კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ორი სიტყვით ხარჯების აღრიცხვისა და საკუთარი ფინანსების კონტროლის მნიშვნელობაზე

ორი სიტყვით ხარჯების აღრიცხვისა და საკუთარი ფინანსების კონტროლის მნიშვნელობაზე

2043
4.7 / 5

რატომ არ გვყოფნის შემოსავალი?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხშირად წუწუნებენ, რომ ფული, რომელსაც შოულობენ, არასოდეს არაფერში არ ჰყოფნით და სწორედ ამიტომ ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ. მათ შორის, ისეთ აუცილებელ საქმეზე, როგორიცაა  შემოსავლების ნაწილის დანაზოგის სახით გადადება.

პირველი, რაც შეიძლება იფიქრო ასეთ დროს, არის ის,  რომ ამ ადამიანების შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ არაა საკმარისი მათი ნორმალური ცხოვრებისათვის. ასეთ შემთხვევაში,  ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამ ადამიანებისათვის პირველი ამოცანა არსებული შემოსავლების საგრძნობლად გაზრდა (ან დამატებითი შემოსავლის წყაროს  ფორმირება) უნდა იყოს. მაგალითად, დამსაქმებლისგან საკუთარი ხელფასის გაზრდის მოთხოვნის ან თუნდაც სხვა (ან დამატებითი) სამსახურის დაწყების გზით. თუმცა, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავხედავთ ამ საკითხს, აღმოვაჩენთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ ადამიანებს ფული იმიტომ კი არ ჰყოფნით, რომ ისინი მას არასაკმარისი რაოდენობით შოულიბენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ამ ფულს არასწორად მოიხმარენ და ხშირ შემთხვევაში სრულიად დაუფიქრებლად, მთლიანად ხარჯავენ. 

ცნობილი ჭეშმარიტების მიხედვით, ადამიანი რომელიც ხარჯავს იმდენს ან იმაზე მეტს, ვიდრე შოულობს, ვერასოდეს გახდება ფინანსურად სტაბილური ანუ მარტივად რომ ვთქვათ  მდიდარი. დავუშვათ, რომ ადამიანი (სიტყვაზე) ათი ათას ლარს შოულობს თვეში და შემდეგ იმავე თვის განმავლობაში თითქმის მთლიანად ხარჯავს ამავე თანხას. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გასავალი უტოლდება  მის შემოსავალს. აქედან გამომდინარე,  მას არაფერი ან ძალზედ უმნიშვნელო თანხა დარჩება რეზერვში გადასადებად  (ფინანსური  უსაფრთხოების ბალიშის სახით შესანახად ან ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო აქტივების შესაქმნელად). მიუხედავად იმისა, რომ ამ ათი ათასი ლარით მას, თეორიულად, უამრავი რამის შეძენა შეეძლო. სავარაუდოდ, მოვა დრო და ის მაინც მიხვდება, რომ თუ არ გადახედავს საკუთარ "ფინანსურ პოლიტიკას", იმ შემთხვევაში, თუ ამ შემოსავალს რაღაც მიზეზით დაკარგავს, მას, უბრალოდ, არ აღმოაჩნდება არანაირი თანხები გარკვეული დროით მაინც  "საკუთარი თავის გასატანად" (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ  ჭკვიანური ეკონომიის და გადანახული თანხების ინვესტირების გზით,  გამომუშავებული შემოსავლით გაიტანოს თავი) იმ მომენტამდე, სანამ შემოსავალის ახალ წყაროს არ გამონახავს.  თუ, რა თქმა უნდა საქმე მის საკუთრებაში არსებული ნივთების გაყიდვასა ან ფულის სესხად აღებაზე არ მიდგა. რაშია გამოსავალი ასეთ შემთხვევაში? გამოსავალი კი ერთობ მარტივია.

როგორ გავაკონტროლოთ პირადი ხარჯები?

ადამიანი კარგად უნდა აცნობიერებდეს საკუთარი ხარჯების მიზნობრიობას. იმისათვის, რომ ადამიანმა  სინამდვილეში გაარკვიოს, თუ  სად და რატომ იხარჯება ამდენი ფული, მან პირველ რიგში უნდა დაიწყოს საკუთარი ფინანსების კონტროლი და შემოსავლის პარალელურად, გასავლის უშუალოდ წერილობით ფორმაში, "დაწვრილებით" აღრიცხვა. მაგალითად, გასავლის აღრიცხვა ე.წ. "ხარჯების რვეულში". ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს უშუალოდ ქაღალდის ფორმატში, თუ  რომელიმე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩანაწერების განხორციელება.  ამ "რვეულში" საჭირო იქნება, ჩაიწეროს ყოველდღიური გასავალი დეტალურად, მცირე და უმნიშვნელო  ხარჯებიც კი.

ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ადამიანებმა შეიძლება თქვან, რომ მათ არაერთხელ გაუგონიათ ან წაუკითხავთ მსგავსი მეთოდის და ხარჯების აღრიცხვის მნიშვნელობის შესახებ. თუმცა როდესაც საქმე პრაქტიკამდე მიდის, ამის განხორციელება საკმაოდ შრომატევადი, მოუხერხებელი და დამღლელია. ბევრი ვერც კი მიხვდება , თუ რისთვის არის საჭირო ასეთი წვალება და "მერკანტილიზმი" და რა აზრი აქვს ასეთი ჩანაწერების წარმოებას. ასეთ ადამიანებს ამ ბლოგპოსტით, მარტივად მინდა ავუხსნა ასეთი  ჩანაწერების წარმოების დადებითი ეფექტის და, ზოგადად, მნიშვნელობის  შესახებ.

