კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ შევამციროთ რისკები და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი

როგორ შევამციროთ რისკები და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი

1022
0 / 5

თითქმის ყველა ჩვენგანს უნახავს 2004 წელს გამოსული საკულტო ტრილერი „პეპლის ეფექტი“, მიუხედავად იმისა რომ ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, პეპლის ეფექტი სამეცნიერო თეორიაა. ხოლო ტერმინის ავტორი უნებურად პროფესორი მეტეოროლოგი ედვარდ ლორენცი გახდა. 1972 წელს ლორენცი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა თუმცა, საქმეში ჩაფლულს ლექციის თემისთვის სათაურის მიწერა გამორჩა. ხოლო, ორგანიზატორმა, ნაჩქარევად ის ასე დაასათაურა, - „პროგნოზირებადობა: შეუძლია თუ არა ბრაზილიაში პეპლის ფრთების აქნევას ტეხასში ტორნადოს გამოწვევა”.

„პეპლის ეფექტს“ უწოდებენ მოვლენებს, როდესაც უმნიშვნელო გადაწყვეტილება არაპროპორციულად მასშტაბურ შედეგს იწვევს. ადამიანებს ეს თეორია, ალბათ იმიტომ მოსწონთ, რომ ის ეხება კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს თავსატეხს, შეგვიძლია თუ არა მომავლის წინასწარმეტყველება. მას შემდეგ, რაც ნიუტონმა მოძრაობის კანონები და მიზიდულობის თეორია შექმნა, თითქოს, შესაძლებელი უნდა გამხდარიყო ყველაფრის განჭვრეტა, პლანეტების მოძრაობის, მზის დაბნელების თუ დედამიწაზე კომეტების ჩამოვარდნის. მოგვიანებით პიერ-სიმონ ლაპლასმა, ერთგვარი ზეცნობიერის მოდელიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პირობით ზეცნობიერს, თუ სამყაროს არსებული მდგომარეობის შესახებ ყველაფერი ეცოდინება, - სხეულების მდებარეობა, იმპულსი და ყველა ნაწილაკის ზემოქმედება, ამასთანავე თუ ცნობიერება საკმარისად ძლიერი იქნება იმისთვის, რომ გაიაზროს ეს ყველაფერი, მისთვის მომავალიცა და წარსულიც დღევანდელი დღესავით ნათელი გახდება. ამას სხვაგვარად დეტერმინიზმსაც უწოდებენ, რომლის მიხედვითაც მომავალი წინასწარგანსაზღვრულია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ როდის დადგება ის. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. 

ნიუტონმაც იცოდა, რომ ზოგიერთი სისტემა გამოთვლას რთულად ექვემდებარება, რაც სამი სხეულის პრობლემით აიხსნება. მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობის გამოთვლა საკმაოდ ადვილია, თუ სხვა პლანეტების არსებობას დავივიწყებთ. თუმცა, საკმარისია თუნდაც მთვარე დავამატოთ, რომ საქმე რთულდება. დღეს მეცნიერებაში ამას ქაოსის თეორიას უწოდებენ.

ქაოსის თეორიას საფუძველი, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა ლორენცმა ჩაუყარა, როდესაც ის ქმნიდა ატმოსფეროს კომპიუტერულ სიმულაციას. მას სულ 12 ცვლადი ჰქონდა, როგორებიც არის ტემპერატურა, წნევა, ტენიანობა და სხვა. კომპიუტერი აანალიზებდა საწყის პირობებს და აწვდიდა მონაცემებს ამინდის პროგნოზი სახით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ განმეორებითი მოდელირება არასწორ შედეგებს იძლეოდა და რამდენიმე ინტერვალის შემდეგ ატმოსფეროს მდგომარეობის სრულიად განსხვავებული სურათი იქმნებოდა. გაირკვა რომ კომპიუტერი მონაცემებს მძიმის შემდეგ მეექვსე ციფრზე ამრგვალებდა და ამრიგად ერთ მეათასედზე მცირე სხვაობაც ყველაფერს ცვლიდა. მიუხედავად იმისა რომ ლორენცი შემდეგში სულ უფრო ამარტივებდა პირობებს, უმნიშვნელო ცვლილებები მაინც თავდაყირა აყენებდა შედეგს. სწორედ ასე გაჩნდა ქაოსის თეორია. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ეს სისტემა სავსებით დეტერმინიზირებულიცაა და ამავდროულად არაპროგნოზირებადიც, სწორედ ამიტომ, დღესაც, მხოლოდ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზირება შეგვიძლია. ხოლო, ხანგრძლივი პროგნოზისთვის, უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ საშუალო ისტორიული მონაცემებით.

