კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რას ფიქრობს ჩვენი საფულე, როდესაც ახალგაზრდები ვართ?

რას ფიქრობს ჩვენი საფულე, როდესაც ახალგაზრდები ვართ?

2278
3.5 / 5

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები იცვლება. როდესაც ახალგაზრდები ვართ, ჩვენი ცხოვრების სტილი უფრო აქტიურია, უფრო მეტად ვცდილობთ ბოლომდე „მოვირგოთ“ ცხოვრება, არ ვერიდებით ექსპერიმენტებს, სიახლეებს, ახალ გამოწვევებს. თუმცა, ეს მცდელობები, რომანტიზმს მიღმა, ფინანსურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა და ჩვენი თითოეული ნაბიჯი ჩვენი პირადი ბიუჯეტის გარკვეული პუნქტი შეიძლება იყოს.

ხშირად ვხვდებით მოწოდებებს, რომ ახალგაზრდები სანამ ვართ ყველაფერი უნდა მოვასწროთ, იმასაც კი გვირჩევენ , რომ აქტივობათა სია შევადგინოთ, რომელსაც განსაზღვრულ ასაკამდე  განვახორციელებთ. რეალურად, ამგვარი მოწოდებები ნამდვილად მრავალფეროვან ცხოვრებას გვპირდება, თუმცა, აქ საჭიროა დავსვათ კითხვა: როგორ დავაფინანსოთ ჩვენი მრავალფეროვანი ცხოვრება? 

სურვილებისა და საჭიროებების დასაფინანსებლად ბევრს ვშრომობთ, თუმცა, თუ ჩვენი ფინანსები კარგად არ დავეგმეთ, შეიძლება ჩვენი სურვილების ბოლომდე ასრულება ვერ შევძლოთ. დაგეგმარებისა და წინაწარ გათვლის გარეშე, შეიძლება არა მარტო ჩვენი თავის, არამედ ნივთების წინაშეც „დამნაშავეები“ აღმოვჩნდეთ. 

წარმოვიდგინოთ, რომ ალტერნატიულ რეალობაში ვართ, სადაც ჩვენ კი არ ვაფასებთ ნივთებს, არამედ ისინი აფასებენ ჩვენს ქმედებებს. ასეთ რეალობაში, არაორგანიზებული მხარჯველი ახალგაზრდისთვის ბევრი რამ ექნება სათქმელი მისსავე საფულეს.

მოდით, დავფიქრდეთ რა ხარჯვით შეცდომებს უშვებს, ყველაზე ხშირად, ახალგაზრდა ადამიანი და  რა შეიძლება გვისაყვედუროს ჩვენმა საფულემ.

რას ფიქრობს ჩვენი საფულე, როდესაც ახალგაზრდები ვართ?

