კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა დავაზღვიოთ, თავო ჩემო?

რა დავაზღვიოთ, თავო ჩემო?

1677
4.5 / 5

1. თუმან-თუმან, შაბაშ-შაბაშ...

მე რომ სიტყვების და ტერმინების გაშიფრვის მინისტრი ვიყო, ბრძანებას გავცემდი, სიტყვა "დაზღვევის" არსი მარტივად, გასაგებად განემარტათ. მაგალითად, ასე: დაზღვევა - ადამიანებისთვის უეცრად თავს დამტყდარი პრობლემების იმ ნაწილის მოგვარება, რაც ფულითაა შესაძლებელი.

ფულით კიდე, რა საიდუმლოა და - ისეთი პრობლემებიც გვარდება, რომლებიც, წესით ფულით არ გვარდება. მაგალითად:

  • მართალია, ფულით ვერ იყიდი მზიან ამინდს, მაგრამ იყიდი გარანტიას (სადაზღვევო პაკეტს), რომ თუ სეტყვა მანქანას დაგიზიანებს, იმ დაზიანებულს უპრობლემოდ შეგიკეთებენ.
  • ფულით ვერ იყიდი ვინმე სიმპათიური შაკოს ყურადღებას, მაგრამ იყიდი ლამაზ ტანსაცმელს, ბოლო მარკის მანქანას და მიიპყრობ ამ ოხერი შაკოს ყურადღებას.

         (ეს დაზღვევაზე კი არაა, მაგრამ იყოს, კარგად ჩაჯდა.)

დაზღვევაში კარგი ამბავი ისაა, რომ მშვიდად ხარ, უეცრად გამომხტარი პრობლემები ნაკლებად, ან საერთოდ არ გაშინებს. ეს ჩვენი დაზღვევა უჩინარი, კეთილი ლანდივით დაგყვება მხარდამხარ და პრობლემებს გიგვარებს: 

  • ავად გახდი? თუ სხვები წამალს მამასისხლად ყიდულობენ (ან საერთოდ ვერ ყიდულობენ), ეს ჩვენი დაზღვევა კაპიკებში, ან სულაც უფასოდ გაძლევს ამ შენი გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელ აბებს, კაფსულებს, ამპულებს, მამპულებს. არანაირი სტრესი! გამოჯანმრთელდები, განაგრძობ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას - მარტივად.
  • ვთქვათ, სახლს ხანძარი გაუჩნდა (ჯვარი გვწერია). მართალია, ამ თემაზე იმ ცნობილი ვიდეოფრაზის გამეორება ნებისმიერ შემთხვევაში გაძნელდება: "სახლი იწვოდა თავისთვის, არხეინად...", მაგრამ სამაგიეროდ, თუ სახლი დაზღვეული გქონდა, არც სრული უიმედობა შეგიპყრობს და თავში ხელს არ წაიშენ ტექსტით: "მორჩა, გათავდა, ქუჩაში დამრჩა ოჯახი!"

ახლა მედლის მეორე მხარისაც ვთქვათ:

  • ცუდი ამბავი ისაა, გაჭირვებისას გვერდში რომ დაგვიდგეს ეს ჩვენი მფარველი ანგელოზი დაზღვევა, თუმან-თუმან, შაბაშ-შაბაშ, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად უნდა ვუხადოთ გარკვეული თანხა, თან შესაძლოა არც არასდროს დაგჭირდეს მისი გამოყენება და იფიქრო, სულელო თავო, რა ტყუილად ვყარე ის ჩემი თუმნიანები?!
  • მაგრამ (აქ პაუზა და საჩვენებელი თითის ჭერისკენ აღმართვა) ვაიდა, უარი თქვი დაზღვევაზე და უცებ დაგატყდა თავს დიდი პრობლემა. არ გაქვს ის, რატომღაც ხელის ჭუჭყად წოდებული, რასაც იმის მოგვარებაც შეუძლია, რისი მოგვარებაც, წესით არ შეუძლია (ეს კარგად გამომივიდა ზემოთ და გავიმეორებ, ჭიას გავახარებ), მერე "სად მიდიხარ?" ხომ ინანებ?

ამაშია საქმე!

ჰოდა, ვიდრე დაზღვევას გადაწყევეტ, ეს ორი მხარე აუცილებლად უნდა აწონ-დაწონო, ასჯერ გაზომო, ერთხელ გაჭრა. ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, მწიფეს რომ ესვრი, მკვახე არ ჩამოცვივდეს, ერთი ხელფასის ფული ცხრა საქმეს გაუყო, უფულო ჯიბის და უდაზღვეო უჯრის თვალიერებისას არ აღგმოხდეს: ააფრინე ალალიო, რაც არარი, არარიო. საერთოდაც, არ უნდა (გ)ააფრინო. ყველაფერს მოევლება.

2. რა დავაზღვიოთ, თავო ჩემო?

საკუთარ თავს, პირველ რიგში ეს უნდა ჰკითხო. ამ საქმეში სხვისი პირადი მაგალითით სარგებლობა და წამხედურობა არ ივარგებს. არჩევანი დიდია:

ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტის, სამოგზაურო, სიცოცხლის დაზღვევა... რომელია თქვენთვის პრიორიტეტული?

