კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ მივედი ბანკომატის შიშიდან პირადი ბიუჯეტის შედგენამდე

როგორ მივედი ბანკომატის შიშიდან პირადი ბიუჯეტის შედგენამდე

1561
4 / 5

იყო დრო, ჩემს ცნობიერებაში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუცია არსებობდა, სახელად დედის საფულე. ჩემი სამომხმარებლო ტრანზაქცია კი მაღაზიაში საღეჭი რეზინის ყიდვით შემოიფარგლებოდა.

ერთხელ მახსოვს ბანკის სალაროს რიგში მდგომმა დედაჩემმა შემოსასვლელში, ბანკომატის გვერდით დამტოვა. ვიტრინის გარედან შავ კოსტუმებსა და თეთრ პერანგებში გამოწყობილი სერიოზული უფროსების დანახვამ დამთგრუნა, ბანკომატი კი რატომღაც პირდაღებულ გველეშაპს მივამსგავსე. მაშინ არც კომერციული ბანკი ვიცოდი რა იყო და არც სადეპოზიტო დაწესებულება, მაგრამ ჩემს თავს აღვუთქვი, მსგავს ადგილებში არასდროს შევსულიყავი და არც იმ ბუა უფროსებს დავლაპარაკებოდი, სერიოზული სახეებით რომ დადიოდნენ ვიტრინებს მიღმა.

პირადი ფინანსების მართვის პირველი გამოცდილება 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ პირობის გატეხვა მალევე მომიხდა. ცნობიერების დონეზე უფრო ადრე, უშუალოდ ქცევაში კი ცვლილებებმა მაშინ იჩინა თავი, როცა სტუდენტი გავხდი და საკუთარი ბიუჯეტის განკარგვის პასუხისმგებლობა დამეკისრა. ბოლო წვეთი ჩემი ბუღალტერი მეგობრის გაკვირვებული სახე იყო, შენ რა საკუთარი ბიუჯეტის აღრიცხვას არ  აწარმოებო? აი, მაშინ კი მივადექი „სერიოზულ უფროსებს“ და ხან საკუთარი ონლაინ ბანკის შექმნაზე ვაწუხებდი, ხანაც სტუდენტური ანაბრის პირობებს ვახსნევინებდი. სხვათაშორის, ბანკომატთანაც, რომელიც სულაც არ ყოფილა გველეშაპი, გამოვნახე საერთო ენა.

ახალ დღის წესრიგთან შეგუებისას პირველად ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ფინანსური ცნობიერების შესახებ სკოლაში ერთი-ორი სიტყვა გამეგო და ახალ მოცემულობას მომზადებული დავხვედროდი. რადგან სკოლაში ვეღარ დავბრუნდებოდი, ყველაზე მარტივ გამოსავალს, Google-ს მივადექი. ერთი შეხედვით სიტყვათა მოსაწყენი ერთობლიობა, ფინანსური ცნობიერება, პრაქტიკული და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი რამ აღმოჩნდა. ფინანსური ცნობიერება ერთგვარი უნარია, რომელიც ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და, შესაბამისად, ჩვენი ფულის მართვაში გვეხმარება.

ამიტომ შევეცდები, დაგანახოთ, რატომ ღირს, ცოტა დრო დავუთმოთ ამ ფენომენის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და აქვე ჩემს გამოცდილებებსაც გაგიზიარებთ:

დავიწყე ჩემი ხარჯების და შემოსავლის დათვლა

როცა ბარათით სარგებლობ, ამაზე მარტივი გამოსათვლელი არაფერია. რამდენიმე კვირიანი დაკვირვების     შემდეგ     ვიცოდი     საშუალოდ     რამდენს     ვხარჯავდი     თვის  განმავლობაში მგზავრობაში, საკვებში, კომუნალურებში, გართობაში. შესაბამისად უფრო მარტივად ვითვლიდი დასახარჯი თანხის ლიმიტს ჩემი შემოსავლის პროპორციულად. ადრე პირადი ბიუჯეტის დათლა მდიდრების და უსაქმურების საქმე მეგონა, მაგრამ ახლა პირიქით ვფიქრობ - ბიუჯეტის შედგენა რომ აღარ დამჭირდება, აი, მაშინ ჩავთვლი ჩემს თავს მდიდრად. უფრო მეტიც, რაც შემოსავლის და ხარჯების თვლა დავიწყე, ჩემს სურვილებზე უარის თქმაც ნაკლებად მიწევს.

