კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის სწორად მართვა?

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის სწორად მართვა?

9949
4.3 / 5

უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვებს ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე? დიახ, უნდა ვესაუბროთ - ეტაპობრივად, ასაკის შესაბამისად და სახალისო გზებით. ფინანსური განათლება ეხმარება ადამიანებს, მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები, რაც მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება. თუმცა ფინანსური განათლება მხოლოდ რაიმე ფინანსური საკითხის ცოდნას არ ნიშნავს, ეს ცოდნასთან ერთად ფინანსური ქცევებისა და დამოკიდებებულებების ერთობლიობაა. დამოკიდებულების და მით უმეტეს, ქცევის შეცვლას კი დრო სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდანვე ვესაუბროთ ბავშვებს ფულის შესახებ, ავუხსნათ საიდან მოდის ის და რაში იხარჯება, როგორ გავარჩიოთ ჩვენი სურვილები და საჭიროებები, ვასწავლოთ ფინანსური მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად თანხის გადადება. ეს მათ დაეხმარება გამოიმუშავონ დაზოგვის ჩვევა და ზრდასრულ ასაკშიც პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხარჯვას. 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის სწორად განკარგვა?

"გააცანით" ფული

ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ ფული შეუზღუდავი რაოდენობითაა. ამას ონლაინ გადახდები და ბარათებიც უწყობს ხელს: ფული აღარ გვაქვს? რა პრობლემაა, ბანკომატიდან გამოვიტანოთ - გვეუბნებიან პატარები, რადგან ფიქრობენ, რომ ბანკომატს დაუსრულებლად შეუძლია ფულის გაცემა. გახადეთ ფული მათთვის მეტად ხელშესახები - დაათვალიერებინეთ ბანკნოტები და მონეტები, რათა უფრო ადვილად გაიაზრონ, რომ ისინი შეუზღუდავი რაოდენობით არ არსებობს. ბარათის უბრალოდ დადებით კი არ ვყიდულობთ მაღაზიაში სხვადასხვა ნივთებს, არამედ ამ ბარათიდან ჩვენი ფული იხარჯება. ამ ფულს კი გამომუშავება სჭირდება. აუხსენით, რომ ფული სწავლითა და შრომით გამოიმუშავება. 

აჩვენეთ, რაში იხარჯება ფული

ყოველდღიურ სიტუაციებში, სხვადასხვა მაგალითზე შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვებს, საიდან მოდის ფული და სად იხარჯება ის. მაგალითად: 

ბანკთან ურთიერთობისას

ბანკომატის გამოყენებისას ასწავლეთ, რომ ბარათიდან გამოტანილი ფული „უფასო“ არ არის. ეს ფული თქვენს საბანკო ანგარიშზე ინახება და იქედან ბანკომატისა და ბარათის საშუალებით გამოგაქვთ. საბანკო ანგარიშზე შენახული ფული თქვენი შრომით გამოიმუშავეთ და ის უსასრულო რაოდენობით სულაც არ არის. უთხარით, რომ ბანკომატიდან ფულის ყოველი გამოტანისას, ან ბარათით მაღაზიაში გადახდისას, საბანკო ანგარიშზე სულ უფრო ნაკლები ფული რჩება. 

საყიდლებზე სიარულისას

შეახედეთ ბავშვს ფასმაჩვენებლებზე. აუხსენით, რომ ყველა პროდუქტს თავისი ფასი აქვს და სწორედ ამდენ ფულს ვიხდით იმაში, რომ ის ვიყიდოთ. ასწავლეთ, რომ ერთი და იმავე დანიშნულების პროდუქტი შეიძლება სხვადასხვა ფასი ღირდეს და ყიდვამდე ფასებიც უნდა შევადაროთ ერთმანეთს. 

საყიდლებზე წასვლადე წინასწარ ჩამოწერეთ შესაძენი ნივთების სია. სთხოვეთ ბავშვს, თვითონაც მიიღოს მონაწილეობა - თუ რამეს შეძენა სურს, ერთად გადაწყვიტეთ იყიდით თუ არა ამ პროდუქტს და ისე ჩაწერეთ სიაში. ყიდვისას კი მკაცრად მიჰყევით ამ სიას. ამით ბავშვი ისწავლის წინასწარ დაგეგმვას და არ მოითხოვს ზედმეტი რაღაცების ყიდვას, როცა ეცოდინება, რომ პროდუქტებს სიის მიხედვით ყიდულობთ.  

გადასახადების გადახდისას

აჩვენეთ ბავშვს ელექტროენერგიის, გაზის ქვითარი და გადასახდელი თანხა დაუკავშირეთ თქვენს სამუშაოს - მაგალითად, ამა და ამ მოცულობის თანხის გადასახდელად რამდენი საათის მუშაობა დაგჭირდათ.

ასწავლეთ ფულის მოფრთხილება

ფული უბრალო ქაღალდი არ არის, ამიტომ აუხსენით ბავშვს, რომ ყურადღებით იყოს ფულთან - არ დაკარგოს ან არ დახიოს. თუ ბარათით სარგებლობს, ასწავლეთ, რომ ბარათსაც ასევე უნდა გაუფრთხილდეს - არ დატოვოს უყურადღებოდ, არ გადასცეს სხვას და არ გაუზიაროს ბარათზე დატანილი მონაცემები ან ბარათის პინკოდი არავის. 

