კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რჩევები უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრების წინ

რჩევები უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრების წინ

3693
5 / 5

უცხოეთში სწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი წარმატებული მომავლის შესაქმნელად. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომელსაც თან უამრავი ახალი გამოწვევა ახლავს. თუ თქვენს ცხოვრებაში დადგა სწორედ ეს ეტაპი და მიიღეთ მიწვევა რომელიმე უცხოური უნივერსიტეტიდან, - გილოცავთ! თქვენ საინტერესო შესაძლებლობების და გამოცდილებების კარი ფართოდ გაგეღოთ. გამგზავრებამდე და სწავლის სრული პერიოდის განმავლობაში მოგიწევთ უამრავ საკითხზე დაფიქრება, გააზრება და გადაწყვეტილების მიღება. ასევე, მოგიწევთ დაგეგმოთ, დაიმახსოვროთ და მხედველობის არეში იქნიოთ რიგი საკითხები. ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებთ, რადგან უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრება და სწავლა არის თქვენი უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოთ არა მხოლოდ პროფესიული და აკადემიური განათლება, არამედ დაეუფლოთ უამრავ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. 

ვფიქრობ, გამოგადგებათ რჩევები და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პროგრამით სწავლის დროს. 

საცხოვრებელი

თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტიდან მიიღეთ სასიხარულო შეტყობინება, იმის შესახებ, რომ შემდეგ რამდენიმე თვეს თუ წელს გაატარებთ მათ უნივერსიტეტში და მზად არიან თქვენთან თანამშრომლობისთვის. შემდეგ წერილს მიიღებთ მალევე, იმის შესახებ, რომ შესარჩევი გაქვთ საცხოვრებელი და უნდა იჩქაროთ. უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ სტუდენტური საცხოვრებლის რამოდენიმე ვარიანტს. თუმცა, ყურადღებით იყავით, შესაძლებელია უნივერსიტეტი საერთოდ არ ითვალისწინებდეს თქვენი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ასეთ შემთხვევაში, დროულად დაიწყეთ ძებნა, რადგან თქვენთვის სასურველის შერჩევის პროცესი არც თუ ისე მარტივია. სამი ფაქტორი, რომელსაც შერჩევის დროს ყველაზე მეტად უნდა მიაქციოთ ყურადღება. 

  • მდებარეობა -  შესაძლოა იპოვნოთ ძალიან კარგი სახლი, თქვენთვის მისაღებ ფასად, მაგრამ იმდენად შორს იყოს თქვენი უნივერსიტეტიდან, რომ ბევრად დაბალი შეთავაზებების მქონე ბინის ქირაობა არჩიოთ მაღალ ფასად, რომელიც დაგაზოგვინებთ ყველაზე ძვირფასს, დროს. შესაძლოა ქირის მაღალი ფასი არც აჭარბებდეს იმ ხარჯს, რომელიც ექნება შორ მანძილზე მცხოვრებ სტუდენტს ტრანსპორტში. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ კარგად დათვალოთ, განსაზღვროთ და სწორად გადაანაწილოთ თქვენი პრიორიტეტები არჩევანის გაკეთებისას. აქვე შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ დიდ ქალაქებში ბინის ქირა ბევრად მაღალია ვიდრე პატარა ქალაქებში. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თავად ქვეყნაში არსებული კეთილდღეობის ღირებულებაც. მაგალითად: პარიზის გარე უბანში მდებარე ჩვეულებრივი ბინა ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე ათენის ცენტრში მდებარე კეთილმოწყობილი ბინა. ეს ყველაფერი სტიპენდიაშია გათვალისწინებული და სტიპენდიის კვოტა განსაზღვრულია ქვეყნების და ქალაქების მიხედვით. 
  • ფასი - თუ უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ საცხოვრებელს, სანამ თანხმობას გაუგზავნით, აუცილებლად ნახეთ მათ ადგილობრივ ბაზარზე არსებული ქირის ფასები. შესაძლებელია ბევრად იაფად, ბევრად უკეთესი ბინა იპოვნოთ თქვენ თვითონ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ პირველი თვის ქირასთან ერთად მოგიწევთ საცხოვრებლის დაზღვევის თანხის გადახდა, რომელიც ბინის დატოვებისას უკან გიბრუნდებათ, თუ რაიმეს ანაზღაურება არ გახდება საჭირო. ასევე გაარკვიეთ, რა ბენეფიტებს გთავაზობთ ქვეყანა ქირის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ქვეყანა უცხოელ სტუდენტებს ხანგრძლივი ვადით ვიზიტის დროს უფინანსებს ცხოვრების ხარჯის ნაწილს.  
  • საცხოვრებლის შეთავაზება - როდესაც შეარჩევთ სახლს სასურველი მდებარეობით აუცილებლად დააზუსტეთ ინფორმაცია, როგორც ინვენტარზე, ასევე კომუნალურ მომსახურებაზე. შესაძლებელია ბინის მდგომარეობა სულაც არ ჯდებოდეს თქვენს მოთხოვნებში და მოგიწიოთ სხვა ბინის მოძებნა. მაგალითად, ზოგიერთ ბინას არ აქვს საკმარისი ავეჯი და კომფორტული ძილისთვის საჭირო ნივთები. ამ ყველაფრის შეძენა მოგიწევთ თავად, რაც საკმაო ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ შემდეგი ფაქტორის გარკვევაც, კომუნალურის გადასახადი შევა თუ არა ბინის ქირაში. ბინის ქირაობისას კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება, რადგან ზუსტად იცოდეთ რამდენი ხნით გაქვთ საცხოვრებელი გარანტირებული, რომ ერთ დღეს უეცრად არ აღმოჩნდეთ სახლის გარეშე. აუცილებლად გააფორმეთ წინასწარი ხელშეკრულება მანამ, სანამ გაემგზავრებით, რადგან გამქირავებელს არ დაავიწყდეს თქვენი შეთანხმება და ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდეთ ბარგით ხელში.  