ჩვენ არ შეგვიძლია ყველა რისკის წინასწარ შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გამორიცხვა. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და სწორედ ეს აქცევს მას თავბრუდამხვევ თავგადასავლად. თუმცა, ისეთ მოულოდნელობებსაც ვაწყდებით, რომელსაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. თუ არ შეგვიძლია უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილება, შესაძლებელია მათი შედეგებისგან დაზღვევა. თქვენ შეიძლება გაწაფული და ფრთხილი მძღოლი იყოთ, მაგრამ მოულოდნელმა სეტყვამ ავტომობილი დაგიზიანოთ და ამის გამორიცხვა არ შეგვიძლია. რისკები ეხება ყველაფერს, სახლს და ოფისს, ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. ამაზე ფიქრი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ შევთანხმდეთ რომ წინასწარ უსიამოვნო ფიქრები ჯობს, მოულოდნელად ფაქტებთან შეჯახებას.

თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველაფრის დაზღვევა არის შესაძლებელი. მაგრამ როგორ დავადგინოთ რა დავაზღვიოთ, რათა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი. შეგვიძლია გამოვყოთ დაზღვევის სამი ძირითადი მიმართულება: პირადი ინტერესების დაზღვევა, ქონებრივი ინტერესების დაზღვევა და პასუხისმგებლობის დაზღვევა. არ არსებობს ოქროს წესი, რომელიც მზა პასუხს გაგვცემს, რა ტიპის დაზღვევა უნდა გამოვიყენოთ, თუმცა შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ მათგანზე: საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა, სახლის დაზღვევა, ავტოტრანსპორტის დაზღვევა და ბიზნესის დაზღვევა.

მოდი დავფიქრდეთ რა არის ჩვენთვის ინდივიდუალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმა მოულოდნელმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენთვის განსაკუთრებულად დიდი ფინანსური ზიანი, ან რასთან გამკლავება გაგვიჭირდება ჩვენი სახსრებით, თუ ის იჩენს თავს. 

ისევ კინემატოგრაფს მივმართოთ, გიფიქრიათ, რა მოხდებოდა თუ სერიალ Breaking Bad-ის მთავარი გმირი, უოლტერ უაიტი კიბოს რისკს დააზღვევდა? ასეთ შემთხვევაში მას ბანალურად დაზღვევა აუნაზღაურებდა ფილტვების სიმსივნის მკურნალობას და აღარ მოუწევდა მეტამფეტამინის დამზადება. ხოლო, მაყურებელი  კრიმინალური დრამის ნაცვლად კიდევ ერთ სამედიცინო ტელეშოუს მიიღებდა. კრიმინალური სერიალები რომანტიკულად გამოიყურება, თუმცა კიბოს პერსპექტივა არც ისე მიმზიდველად ჟღერს. სიმსივნე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა და ამაზე უმჯობესია წინასწარ ვიფიქროთ. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ სადაზღვევო კომპანია, გავეცნოთ მათ პირობებს და გავითვალისწინოთ სხვადასხვა დეტალი.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ რისი დაზღვევაა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, უნდა შევარჩიოთ სადაზღვევო კომპანია. შეიძლება თავდაპირველად რამდენიმე მათგანს მივმართოთ, შევადაროთ სადაზღვევო პირობები და მათგან ჩვენთვის ყველაზე სასარგებლოზე გავაკეთოთ არჩევანი. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ დაზღვევის პირობებს, პოლისი შეიძლება მოიცავდეს ჩვენთვის საინტერესო ყველა რისკს, მაგრამ აუცილებელია ყურადღებით გავეცნოთ გამონაკლისებს, რასაც ითვალისწინებს შემოთავაზება, ის გარემოებები და პირობები, რომლის შემთხვევაშიც არ აგვინაზღაურდება რისკები. მნიშვნელოვანი დეტალია ფრანშიზაც, დააზუსტეთ ფრანშიზის პირობა და ოდენობა, რამდენადაც ეს არის თანხა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფრანშიზის ოდენობა, არამედ, თანხის ანაზღაურების პირობებიც. კიდევ ერთი დეტალი, სანამ დაზღვევას გააფორმებთ, პოლისის შეძენამდე ყველა საჭირო ინფორმაცია გულახდილად მიაწოდეთ მზღვეველს. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, მზღვეველმა უარი გითხრათ დაზღვევის ხელშეკრულებას დადებაზე ან არ აგინაზღაუროთ ზიანი.

მას შემდეგ, რაც დაზღვევას შეიძენთ გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად  ხელშეკრულების დადების თარიღისა, მზღვეველი არ აგინაზღაურებთ თანხას თუ შემთხვევის დადგომისას არ გექნებათ სადაზღვევო პრემია გადახდილი. ასევე, არ შეწყვიტოთ სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველის ინფორმირების გარეშე, რამდენადაც მხოლოდ თქვენი პირადი გადაწყვეტილება არ გათავისუფლებთ გადასახადისგან. ასევე აუცილებელია, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იმოქმედოთ სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად, პროცედურების სრული დაცვით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაშიც, შესაძლოა მზღვეველმა ასევე უარი თქვას ზიანის ანაზღაურებაზე. 

დაზღვევასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსურ მეგზურს, სადაც ნახავთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე: https://finedu.gov.ge/ 

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია ნიტა გაბისონია