კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ გავხდეთ ინვესტორი

როგორ გავხდეთ ინვესტორი

3070
5 / 5

გავხდეთ ინვეტორი - ეს, ერთის მხვრივ, არც თუ ისე რთული საქმეა. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება ან რომელიმე დიდ ფინანსურ პროქტებში ფულის დაბანდება და ა.შ.. ნებისმიერ ჩვენგანს მარტივად შეუძლია გახდეს ინვესტორი. მაგალითად, გაგიხსნიათ როდისმე უბრალო ანაბარი ბანკში, დარიცხული პროცენტების მიღების მიზნით? ან როდისმე შეგიძენიათ ოქრო ან უცხოური ვალუტა მოგების მიღების იმედით? მაშინ თქვენ უკვე გქონიათ საინვესტიციო გამოცდილება წარსულში და თუ ახლაც აგრძელებთ მსგავს აქტივობებს, თქვენ ნამდვილი ინვესტორი ბძანდებით. დიახ, ეს მართლაც ასეა და ინვესტორობა სულაც არ ნიშნავს რაღაც მიუწვდომელს. 

აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითებიც:

  • აბანდებთ ფულს საკუთარ განათლებაში მომავალში მეტი შემოსავლის მიღების მიზნით? - თქვენ ინვესტორი ბრძანდებით;
  • ყიდულობთ ოქროს ან ხელოვნების ნაწარმს მათი სამომავლო ფასის ზრდის იმედით? - თქვენ ინვესტორი ბრძანდებით;
  • ბინა გაქვთ ნაყიდი მისი გაქირავების და მეტი შემოსავლის მიღების მიზნით? - თქვენ ინვესტორი ბრძანდებით.

სია საკმაოდ გრძელია. თუმცა, მგონი თქვენ უკვე ჩაწვდით, რისი თქმაც მსურს - ინვესტორობა არ არის მხოლოდ "მილიონერთა" ხვედრი,  ის ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია (თუ, რა თქმა უნდა, გარკვეული ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს ამისათვის).

თუმცა ამ ბლოგპოსტში მსურს, შევეხო აღნიშნული თემის მეორე მხარესაც. იმის მიუხედავად, რომ, როგორც ვთქვი, ინვესტორობა ნებისმიერ ჩვენგანს მარტივად შეუძლია, აღნიშნული აქტივობა მაინც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან და მოიაზრებს საკმაოდ ხანგრძლივი გზის გავლას. მითუმეტეს, თუ თქვენ სერიოზულად და ხანგრძლივად აპირებთ ამ საქმიანობას. ამ შემთხვევაში, მე ვსაუბრობ ისეთ მიდგომაზე, როცა ადამიანი, რომელსაც ინვესტორობა მარტივი საქმიანობა ჰგონია, იწყებს ისეთ ავანტურულ და სარისკო პროექტებსა თუ საქმიანობაში ფულის დაბანდებას, რომლისაც მას საერთოდ არაფერი გაეგება, ამას მხოლოდ სხვების რჩევის ან საკუთარი, საკმაოდ ზედაპირული, ანალიზის საფუძველზე აკეთებს და იმავდროულად, ამ მიმართულებით მისი შემოსავლებისა თუ დანაზოგის საკმაოდ დიდი ნაწილსაც მიმართავს.

ამ პატარა ბლოგპოსტის იდეა, ბოლო დროს საკმაოდ გახმაურებული, გარკვეულ კრიპტოსავალუტო (თაღლითურ) ოპერაციებთან დაკავშირებული შემთხვევების სიმრავლემ შთამაგონა. ამიტომ ჩემს ამ ბლოგპოსტში შეცევდები ძალიან მარტივად, ორი სიტყვით, ავხსნა ის, თუ რა გზა აქვს გასავლელი "ნამდვილ" ინვესტორს იმ მომენტამდე, სანამ ის თუნდაც ისეთი მარტივი ინვესტირების განხორციელებაზე გადავა, როგორიც ჩვეულებრივი საბანკო ანაბრის გახსნაა მისგან პასიური შემოსავლის მიღების მიზნით. 

ინვესტორობამდე გასავლელ გზას გარკვეული თანმიმდევრობა გააჩნია და რომელიმე ნაბიჯის  იგნორირება საკმაოდ ცუდი შედეგით შეიძლება დასრულდეს. ხშირად ეს სწრაფი მოგების მიღების სურვილით აიხსნება. მათ, ვინც დისციპლინასა და მოთმინებას გამოიჩენს, ამ გზაზე გაცილებით ხშირადაც გაუმართლებთ. რა თქმა უნდა, ვიღაც მაინც იტყვის, რომ ამგვარი ნაბიჯებისაგან თავის არიდება გარკვეულწილად მაინც შესაძლებელია და დროის მოგების მიზნით, პირდაპირ სარისკო ან თუნდაც ბადალრიკსიან ინვესტირებაზე გადასვლა გაცილებით უკეთესი ვარიანტია.  მათ მე ვეტყოდი, რომ თავდაპირველად ასეთ მოყვარულ ინვესტორებს შეიძლება მართლაც უმართლებდეთ და გარკვეულ მოგებას ნახულობდნენ კიდეც. თუმცა, საწყისი ნაბიჯების იგნორირებით გამოწვეულმა გამოცდილების და ცოდნის ნაკლებობამ შესაძლებელია, მაინც სწრაფად იჩინოს თავი და ყველაფერი წაგებითა და იმედგაცრუებით დასრულდეს.

