კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა არის ფინანსური წიგნიერება?

რა არის ფინანსური წიგნიერება?

5326
4.8 / 5

"ფინანსური წიგნიერება" - ბოლო წლებია, სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის  ეს სიტყვები, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება აღნიშნული  საკითხით. ეს, ზოგადად, ერთობ სასიხარულო ფაქტია, რადგანაც ფინანსური წიგნიერება ადამიანებში აყალიბებს არა მხოლოდ  ფინანსურად სწორ უნარ-ჩვევებსა და ცხოვრებისეულ პრინციპებს, არამედ სხვა, (ამგვარი ცოდნის არმქონე) ადამიანებისგან  განსხვავებით, მეტად  მართებულ ფინანსურ აზროვნებასა და მსოფლმხედველობას. რაც უფრო მეტი ფინანსურად წიგნიერი ადამიანი იქნება ჩვენს საზოგადოებაში. მით უფრო მეტად  ფინანსურად ჯანმრთელი იქნება ის და მით უფრო ნაკლები ფინანსური თუ ეკონომიკური საფრთხეები დაემუქრება მას მომავალში.  "ფინანსური წიგნიერების" პოპულარულობის ზრდას და მასობრივ გავრცელებას  ხელი, ასევე, შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციული რესურსების სიმრავლემ და ხელმისაწვდომობამ. არც თუ ისე შორეული წარსულისგან განსხვავებით, (როდესაც  ფინანსური წიგნიერება და მსგავსი ცოდნა მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრი იყო), დღეს უკვე ასეთი თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს (რომელსაც ესმის ამ ცოდნის მნიშვნელობა) ინტერნეტში მარტივი შესვლით, უამრავი ინფორმაციის მოძიება შეუძლია ფინანსური წიგნიერების თემაზე. მთავარია, ადამიანს  სწავლის სურვილი ჰქონდეს და ინფორმაციის მოძიება უკვე ძალზე მარტივი გახდა.

და მაინც რას ნიშნავს "ფინანსური წიგნიერება"? მისი მნიშვნელობის კლასიკური განსაზღვრება ინტერნეტში ადვილად მოიძებნება. თუმცა მე მაინც, კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე გაცილებით მარტივი სიტყვებითა და ანალოგიებით.

"ფინანსური წიგნიერება" წარმოადგენს ფულთან ან უფრო ზუსტად საკუთარ ფინანსებთან ურთიერთობის ხელოვნებას. მსგავსი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერისთვის, ვისაც გამდიდრება და ფინანსური სტაბილურობის მიღწევა სურს. რაც არ უნდა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, ამ ცოდნის გარეშე ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი სრულიად უეცრად მდიდრდება ლატარიის მოგების ან ანდერძით მიღებული დიდძალი ქონების მეშვეობით. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც "ფინანსური წიგნიერების" როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი კაპიტალის სწორად სამართავად, დასაზოგად და გასამრავლებლად. 

და მაინც რა არის "ფინანსური წიგნიერება"? პირველ ანალოგიას რომ მივმართოთ, "ფინანსური წიგნიერება" წარმოადგენს ერთგვარ "წესთა კრებულს" ფინანსების სამყაროში. მაგალითად, თუ ადამიანს ბანქოს რომელიმე  თამაშის თამაში სურს და მას ამისთვის გააჩნია მხოლოდ  ბანქო, მას ამ კონკრეტული თამაშის წესების სწავლა მოუწევს, რადგან მხოლოდ ბანქოს ქონა არ ნიშნავს ნებისმიერი  თამაშის უპირობოდ ცოდნას. იგივეა ნებისმიერი სამაგიდე თამაშის შემთხვევაშიც. პირველ რიგში, აუცილებელია ამ თამაშის წესების შესწავლა და შემდეგ უკვე თამაშის დაწყება. 