მაშ ასე, რატომ აღვრიცხოთ ხარჯები წერილობით?

  • პირველ რიგში, გასავლის წერილობითი აღრიცხვა (სხვა ყველაფერთან ერთად) ატარებს წმინდა "ფსიქოლოგიურ" ეფექტს. რაც ფულის დინების და  საკუთარი ფინანსების, ერთგვარი კონტროლის ანუ სადავეების ჭერის "ილუზიაში" გამოიხატება;
  • ეს მთლად ილუზიაც არაა. ხარჯების ჩანაწერების განხორციელებისას ადამიანს მართლაც  უჩნდება საკუთარი ფინანსების   კონტროლის მნიშვნელოვანი ბერკეტი;
  • ამგვარი ჩანაწერების მუდმივად წარმოებისას, (საბოლოო ჯამში კი მათი  შესწავლისას) ადამიანს  შესაძლებლობა უჩნდება, უფრო დეტალურად გაერკვეს საკუთარ ხარჯებში და აღმოაჩინოს, არაერთი  ე.წ. "ფინანსური ხვრელების" არსებობა

    ასეთი "ხვრელები" წარმოადგენენ ფულის ტყუილუბრალოდ გახარჯვის შემთხვევებს ანუ ისეთ ხარჯებს , რომელთა გარეშეც ადამიანს სავსებით უპრობლემოდ შეუძლია არსებობა

    . ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, ასეთი "შემთხვევების" დროულად აღმოჩენა და სამომავლოდ მათი თავიდან არიდება ანუ "ხვრელების ამოვსება";
  • ხარჯების სულ მცირე სამი თვის განმავლობაში აღრიცხვაც კი (ამ "სტატისტიკური" მონაცემების სამომავლო გაანალიზება და საბოლოო ჯამში  ოპტიმიზაცია) ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, შეამციროს ყოველთვიური გასავალი "ფინანსური ხვრელების" ამოვსების და არამიზნობრივი, ზედმეტი ხარჯების შემცირების გზით. რაც საბოლოო ჯამში დაეხმარება მას წინასწარ გამოთვალოს და  დაგეგმოს, საკუთარი ყოველთვიური გასავალი (ე.წ ოჯახის ბიუჯეტი) ანუ გამოთვალოს ის თანხა, რომელიც მას ყოველთვიური, "სტანდარტული" ხარჯების განსახორციელებლად ესაჭიროება;
  • ჩნდება საშუალება "ბიუჯეტირების" მეთოდის გამოყენების მეშვეობით  გამონთავისუფლებული თანხები ანუ  ყველაფერი "ზედმეტი" შემოსავლის მიღებისთანავე, დანაზოგის სახით, "რეზერვში" წინასწარ გადაინახოს და ამით შექმნას მომავალი კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის საჭირო, აუცილებელი "დოვლათი".   

მაგალითი რეალური ცხოვრებიდან. ერთმა ჩემმა ნაცნობმა. გასავლის აღრიცხვას მიჰყო ხელი და  შედეგად. საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვა და წინასწარ გადადება შეძლო ყოველთვიურად. ეს მოხერხდა მხოლოდ იმით , რომ საკუთარი ხარჯების შესწავლისას მან დროულად აღმოაჩინა საკუთარ გასავლებში ბევრი არამიზნობრივი ხარჯი. შედეგად, მან უბრალოდ გააუქმა სახლის ინტერნეტ სერვისი, რომლითაც მაინც არასოდეს სარგებლობდა. გარდა ამისა დროდადრო უარს ამბობდა საკუთარი მანქანით მგზავრობაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.  მან წესად შემოიღო, საყიდლებზე წინასწარ შედგენილი "საყიდლების სიით" სიარული და, ასევე, თავს იკავებდა სიგარეტის რამდენიმე ზედმეტი კოლოფის შეძენისაგან.

დღეს უკვე ნებისმიერი  ადამიანი, რომელიც  უფრო სიღრმისეულად დაინტერესება "ხარჯების აღრიცხვის და დანაზოგების სწორად წარმოების"  საკითხით, ინტერნეტში მარტივად აღმოაჩენს ყველა საჭირო ინფორმაციას, აღრიცხვის წარმოების მეთოდების, ბიუჯეტირების, ხარჯების ოპტიმიზაციის, სისტემატიზაციის,  კლასიფიკაციის, ეკონომიის წარმოების და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ნიუანსების შესახებ.

ამ ბლოგპოსტის მთავარი დედააზრი კი საბოლოო ჯამში  ერთ მარტივ ფორმულამდე დაიყვანება. გასავალი აუცილებლად უნდა იყოს შემოსავალზე ნაკლები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი თავისუფალი ფულადი თანხების მობილიზება და  ფინანსური სტაბილურობის  მოპოვება.  ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ხარჯების აღრიცხვა და ზოგადად საკუთარი ფინანსების კონტროლი. ასე მარტივად, ორი სიტყვით შევეცადე, შევხებოდი ხარჯების აღრიცხვის მნიშველობას.