როგორ გავხდეთ წარმატებული ინვესტორი?

მოდით ყველაფერი ეტაპობრივად განვიხილოთ.

  1. პირველ რიგში, საბაზისო ფინანსური საკითხების შესწავლით და საკუთარი ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებით უნდა დაკავდეთ (პირველ ეტაპზე შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის მეშვეობით);
  2. უნდა დაიწყოთ თქვენი შემოსავლის და გასავლის ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწრიული გაანგარიშება და აღრიცხვა;
  3. შემდეგ ეტაპზე, თქვენ უნდა განაალიზოთ და გააცნობიეროთ თქვენი გაანგარიშებები და თავისუფალი თანხების გამოძებნის და დაზოგვის აუცილებლობა;
  4. შემდეგ უკვე, ჭკვიანური ეკონომიის და დაგროვებითი სისტემის შემოღებით, დაიწყოთ პირვანდელი კაპიტალის, ფულადი დანაზოგების ფორმირება (მაგალითად, შემოსავლის 10-20 %-ის ყოველთვიურად გადადების ხარჯზე). ეს დანაზოგები, პირველ რიგში, საჭიროა თქვენი ფინანსური ე.წ. "უსაფრთხოების ბალიშის" შესაქმნელად ანუ საგანგებო ვითარებისთვის ხელუხლებელი, ფულადი  რეზერვის შესაქმნელად;
  5. ამის შემდეგ, თქვენ უკვე სხვა მიზნებისთვისაც შეგიძლიათ ფულის შეგროვება და  დანაზოგების შექმნა. ამ პროცესის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, თქვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიჩნდებათ აზრი, რომ ფულის უბრალოდ შეგროვების პარალელურად, ასევე უკეთესი იქნებოდა ამ შეგროვებული თანხის სადმე დაბანდება და ამ თანხაზე დამატებითი მოგების მიღება;
  6. ამ ეტაპზე იწყება, როგორც წესი, ინვესტორის მხრიდან საინვესტიციო პროდუქტების შესწავლით დაინტერესება და ფინანსური საკითხების კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა, რადგან სანამ გადაწყვეტთ სადმე საკუთარი დანაზოგის დაბანდებას, მნიშვნელოვანია, კარგად გაერკვეთ ყველაფერში. ამ დროს ხდება სხვადასხვა საინვესტიციო საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის და შესაბამისი ინფორმაციული რესურსების შესწავლის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ბევრს შეიძლება მოთმინებაც კი არ ეყოს ამისთვის, ზუტად ამ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი, ადვილი და სწრაფი მოგების ნახვის სურვილმა და თქვენ ათასგვარ ავანტურულ პროექტში მოინდომოთ ფულის დაბანდება.  ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ პირველადი ფინანსური განათლების მიღების საკითხი, თქვენი ინვესტორად ქცევის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტერულია, ხოლო გამდიდრების სწრაფი გზების პოვნის ნაცვლად, უმჯობესია დაიწყოთ საინვესტიციო ექსპერიმენტები გაცილებით მარტივი/ნაკლებრისკიანი ინსტრუმენტებით და იმ მოცულობის  დაბანდებებით, რომლის დაკარგვის შემთხვევაში ზარალს ადვილად შეეგუებოდით.

ბევრი მოყვარული ინვესტორის პრობლემა, სწორედ საწყის ეტაპზე იჩენს თავს, რადგან გამდიდრების (ნელი) სქემის პირველი საფეხურიდან, მათ დაუყოვნებლივ 99-ე საფეხურზე სურთ  გადასვლა. რა დროსაც, როგორც წესი, ისინი ყოფენ თავს სხვადასხვა თალლითურ და ავანტურულ საქმეებში. ნამდვილი სიმდიდრე კი, ეტაპობრივად და მცირე თანხებით მოიპოვება. ამიტომ, ნუ იჩქარებთ და მიჰყევით ყველაფერს თანმიმდევრულად. თუ თვითგანათლების და დისციპლინის მეშვეობით თქვენ ნელ-ნელა გაივლით ამ გზას, მხოლოდ მოგებას და ფინანსურ სტაბულურობას ნახავთ წინ, რაც მოგაპოვებინებთ ნამდვილად ჭკვიანი და წინდახედული ინვერტორის სახელს, რადგან ინვესტორობა არა მხოლოდ ფულის სადმე დაბანდების შესაძლებლობას, არამედ წინდახედულობას, ფინანსური განათლების არსებობას და დისციპლინირებულობასაც ნიშნავს. ხოლო ის პატარ-პატარა შეცდომები, რომელიც მაინც გარდაუვალია ამ გზაზე, თქვენთვის კიდევ უფრო მეტი გამოცდილების მომტანი და საბოლო ჯამში, ფინასური წარმატების საწინდარი იქნება.