საბანკო ანგარიში 

გაემგზავრებამდე აუცილებლად გახსენით საქართველოში არსებულ რომელიმე კომერციულ ბანკში ანგარიში, დაამზადებინეთ საგადახდო ბარათი, რომელსაც ექნება უცხოური ვალუტის ანგარიში. აუცილებლად იქონიეთ ანგარიშზე იმ რაოდენობის თანხა რომლითაც შეძლებთ, თუნდაც 3 თვე, სტიპენდიის გარეშე ცხოვრებას. ამის შესახებ, სტიპენდიის ნაწილში ვისაუბრებ ვრცლად. ჩასვლამდე აუცილებლად მოიკვლიეთ იქაური ბანკების შეთავაზებები და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბანკის შეთავაზება. აქვე გეტყვით პირადი გამოცდილებიდან, რომ ზოგიერთ ბანკს აქვს სტუდენტებზე მორგებული პაკეტები და ფულადი საჩუქრები, რაც პირველ ეტაპზე ნამდვილად გამოგადგებათ. ამიტომ კარგად მოიკვლიეთ, რომელ ბანკს მიანდობთ თქვენს ანგარიშებს. გამგზავრებამდე აუცილებლად ჩანიშნეთ შეხვედრა ბანკთან, რადგან არ მოგიწიოთ ლოდინი რამოდენიმე კვირა ან თუნდაც თვე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის გახსნა შესაძლოა არც ისე მარტივი პროცესი აღმოჩნდეს და დაკარგოთ მინიმუმ ერთი სრული დღე. 

ტელეფონის ნომერი 

ტელეფონის ნომრის აღებაც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მოიკვლიოთ კომპანია,  რომელიც იაფ პაკეტებს შემოგვთავაზებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის უცხო ქალაქში, ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი ინტერნეტია მობილურ ტელეფონში მარტივი ორიენტაციისთვის. 

ტრანსპორტირება 

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არის ისეთი სატრანსპორტო პაკეტები როგორიც ჩვენ გვაქვს ახლა. არსებობს სტუდენტური პაკეტებიც, რომელიც კიდევ უფრო მეტ შეღავათებს გთავაზობთ. როდესაც სამგზავრო პაკეტს შეიძენთ, აუცილებლად, კარგად გაარკვიე მოძრაობის რა არეალს ფარავს თქვენი პაკეტი, რომ ერთ დღეს, საჯარიმო ქვითრით ხელში არ აღმოჩნდე.  