"ფინანსური წიგნიერებაც" ასეთივე პრინციპით მუშაობს. მხოლოდ შემოსავლების არსებობა არ არის საკმარისი ფინანსურად წარმატებული ადამიანის სახელის მოსაპოვებლად, რადგან პირველ რიგში საჭიროა ამ ფინანსების სწორად მართვა,  წინასწარ გაწერილი, ფინანსური "თამაშის" წესების მიხედვით.

და მაინც რა არის "ფინანსური წიგნიერება" და რას მოიცავს ის? მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ,  ის მოიცავს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობას. თეორიულ ცოდნას ადამიანი შესაბამისი წყაროებიდან იღებს, რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას, მას ადამიანი ამ ცოდნის პრაქტიკაში გატარებისას ღებულობს. საკუთარი შეცდომებისა თუ სწორი ნაბიჯების გზით.

"ფინანსური წიგნიერება" შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: ფინანსური ინფორმირებულობა, ფინანსური მდგრადობა და  ფინანსური დამოუკიდებლობა. ყველა ეს ეტაპი საკმაოდ მრავლისმომცველია. თუმცა სწავლების პირველივე ეტაპებიდან, ადამიანმა როგორც მინიმუმ უნდა მოახერხოს  შემდეგი:

  • შეძლებისდაგვარად ხშირად, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს საკუთარი წიგნიერების დონის ამაღლების საკითხს. გამოიჩინოს ცოდნის მიღების ძლიერი სურვილი და "შეპყრობილივით" იკითხოს რაც შეიძლება მეტი , "ფინანსურ წიგნიერებისა" და პირადი ფინანსების მართვის საკითხებს მიძღვნილი თემატური ლიტერატურა, "ფინანსური" თემატიკის მხატვრული ლიტერატურა, ეკონომიკას და ფინანსურ საკითხებს მიძღვნილი სტატიები, ჟურნალ-გაზეთები;
  • რაც შეიძლება ხშირად სტუმრობდეს ფინანსური განათლების შესახებ ინტერნეტ რესურსებს. უყუროს ფინანსურად მამოტივირებელ ვიდეოებს, მხატრულ და დოკუმენტურ ფილმებს, უსმინოს თემატურ აუდიოწიგნებს და ა.შ.;
  • ამგვარი თვითსწავლებისას განსაკუთრებული ინტერესი დაუთმოს ისეთი საკითხებს, როგორებიცაა: პირადი ფინანსების მართვის სხვადასხვა მეთოდები - ფინანსური გეგმის შედგენა, ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმარება, შემოსავლების და გასავლების კონტროლის მეთოდები, ეკონომიისა და დანაზოგების წარმოების მეთოდები; ინვესტირების და ფულის დაბანდების მეთოდები, ინსტრუმენტები და გზები: საფონდო ბირჟის ისტორია და მუშაობის პრინციპები, ფასიანი ქაღალდების ნაირსახეობა და მახასიათებლები; ეკონომიკის ძირითადი დებულებები: ინფლაციური მოვლენები, ფასწარმოქმნა, ფულის არსი; შემოსავლის გაზრდის და დამატებითი შემოსავლის მოძიების გზები და მეთოდები; მენტალური თვითგანვითარების და სიმდიდრის ფსიქოლოგიის საკითხები; ფინანსური განვითარებისთვის აუცილებელი სხვა მენტალური სწავლებები:  აფირმაციები, სიმდიდრის ვიზუალიზაცია; ფინანსური ტერმინოლოგია; პროფესიონალური თვითგანვითარების საკითხები და ა.შ.;
  • ფინანსური თვითმოტივაციის ამაღლების მიზნით ხშირად ეცნობოდეს სხვადასხვა ცნობილი ფინანსისტების, მდიდარი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს. წარმატებული კომპანიების შექმნის ისტორიებს. მდიდარი და ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეულ "კრედოს", ბრძნულ გამონათქვამებს და რჩევებს. ერთი სიტყვით, მთელი ძალით ეცადოს, რომ ჩაწვდეს მდიდარი ადამიანების წარმატების საიდუმლოს, სიმდიდრის ფსიქოლოგიას და ა.შ.;
  • ამგვარი” თეორიული “ თვითსწავლების პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილების მისაღწევად, ასევე, შეუდგეს საკუთარი ფინანსების მართვას რეალურ  პირობებში.  ხმარებაში შემოიღოს შემოსავლების და გასავლების აღრიცხვის რვეული. ჩაიწეროს და აკონტროლოს გასავლები და შეეცადოს მათ ოპტიმიზაციას, თანხების ეკონომიის გზით. წესად შემოიღოს საკუთარი ყოველთვიური შემოსავლებიდან 10-15 პროცენტის ტოლფასი თანხის, დანაზოგის სახით გადადება. დაიწყოს დამატებითი შემოსავლების გზების მოძიება - მაგალითად, ფრილანსერობა. გახსნას პირველი ანაბარი და დაიწყოს თანხების შეტანა აღნიშნულ ანაბარზე. გადადგას პირველი პრაქტიკული ნაბიჯები ინვესტირების გზაზე.  შეიძინოს რომელიმე საინვესტიციო პროდუქტი. დააკვირდეს სავალუტო რყევებს და შეეცადოს მათი წინასწარმეტყველება.  გაეცნოს  ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის თავისებურებებს: მაგალითად, წარმოსახვითი თანხებით, რომელიმე სავაჭრო პლატფორმის "დემო- სიმულატორზე"  გამოსცადოს  ფასიანი ქაღალდებით ან სავალუტო წყვილებით ვაჭრობის პრინციპები და ა.შ.;
  • გაეცნოს ნაცნობების, ნათესავების და სხვა, ბიზნესში და ინვესტირებაში გარკვეული ადამიანების პირად გამოცდილებას , მათთან უშუალო ურთიერთობის გზით (ამგვარ პირად საუბრებში არაერთი საინტერესო ფინანსური რჩევის მიღება ან გამოცდილების გაზიარებაა შესაძლებელი);
  • ყველაფერი ზემოთ მოყვანილის გარდა, ადამიანი რა თქმა უნდა არ უნდა ივიწყებდეს საკუთარი ფინანსური, მენტალური და ფიზიკური დისციპლინის გაწვრთნასაც. დაიწყოს საკუთარი ფინანსური ცხოვრების სტილის შეცვლა, ახალი ფინანსური  ჩვევების გამომუშავება, იმიჯის ცვლილება და ა.შ.

