კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ დასრულდებოდა ზღაპრები, პერსონაჟებს დაზღვევა რომ ჰქონოდათ?

როგორ დასრულდებოდა ზღაპრები, პერსონაჟებს დაზღვევა რომ ჰქონოდათ?

3291
3.8 / 5

ამ კითხვაზე მოკლე პასუხია: “მალე”. ჩვენი საყვარელი ზღაპრების გმირებს რომ დაზღვევით ესარგებლათ, სწრაფად და ზედემეტი წვალების გარეშე მიაღწევდნენ ბედნიერ დასასრულამდე.

ალბათ, ზღაპრების პერსონაჟებისგან განსხვავებით, ერთხელ მაინც გაგიგია სიტყვა “დაზღვევა”. შეიძლება, ის სამსახურში შემოგთავაზეს, ტელევიზორში მის შესახებ ნანახმა რეკლამამ დაგაინტერესა, ან ახლობელს რაღაც გადახდა და გითხრა, “ნეტავ, დაზღვევა მაინც მქონოდაო”.

რა არის დაზღვევა?

დაზღვევის კონცეფცია ძალიან მარტივია. სადაზღვევო კომპანიას ყოველთვიურ ან წლიურ გადასახადს უხდი, სანაცვლოდ კი იღებ შენი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონებისა თუ ცხოვრების სხვა ასპექტის დაზღვევას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ხშირად, დაზღვევის შეძენას თავს ვარიდებთ, ვფიქრობთ: “რაში მჭირდება სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზღვევა ამ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანს?” ან, “რა ჯანდაბად უნდა დავაზღვიო მანქანა ასეთმა გამოცდილმა მძღოლმა?”

სინამდვილეში, რაც არ უნდა ჯანმრთელად ვგრძნობდეთ თავს, ან რამდენად კარგი მძღოლებც არ უნდა ვიყოთ, დაზღვევა ყველას გვჭირდება. ეს იმიტომ, რომ დაზღვევა მოქმედებს, როგორც ერთგვარი ფარი, რომელიც ფინანსურად გიცავს შენ და შენს ოჯახს, როდესაც რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება. აბა, ორი თავი სად გაქვს?! უფრო, სწორად - ცხრა თავი, დევი ხომ არ ხარ?

რადგან დევები ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ამ ბლოგში ვეცდებით, წარმოვიდგინოთ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ცნობილ ზღაპრებში, მათ პერსონაჟებს დაზღვევა რომ ჰქონოდათ. მათ მაგალითზე რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ, რათა თავი დაიზღვიო.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა

ვიცით, ვიცით, ფიფქია მაშინ შეცდა, როცა სრულიად უცხო ადამიანის მიერ შემოთავაზებული ვაშლის ჭამას დასთანხმდა. მაგრამ, იქნებ, ის უფრო სარისკო იყო, რომ უღრან ტყეში ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დაიარებოდა? ალბათ, ეს უკანასკნელი რომ ჰქონოდა, ჯუჯები მარტივად შეძლებდნენ სასწრაფოს გამოძახებას და მოწამლული ფიფქიაც პროფესიონალი ექიმების წყალობით განიკურნებოდა და არა უცხო კაცის კოცნის შედეგად.

ჯანმრთელობის დაზღვევა შესანიშნავი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ შენ და შენს ოჯახს საუკეთესო სამედიცინო დახმარებაზე გქონდეთ წვდომა, თანაც ისე, რომ ხარჯებზე არც იფიქრო.
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში დაზღვეული პირის სამედიცინო მკურნალობის ხარჯები სადაზღვევო კომპანიას ეკისრება. შენს მიერ რეგულარულად გადახდილი თანხის სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანია იხდის ყველა ხარჯს, რომელიც საჭიროა დაზღვეულის მკურნალობისთვის.

სამი გოჭის ამბავი

ალბათ, გახსოვს, როგორ გაანადგურა მგელმა ნიფ-ნიფისა და ნუფ-ნუფის სახლები - სულის შებერვით. მართალი იქნები, თუ ბრალს გოჭებს დასდებ, რომლებმაც სახლები პირველ შემთხვევაში ლერწმისგან, მეორეში კი - ტოტებისა და ფიჩხისგან ააშენეს. თუმცა იმაშიც უნდა დაგვეთანხმო, რომ აგურისგან აშენებული სახლიც არაა ყველაფრისგან დაცული, თუნდაც მგელი ვერაფერს აკლებდეს. ამასთან, ნაფ-ნაფის ძმებს რომ უძრავი ქონების დაზღვევა ჰქონოდათ, სამივე გოჭს ერთად ცხოვრება აღარ მოუწევდა.

სახლის დაზღვევა პასუხისმგებლობის დაზღვევას განეკუთვნება, რომელიც, გარდა ამისა, მოიცავს ქონების, მანქანის, ბიზნესისა და სხვა დაზღვევებს. დაზღვეული ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, პოლისის მოქმედების პერიოდში, სადაზღვევო კომპანია ფარავს მასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანუ მფლობელს უხდის ფინანსურ კომპენსაციას.