სტიპენდია და მისი სწორად განაწილება 

სტიპენდიის სრული ოდენობა აპლიკანტმა, ძირითად შემთხვევაში, იცის თავიდანვე, რაც უმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას, როგორც  ბინის შერჩევის დროს, ასევე სატრანსპორტო პაკეტის შეძენისას და საკვები პროდუქტების ყიდვისას. მარტივად შეუძლია გადაანაწილოს თანხა საჭიროებების და სურვილების მიხედვით. აუცილებლად, აქვე უნდა ვახსენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,  როგორიცაა სტიპენდიის ჩარიცხვის ვადები, რომელიც განსხვავდება პროგრამის, ქვეყნის პოლიტიკის და ზოგჯერ უნივერსიტეტების მიხედვითაც. 

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ წასვლამდე აუცილებლად გაუკეთოთ იმ რაოდენობის თანხას მობილიზება, რომელიც მინიმუმ ორი თვე მაინც გეყოფათ.  ეს არის თავის დაზღვევა თქვენი მხრიდან, სტიპენდიის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში. ჩემი მაგალითი აუცილებლად გასათვალისწინებელია იმ სტუდენტებისთვის რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ ბილეთის თანხის გადახდა მოუწევთ გამგზავრებამდე და ისიც ჩასვლისთანავე უკან დაუბრუნდებათ. არა მეგობრებო, შეიძლება სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდეთ. 4 სექტემბერს, პარიზში ჩასულს საკუთარი ჯიბიდან მომიხდა ყველა ხარჯის დაფარვა 20 ნოემბრამდე. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად დამჭირდა დიდი ძალისხმევა, უამრავი ვიზიტი უნივერსიტეტის და საცხოვრებლის ადმინისტრაციასთან, რათა საცხოვრებლის გარეშე არ დავრჩენილიყავი. გამიმართლა იმ მხრივ, რომ საცხოვრებელი იყო უნივერსიტეტის და სწორად იაზრებდნენ საკუთარი ბიუროკრატიულობის სიმძიმეს. თუმცა, რა შეიძლება მომხდარიყო საცხოვრებელი დამოუკიდებლად რომ მქონოდა ნაქირავები? კითხვაზე პასუხი არ მაქვს, სამწუხაროდ.

ჩემმა გამოცდილებამ არ შეგაშინოთ მეგობრებო, გაგიზიარეთ მხოლოდ იმისთვის, რომ იყოთ მეტად წინდახედულები. 

სტიპენდიის სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გსურთ  დანაზოგი გააკეთოთ სამომავლო დასახული მიზნის განსახორციელებლად. ანგარიშის შედგენისას ითვალისწინებთ ისეთ მნიშვნელოვან დანახარჯებს, როგორიცაა: ქირა, ტრანსპორტი, ტელეფონი,  კომუნალურები, სახელმწიფო და საბანკო გადასახადები, საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე გაღებული ხარჯები. თანხა, რომლის დაზოგვასაც შეძლებთ, კარგი ინვესტიციაა მოგზაურობისთვის ან სხვა, თქვენთვის სასურველი მიზნის განსახორციელებლად. 

იურიდიული მოთხოვნები და ვალდებულებები 

ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც გააფორმებთ, ზედმიწევნით კარგად შეისწავლეთ, რათა არ აღმოჩნდეთ ხელშეკრულების დამრღვევის პოზიციაში, რასაც შესაძლოა რეგულაცია მოჰყვეს თქვენს მიმართ. მაგალითად, ზოგიერთი გაცვლითი პროგრამა კრძალავს სტუდენტის დასაქმებას პროგრამის ფარგლებში. ამ ნაწილის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტთან წყვეტს ხელშეკრულებას და აკისრებს დიდი ოდენობით ჯარიმას. 

აუცილებლად გაეცანით თავად ქვეყნის კანონმდებლობასაც და კარგად შეისწავლეთ თითოეული თქვენი ვალდებულებულება, რათა არ აღმოჩნდეთ არაინფორმირებულობის მსხვერპლი. 

რჩევები, რომელიც ახლა მიიღეთ, დაგეხმარებათ იყოთ მეტად წინდახედული და ფრთხილი. თუმცა, არ შეგეშინდეთ! ეს არის თქვენი გამოწვევა, რომელიც მოგცემთ უსაზღვრო შესაძლებლობებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. გზა, რომელიც გასწავლით დროის და ფინანსების სწორად განაწილებას. დაგეგმეთ, დაზოგეთ და რაც მთავარია, იყავით თავდაჯერებული.