  • დღეს შევსების დღე.... უკვე ვიცლები - საფულე ყოველთვის გვისაყვედურებს იმას, რომ შემოსავლის მიღებისთანავე, დაუფიქრებლად ვიწყებთ მის ხარჯვას. სასურველია, შემოსავლის მიღების მომენტში უკვე გვქონდეს მისი გონივრულად განაწილების გეგმა. ეს თავიდან აგვარიდებს მთელი თვის შემოსავლის ერთ კვირაში გაფლანგვის რისკს.
  • რისთვის მაქვს ამდენი განყოფილება? გადადე ცოტა! - საფულეს ყოველთვის გავანაწყენებთ, თუ მის შესაძლებლობებს არ ავითვისებთ. როდესაც შემოსავალს მივიღებთ, ვირტუალურად ან რეალურად გადავდოთ შემოსავლის ნაწილი საფულის ხელუხლებელ ნაწილში. ეს დანაზოგისა და ფინანსურად სტაბილური მომავლის  შექმნაში დაგვეხმარება.
  • მონეტების განყოფილებაც მაქვს, ისინიც შეინახე!  - ყველაზე ხშირად საფულე ამას გვისაყვედურებს. ზოგჯერ გვგონია, რომ მცირე თანხას მნიშვნელობა არ აქვს და შეგვიძლია მონეტებს არათუ ყურადღება არ მივაქციოთ, არამედ უარიც კი ვთქვათ მათზე. რეალურად, როგორც ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა, თითოეული დაზოგილი პენი, იგივე გამომუშავებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ თეთრს მნიშვნელობა აქვს და მათაც იგივენაირად უნდა მოვეპყრათ, როგორც დიდ ნომინალიან ბანკნოტებს.
  • ისედაც სავსეა შენი კარადა! - ფერადი, მიმზიდველი, ჰაეროვანი და მეასე პერანგის შეძენა ახალგაზრდების ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ჩვენ კი გვინდა შევიძინოთ ყველაფერი, რაც მოგვწონს, მაგრამ საფულემ იცის, რომ ეს არასაჭირო ხარჯია.
  • რამდენი საკვებია სახლში, რაში ხარჯავ თანხას? - მეგობარი გვესტუმრა, სამსახურის ლანჩია დასაგეგმი, საღამოს წახემსება მოგვინდა - ეს იმ შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, როდესაც საფულე გვსაყვედურობს. ხშირად, სახლში ბევრი პროდუქტია, თუმცა, საკვების მომზადებას მისი მზა სახით შეძენა გვირჩევნია. შეიძლება ეს უფრო პრაქტიკულის, თუმცა ბევრად ხარჯიანიც.
  • ხელფასამდე მთელი თვეა - თუ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ყოველი დღეს შემოსავლის მიღების დღეა, საყვედურს უნდა ველოდოთ. მნიშვნელოვანია სწორად და შეძლებისდაგვარად ზუსტად განვსაზღვროთ, როგორ ვხარჯოთ, რომ შემოსავლის მიღების შემდეგ თარიღამდე ფინანსური სტაბილურობა შევინაჩუნოთ.
  • ბარგის ჩალაგებამდე, ჯერ დაგვეთვალა - თუ არ დავგეგმავთ, აუცილებლად გვისაყვედურებს საფულე. მოგზაურობა დიდი შთაბეჭდილებებისა და ემოციების საბადოა, თუმცა ბარგის ჩალაგებამდე, აჯობებს საფულეს დავეკითხოთ, გვაქვს კი შესაძლებლობა თავს დაუგეგმავი მოგზაურობის უფლება მივცეთ?
  • არაუშავს, ცოტა ხანში გამიხსენებ - თუ საფულეს შეუძლია მშვიდად შემოგვხედოს და გვითხრას, რომ მალე მის რჩევებსა და საყვედურებს გავიხსენებთ, დროა განგაშის ზარი დავრეკოთ და ჩვენს პირად ბიუჯეტს გადავხედოთ. თუ რჩევები არ გაგვითვალისწინებია და საყვედურებისთვისაც დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია, შეიძლება დაგეგმილ ბიუჯეტს ძალიან ავცდით და უკვე დროა, გონივრულ გადაწყვეტილებებს დავუბრუნდეთ.

თუკი ჩვენს რეალობაში გადმოვინაცვლებთ, სადაც საფულე არ საუბრობს და უბრალოდ, ნივთებს გვინახავს, სულ უნდა გვახსოვდეს ფინანსების სწორად მართვის მნიშვნელობა. რომელ ასაკობრივ კატეგორიასაც უნდა ვეკუთვნოდეთ, როგორი სურვილები და მისწრაფებებიც უნდა გვქონდეს, მნიშვნელოვანია სწორად დავგეგმოთ, გავანაწილოთ და ვხარჯოთ ჩვენი შემოსავალი. ასე თავიდან ავირიდებთ ფრაზას: „ჩემს საფულეს რომ საუბარი შეეძლოს, ძალიან გამიბრაზდებოდა“.