ჩართეთ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ბავშვის ზრდასთან ერთად, შეგიძლიათ თანდათანობით ჩართოთ ის ბიუჯეტირების, დაზოგვისა თუ ხარჯვის პროცესში. მაგალითად:

ფასების შედარება

როცა მას რამე ნივთის შეძენა სურს, დაეხმარეთ, მოძებნოს სხვადასხვა შემოთავაზება და ერთად შეადარეთ სხვადასხვა შემოთავაზების პირობები, მათ შორის ფასებიც. 

ღონისძიების დაგეგმვა

ჩართეთ ბავშვი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, ერთობლივად შეადგინეთ მისი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ბიუჯეტი - ჩამოწერეთ შესაძლო ხარჯები, იქნება ეს ადგილის დაქირავება, კვება, გაფორმება, ტრანსპორტი თუ ღონისძიების ბილეთები. 

ბიუჯეტირება

ჩართეთ ბავშვი ოჯახის ბიუჯეტის შედგენის პროცესშიც. აჩვენეთ, რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი თვეში ან კვირაში და რაში იხარჯება ეს თანხა. თუ უკვე საკუთარი გამომუშავებული ფული აქვს, დაეხმარეთ მისი პირადი ბიუჯეტის შედგენაში.

მიეცით ჯიბის ფული

როცა ბავშვებს „საკუთარი“ ფული აქვთ, უკეთესად სწავლობენ მის განკარგვას. თავად გადაწყვიტეთ, ყოველკვირეულად მისცემთ ერთი და იმავე რაოდენობის ჯიბის ფულს, თუ თანხას ბავშვის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით შესთავაზებთ. 

შეგიძლიათ დააწესოთ კონკრეტული რაოდენობის ჯიბის ფული, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მისცემთ, მაგალითად, ყოველკვირეულად. ეს მას შეიძლება სხვადასხვა აუცილებელი ხარჯისთვის დაჭირდეს - მაგალითად, მგზავრობა, კვება და ა.შ. მთავარია, ერთიანად არ დახარჯოს და გადანაწილებას მიეჩვიოს. ასევე, დამატებით შეგიძლიათ შესთავაზოთ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება, რაშიც ფულს გადაუხდით: სახლის გამოგვა, ნაგვის გადაყრა, საჭმლის მომზადება, გარეცხილი ტანსაცმლის დახარისხება, ბაღის მოვლა და ა.შ. აუხსენით, რომ ეს დამატებითი თანხა მის შრომაში გადახდილი ანაზღაურებაა. 

წაახალისეთ, რომ დაზოგონ

დაზოგვის ჩვევის გამომუშავება ადრეული ასაკიდანვე სჯობს.

უყიდეთ ყულაბა ან გაუხსენით შემნახველი დეპოზიტი

ყულაბაში თანხის დაგროვება კარგი აზრია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. უფრო დიდებს შეგიძლიათ შემნახველი დეპოზიტიც გაუხსნათ, ერთად წახვიდეთ ბანკში და შეიტანოთ თანხა დეპოზიტზე.  აუხსენით, რომ ყულაბისგან განსხვავებით,  დეპოზიტს საპროცენტო სარგებელი ერიცხება, რადგან გამოდის, რომ ჩვენ ამ თანხას ბანკს ვასესხებთ, ის კი სანაცვლოდ, ზედმეტ თანხას გვიხდის. დეპოზიტზე ასევე ადვილად შეუძლიათ მიადევნონ თვალი, რა თანხა დაგროვდა. 

საჭიროებები და სურვილები

ასწავლეთ ბავშვს საჭიროებებისა და სურვილების ერთმანეთისგან გარჩევა. ის, რის გარეშეც ცხოვრების ნორმალური პირობების შენარჩუნება შეუძლებელია - საჭიროებაა, მაგალითად, სახლი, საკვები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ა.შ. ხოლო ის, რაც აუცილებელი არ არის, მაგრამ გვინდა - სურვილია, მაგალითად, გართობა, ტკბილეული და ა.შ. უთხარით, თანხის ხარჯვისას გაითვალისწინონ - რა არის აუცილებლობა და რა არის სურვილი. ესაუბრეთ რეკლამის გავლენაზეც - რომ რეკლამა ცდილობს, გვაყიდინოს ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ, რამდენად გვჭირდება ის. ასწავლეთ ხარჯების აღრიცხვაც, რათა ზრდასრულ ასაკშიც აკონტროლონ საკუთარი ხარჯები. 

დაეხმარეთ ფინანსური მიზნების დასახვაში

თუ რაიმეს შეძენა სურს, უბრალოდ არ უთხრათ, რომ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ და მორჩა: აქციეთ ეს მის ფინანსურ მიზნად და აწავლეთ ამისთვის თანხის დაზოგვა. მართალია, ამას ნებისყოფა სჭირდება, მაგრამ ახლა თუ არა, მომავალში მაინც შეძლებს ყიდვას. ამისთვის კი თავისი სურვილების პრიორიტეტიზირება უნდა მოახდინოს - დახარჯოს ახლა, თუ შეაგროვოს და უფრო ღირებული რამ იყიდოს მომავალში. 

ასწავლეთ გაზიარება

აუხსენით, რომ მისი დანაზოგის ნაწილით შეუძლია დაეხმაროს სხვებსაც, ვისაც ფინანსურად ნაკლები შესაძლებლობა აქვს. უთხარით, რომ ქველმოქმედება არამარტო ფულის გაზიარებით, არამედ საკუთარი ნივთების (მაგალითად, ტანსაცმლის, სათამაშოების, პროდუქტის) ან დროის დათმობითაც (რამეს სწავლება, სამუშაოებში დახმარება) შეუძლიათ.