  • მაგალითად, თუ ჩემს თაობას ეკუთვნი და ბავშვობის სიხარულად ეს გქონდა:

სამსახურიდან მოსული დედა გეუბნება, რომ წვენი მოგიტანა და მაგიდაზე მძიმედ აგდებს პატარა, ოთხკუთხა, გაურკვეველი წარმოშობის ფხვნილით სავსე პაკეტს. შენც სიხარულით აჭყლოპინებული ხსნი ამ პაკეტს, ჩამოუვლი წყლით სავსე გრაფინს, ქილას, ჩაიდანს, აკვარიუმს... მოკლედ, რაშიც წყალია, ყველაფერში ყრი ამ ფხვნიის თითო მწიკვს და წამში აფერადებ (მაინც რა შემადგენლობა ჰქონდა ასეთი იმ "დალოცვილს", რა ძალა, რა მარიფათი) ვთქვათ, ჟოლოსფრად...

ჰოდა, თუ შენც ასეთი "ტკბილი" მოგონებები გვაქვს-მეთქი, მაშ ჯანმრთელობის დაზღვევა სწორედაც რომ საჩვენოა, რადგან ყველაზე ერთგული, ამტანი და მომთმენი კუჭ-ნაწლავიც კი ოდესმე დაიღლება, მოიშლება, მოიფლაშება, თუკი მას დიდი პერიოდის განმავლობაში ასმევ-აჭმევ გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტს (პეჩენიას რომ ცეცხლი ეკიდებოდა, ეგეც გახსოვთ?) და ზეიდანაც გარკვეული წარმოშობის "გუდრონის კევს" აყოლებ.

  • თუ მოგზაურობა გიყვარს და ბარემ ჩემსავით საყვარლად დაბნეულიც ხარ, ასეთი არჩევანი გაქვს: გქონდეს დაკარგული ბარგის დაზღვევა, ან არ გქონდეს მხოლოდ დაკარგული ბარგი.

ბარგითაა თუ უბარგოდ, მოგზაურობის ხიბლი ბოლომდე, დაძაბულობის გარეშე რომ შეირგო, სამოგზაურო დაზღვევა გჭირდება დაბნეულსაც, დაუბნეველსაც, მშიშარასაც, უშიშარსაც, მაღალსაც, უხვსაც, მდაბალსაც, ლაშქარმრავალსაც და ყველას.

ვთქვათ, დადიხარ უცხო ქვეყნის სანახებში ჯანმრთელად, "გუშინ გნახეს, იცინოდი", მაგრამ აი, ცნობილ პიზის გადახრილ კოშკთან იღებ ფოტოს, შენც იხრები და რჩები ეგრე, წელგაკავებული. ან ეიფელის კოშკთან იღებ სელფს და უცებ წნევამ აგიწია, მოკლედ, ჯანმრთელობამ გიგანა. იმის იმედი მაინც გაქვს, რომ იქაური "ნატო ექიმი" შენს წილ "ლუმინალს" არ დაგამადლის.

ო, ფრანშიზა!

მთელ იმ სადაზღვევო ტერმინებში, ოფიციალურ საიტებზე რომ დევს და ჩვენ, უბრალო მოკვდავები მნიშვნელობის ვერმიხვედრას არ ვიმჩნევთ, ერთი სიტყვა მომეწონა ჟღერადობით:

ფ რ ა ნ შ ი ზ ა.

თითქოს მიბაკუნობ ქუსლიანებით ქვაფენილზე და წინ გაქცეულ შენს წითელბაფთიან პუდელს ეძახი კეკლუცად: "ფრანშიიიზააა!"

ერთი ეგაა, გარეგნობისა არ იყოს, ზოგჯერ ჟღერადობაც მატყუარაა. ეს ჩვენი თვალფახულა "ფრანშიზა" სინამდვილეში, არც მეტი, არც ნაკლები, თანხის იმ რაოდენობას ნიშნავს, რომელსაც სადაზღვეო კომპანია არ აანაზღაურებს.

აი, ასეთი სევდიანი ამბავია. 

სამაგიეროდ, ადვილად დავიმახსოვრებთ სიტყვასაც, მნიშვნელობასაც. ისიც გვეცოდინება, რომ დაზღვევის გაფორმებამდე ყველა პუნქტს გულდასმით უნდა გავეცნოთ, რომ ეს ჩვენი კეთილი უხილავი დამხმარე კი დაუზარელად გვიწვდის დახმარების ხელს, მაგრამ ქვეყნად უსაზღვრო და უზღვარო არაფერია, ჩვენს დაფინანსებაც აქვს ჩარჩო და ჯებირი, უნდა გავარკვიოთ ამ იდუმალი ფრანშიზას ამბავი. 

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ხელშკრულებაზე "ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი", თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეწყვეტაც შეგვიძლია, ოღონდ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად წერილობით უნდა უნდა ვაცნობოთ სადაზღვეო კომპანიას, "ამირან გულში მღეროდა" რომ არ გამოგვივიდეს.

P.S. მე რომ სიტყვების და ტერმინების გაშიფრვის მინისტრი გავხდები, ბრძანებას გავცემ, სიტყვა ფრანშიზა რამე ისეთად იშიფრებოდეს, დამზღვევ-მზღვეველს გული ერთნაირად აგვიჩქროლოს სიხარულით. მანამდე კი -

დაცვას ვაძლიერებთ ("ხვედელიძე!"), რისკს ვამცირებთ, ფეხს ფეხზე ვიდებთ და მშვიდი ცხოვრებით ვტკბებით...

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია თეიმურაზ ყალიჩავა