კონკია

აღნიშნული ზღაპარი ორი ტიპის დაზღვევის საჭიროების მაგალითად შეიძლება გამოდგეს. პირველყოვლისა, კონკიას დადანაშაულება იმაში შეიძლება, რომ ტრანსპორტის დაზღვევით არ სარგებლობდა. აბა, რა ეგონა, მისი ეტლი გოგრად არასდროს გადაიქცეოდა?! გარდა ამისა, არც მამამისი უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც სიცოცხლის დაზღვევა არ ჰქონდა. ამ უკანასკნელით რომ ესარგებლა, მისი ერთადერთი შვილი სიღარიბისთვის ხომ არ გაიწირებოდა?!

ტრანსპორტის დაზღვევა არის სატრანსპორტო საშუალებების (მაგალითად, მანქანის) დაზღვევა. ის დაგეხმარება, თავიდან აიცილო ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები.

სიცოცხლის დაზღვევა კი, როგორც წესი, დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის ან მემკვიდრის მიერ ფინანსური კომპენსაციის მიღებას უზრუნველყოფს.

კომბლე

გემახსოვრება, რომ კომბლემ დაკარგული ცხვრების დაბრუნება მაინც შეძლო, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ დროდ და ენერგიად დაუჯდა. სჯობდა, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა (აგროდაზღვევა) ჰქონოდა და ამდენი არ ეწვალა.

თუ ფლობ სოფლის მეურნეობის კულტურებს, ცხოველებს, ფრინველებს და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სხვა ქონებას, აგროდაზღვევა აუცილებლად გამოგადგება. ის საუკეთესო ხერხია სტიქიური უბედურებებისა თუ მწერების მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მსგავსი რისკებისგან თავდასაცავად.

წითელქუდა

დაბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ წითელქუდას უღრან ტყეში სამოგზაურო დაზღვევის გარეშე გაშვება დედამისის უდიდესი შეცდომა იყო.

სამოგზაურო დაზღვევა
გამოიყენება როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე მის შიგნით მოგზაურობის რისკებთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო მომსახურებას, მოგზაურობის გაუქმებას, დაკარგულ ბარგსა თუ სხვა გაუთვალისწინებელ ფინანსებს.

ხუმრობა და ზღაპრის გმირები რომ გვერდზე გადავდოთ და დაზღვევის უპირატესობებზე სერიოზულად ვისაუბროთ, შევძლებთ, სამი ძირითადი მიზეზი გამოვყოთ, რის გამოც, დაზღვევა ყველა ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია:

#1: დაზღვევა უზრუნველყოფს ოჯახის ფინანსურ სტაბილურობას

არ აქვს მნიშვნელობა რამდენის დაზოგვა მოახერხე ან რა არის შენი ყოველთვიური შემოსავალი, მოულოდნელმა მოვლენამ შეიძლება უზარმაზარი ნაპრალი გააჩინოს შენს ჯიბეში ან საფრთხე შეუქმნას შენი ოჯახის ფინანსურ მომავალს.

მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევაზე უარის თქმის შედეგად, შესაძლოა შენს ოჯახს დიდი გაჭირვება დაატყდეს, თუ ნაადრევად გარდაიცვლები. მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი თანხა ვერ ჩაანაცვლებს საყვარელი ადამიანის დაკარგვას, სიცოცხლის დაზღვევა მათ ეკონომიკური სიდუხჭირისგან იხსნის.

#2: "სიფრთხილეს თავი არ სტკივა!"

თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიას გადაუხდი, გიყიდის სიმშვიდეს, რომელიც, რეალურად, ფასდაუდებელია.

#3: დაზღვევა ამცირებს სტრესს რთულ პერიოდებში

როგორც არ უნდა ეცადო შენი ცხოვრების გაუმჯობესებას, გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რაც ფიზიკურად, ემოციურად და ფინანსურად დამთრგუნველია. კარგი დაზღვევის ქონა დაგეხმარება იმ მხირვ, რომ არ დაგჭირდება ფულზე ფიქრი ასეთ მძიმე პერიოდში და შეძლებ პრობლემის სხვა ასპექტებზე კონცენტრირდე.

#4: "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი"

ეს ქვესათაური ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებს. მხოლოდ ერთი რამის დამატება შეიძლება: კი ბატონო, ვინც რისკავს, ის სვამს შამპანურს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაზღვევა არ ნიშნავს რისკზე უარის თქმას - პირიქით, შესაძლოა უფრო მეტადაც გარისკო ხოლმე, თუ გეცოდინება, რომ ამ ქმედების შედეგებზე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა იზრუნებს.

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია ლაშა დ. კოტორი