და მაინც რა არის ფინანსური წიგნიერება?

ფინანსური წიგნიერების თემა  ძალზედ მრავლისმომცველი და შეიძლება ითქვას ამოუწურავია და ამ ერთი პატარა სტატიით ის, რა თქმა უნდა, ვერ შემოიფარგლება. თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე ჩაწვდით ამ ბლოგპოსტის მთავარ "დედააზრს", რომ ფინანსური წიგნიერება და სწორი ფინანსური აზროვნება ძალზედ მნიშვნელოვანია თანამედროვე რეალობაში და ის ნამდვილად ძლიერი "ბერკეტია" საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. მონდომების შემთხვევაში ნებისმიერს ძალუძს ამის გაკეთება და ამისთვის  სულაც არ არის  საჭირო, იყო პროფესიონალი ფინანსისტი.

ბოლოს, კიდევ ერთ ანალოგიას მოვიყვან და ვიტყვი რომ ფინანსური წიგნიერება წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ "ანტიდეპრესანტს". ის ადამიანს ფინანსურად მეტად თავდაჯერებულს და გაურკვეველი მომავლის მიმართ მეტად  უშიშარს ხდის. უჩენს მას საკუთარი ცოდნისა და ფინანსური მდგომარეობისადმი სანდოობის განცდას.