აქტიურად ვიყენებ ბონუს ქულებისა და ქეშბექის სისტემას

გარდა იმისა, რომ ბარათით გადახდა უფრო კომფორტული პროცესია, მას კიდევ ერთი პლიუსი აქვს: ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობლობა. მობილური ბალანსის შესავსებად დაგროვებულ ბონუს ქულებს ვხარჯავ და სიმართლე გითხრათ არც კი მახსოვს, ამ მიზნით ფული ბოლოს როდის გამოვიყენე. ქეშბექი კი არც მეტი არც ნაკლები გადახდილი თანხის პროცენტის უკან დაბრუნებას ნიშნავს. მიხვდით ხომ როგორი გაკვირვებული სახე მექნებოდა ამ ფუნქციის შესახებ რომ გავიგე?!

თვალყურს ვადევნებ სტუდენტურ ფასდაკლებებს

თუ სტუდენტი ხართ, თქვენი ბარათის შესაძლებლობები ალბათ გეცოდინებათ. გარდა იმისა, რომ შეღავათიანი მგზავრობის უპირატესობა გვაქვს როგორც საქალაქო ისე სარკინიგზო ტრანსპორტზე, ხშირად ცხადდება ფასდაკლებები თეატრის, კინოს, მუზეუმების, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებით სარგებლობისას. ამიტომ, როცა რამის შეძენას ან სადმე წასვლას ვაპირებ, მანამ ვამოწმებ, აქვს თუ არა ჩემთვის სასურველ ლოკაციას შეღავათიანი გადახდის პირობები სტუდენტებისთვის.

არ ვადნობ ჩემს პერსონალურ და საბანკო მონაცემებს საეჭვო საიტებს

ბოლო პერიოდში ჩემ გარშემო საკმაოდ გახშირდა ფინანსური თაღლითობის შემთხვევები. გაბრაზებულ გულზე ყველაფერს ბანკებს ვაბრალებთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამას წინათ არც ისე სანდო ვებ-საიტს მათი ავთენტურობის შემოწმების გარეშე მივაწოდეთ ჩვენი საბანკო მონაცემები. გაზრდილი ონლაინ ვაჭრობის შედეგად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თაღლითებისთვისაც გამარტივდა მომხმარებლებთან წვდომა. ამიტომ, როგორც მინიმუმ, პინკოდის დაყენება მაინც არ უნდა დაგვეზაროს ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებისას.

დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხის ძებნაში დაკარგული დრო დაზოგილი ფულია

როცა იცი, საშუალოდ რამდენს ხარჯავ თვეში და რა შემოსავალი გაქვს, მარტივად შეგიძლია გათვალო, რა ოდენობის სესხის აღებას გაწვდები. მაგრამ ამის გარკვევა შესრულებული საქმის ნახევარია. მერწმუნეთ, რომ ღირს ყველა შემოთავაზებული სასესხო პირობის განხილვა და მათგან ოპტიმალურის არჩევა: ჩემი მეგობარი ზუსტად იგივე ოდენობის სესხზე 1.5-ჯერ მეტს იხდის, ვიდრე მე. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავიზარე და უამრავი სასესხო შემოთავაზება შევამოწმე.

გამოცდილი ფინანსური მრჩეველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, რაღაც საფასური გვიჯდება, ხან თანხის და ხანაც დროის სახით. გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი შემოსავლის უფრო რაციონალურად განაწილება სწავლებადია და ახლა უკვე ვახერხებ არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ გაუთვალისწიენებლი ხარჯების დაფარვას და თქვენ წარმოიდგინეთ, დანაზოგის გაკეთებასაც კი.

ჩემს ნაწერს რომ ვკითხულობ, ანაბანად მეჩვენება, მაგრამ იყო დრო, როცა ჩამოთვლილი საკითხების მნიშვნელობაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა და მიხარია, რომ ერთ დროს ფინანსური ცნობიერების შესახებ მინიმალური ცოდნით, აქამდე მოვედი. ზღაპარი კი გველეშაპი ბანკომატის შესახებ კეთილად დამთავრდა.