით და ჩამოწერეთ თქვენი ერთი თვის “ფინანსური გეგმა:”

გაიხსენეთ თქვენი ყველა თვიური შემოსავლის წყარო, ჩამოწერეთ და შეკრიბეთ. ეს თქვენი ბიუჯეტია, რომელსაც თქვენ მართავთ. რა კარგი იქნებოდა ყოველდღიური ხარჯები რომ არ გქონდეთ...

მაგრამ ახლა ხარჯების ჩამოწერის დროა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც არ გამოგრჩეთ, მათთვისაც გამოყავით თანხა, და ხარჯებს მიათვალეთ. შეიძლება ერთ დღეს მადლობა უთხრათ თქვენს თავს, წინდახედულობის გამო. ახლა გადამწყვეტი მომენტი დგება...

თქვენს შემოსავალს გამოაკელით თქვენი თვიური ხარჯები. მიღებული თანხით უნდა იხელმძღვანელოთ. თქვენს თავს კითხვები დაუსვით და თავადვე უპასუხეთ:

  • ღირს სესხის აღება?
  • შევძლებ ყოველთვე ბანკისთვის თანხის გადახდას?
  • შემიძლია შემოსავლის გაზრდა ან ხარჯების შემცირება?

ვფიქრობ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და პროცენტების დასახელება, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ, არც ისე კარგი იდეაა. თავად დაფიქრდით და განსაზღვრეთ საკუთარი შესაძლებლობები. როცა “ფინანსურ გეგმას”  ხორცს შეასხამთ, წინ გადაგეშლებათ მკაფიო სურათი. დაინახავთ რამდენად ფართოა თქვენი ასპარეზი. შეიძლება გადაიფიქროთ სესხის აღება, ანდაც, პირიქით მიხვდეთ, რომ ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.  

მეორე ეტაპი ბანკის, სესხის ტიპისა და პირობების სწორი შერჩევაა

გახსოვდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ბანკი და მათი შემოთავაზებები მიმზიდველია სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობისა და მიზნების მქონე პირებისთვის. მოიძიეთ ინფორმაცია, დასვით შეკითხვები, მოითხოვეთ პასუხები, ეს თქვენი უფლებაა. თქვენზე მორგებული პირობები, სამომავლოდ თქვენი და ბანკის ურთიერთობას კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. თუ არ მოგწონთ პირობები, გაარკვიეთ, იქნებ ალტერნატიული გზაც არსებობს.

როცა თქვენზე მორგებულ ფინანსურ ორგანიზაციასა და პირობებს შეარჩევთ

უნდა გაიაროთ შესაბამისი პროცედურები. ეს პროცედურა ნამდვილად არ არის ერთი დაწკაპუნება და ბანკნოტების აღება. უნდა გააკეთოთ განაცხადი, შემდეგ შეაფასებენ რამდენად შეგიძლიათ სესხის აღების შემთხვევაში მისი დაფარვა. გაითვალისწინეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია. ტყუილით დაწყებული ურთიერთობები მეგობრულ ურთიერთობებშიც კი ცუდად მთვარდება და ახლა წარმოიდგინეთ ოფიციალური და ასეთი საპასუხისმგებლო საქმის ტყუილით დაწყება.  

სესხის დამტკიცებამდე და მის შემდეგაც გაითვალისწინეთ, რომ სესხს თან ახლავს სხვადასხვა ხარჯები - საპროცენტო სარგებელით დაწყებული საკომისიოებით დამთავრებული.

ბანკში ყოფნისას ჯერ არ შემიმჩნევია ადამიანი, ვინც ხელშეკრულებას დეტალურად, ყურადღებით კითხულობს და ისე აწერს ხელს... რატომ? ბევრი მიზეზია - სხვა ადამიანებიც ელოდებიან თავიანთ რიგს, თითქოს ბანკის თანამშრომელთან უხერხულად ვგრძნობთ თავს, მას დროს ვაკარგვინებთ. მიუხედავად ამისა, არასდროს! არასდროს მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას, რომლის ყველა პუნქტი კარგად გააზრებული არ გაქვთ. თქვენ გაქვთ უფლება წინასწარ მოითხოვოთ ხელშეკრულების პირობები, ორგანიზაცია კი ვალდებულია ის მოგაწოდოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - რაიმეს თუ ვერ იგებთ, აუცილებლად იკითხეთ.

და აი თქვენ სესხი დაგიმტკიცდათ

გილოცავთ!  გისურვებთ გონივრულად მოიხმაროთ ის და წინასწარ განსაზღვრული მიზნის მიხედვით, გონივრულად იმოქმედოთ. თუ თვეების მანძილზე რაიმე სახის დისკომფორტი შეგექმნებათ, ან რაიმე გარდამტეხი ცვლილება მოხდება, შეგიძლიათ გრაფიკიც შეცვალოთ. თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს გაითვალისწინებთ, არ შეგექმნებათ სესხის დაფარვის პრობლემა.

ყველაფრის მიუხედავად, ვერ ფარავთ სესხს?

არც ესაა სამყაროს დასასრული, მთავარია საფინანსო ორგანიზაცია ინფორმირებული იყოს და არავითარ შემთხვევაში არ გავწყვიტოთ მასთან კონტაქტი. არც საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შეგეშინდეთ, შეიძლება ეს თქვენთვის უკეთესიც კი იყოს.

გახსოვდეთ, რაც უფრო ინფორმირებული ხართ, უფრო ძლიერი ხართ 

წაიკითხეთ, მოიძიეთ, უყურეთ ვიდეოებს. კი მაგრამ, სად შეიძლება ეს ყველაფერი ვიპოვოთ?  ამაზეც გიპასუხებთ: ფინედუს გვერდზე ან ნებისმიერ ორგანიზაციას მიაკითხეთ.

ბოლოს, სანამ უკვე აღებული სესხის დახარჯვას შეუდგებით, რამდენიმე რჩევა მაქვს თქვენი უსაფრთხოებისთვის: დღეს, ვირტუალურ სამყაროში, რთულია უსაფრთხოდ ყოფნა.

  • გირჩევთ არასდროს დააწკაპოთ გაურკვეველ საეჭვო ლინკს.
  • თუ ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ელ-ფოსტაზე მუქარის წერილს მიიღებთ, ჯერ დაგუგლეთ ტექსტი და გაარკვიეთ - ხომ არ იძებნება მსგავსი სახის შეტყობინება? თუ იძებნება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგრამ თუ არა, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას.
  • თუ ტელეფონში ე.წ wallet გაქვთ, არ გადმოწეროთ საეჭვო აპლიკაციები.