კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია

მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია

4210
4 / 5

მიყვებით ძლიერი პაროლების გამოყენების წესებს, თუმცა მაინც გაეჭვებთ თქვენი დაცულობა ინტერნეტში? კარგი იქნებოდა, თუ თქვენი იმეილების, სოციალური ქსელების თუ ინტრნეტბანკის ანგარიშების სხვა მეთოდით დაცვასაც შეძლებდით? მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია ამის საშუალებას გაძლევთ.

 

რა არის მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია? 

მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია (იგივე MFA) არის მეთოდი, რომელიც მოითხოვს ანგარიშზე შესასვლელად პირმა დაამტკიცოს თავისი ვინაობა მრავალი გზით. როგორც წესი, თქვენ შეიყვანთ მომხმარებლის სახელს, პაროლს და ამის შემდეგ კიდევ სხვა ტიპის ინფორმაციას, მაგალითად სმს კოდს.

შესაძლოა იფიქროთ, რატომ უნდა “იწვალოთ” ამდენი? პასუხი შემდეგია: მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია უკიდურესად ურთულებს ჰაკერებს თქვენს ანგარიშებზე წვდომას, მაშინაც კი, თუ მათ თქვენი პაროლი იციან. ძირითადად გამოიყენება 2 დონიანი ავთენტიფიკაცია, რომელიც მხოლოდ 2 ან 3 წამით ახანგრძლივებს ანგარიშზე შესვლის პროცესს. ის სიმშვიდე და დაცულობა, რასაც მიიღებთ MFA-ის გამოყენებით, ნამდვილად ღირს ამ „წვალებად“.

 

როგორ მუშაობს მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია?

თუ გაქვთ MFA გააქტიურებული, მას შემდეგ, რაც სწორად შეიყვანთ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, თქვენ მოგეთხოვებათ დაადასტუროთ თქვენი იდენტობა სხვა გზით. ეს გზებია:

  • ერთჯერადი (OTP) კოდი, რომელსაც იღებთ სმს-ით ან იმეილით და უნდა შეიყვანოთ გარკვეულ დროში
  • ბიომეტრიული იდენტიფიკაცია: სახის ამოცნობა ან თითის ანაბეჭდი
  • დამოუკიდებელი სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოითხოვს დაადასტუროთ ანგარიშზე წვდომის ყოველი მცდელობა (მაგალითად: Google Authenticator)
  • პასუხი უსაფრთხოების წინასწარ არჩეულ კითხვაზე (მაგალითად: თქვენი საყვარელი ფერი)

 

სამწუხაროდ, ყველა ანგარიში და მოწყობილება არ გთავაზობთ მრავალდონიან ავთენტიფიკაციას. თუმცა, კიბერუსაფრთხოების აქტუალულობის ზრდასთან ერთად, MFA უფრო და უფრო მეტ ვებგვერდსა და მოწყობილობას ემატება. მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია სავალდებულოა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების დისტანციური არხების გამოყენებისას. მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია უკვე ხშირად გვხვდება სამუშაო ადგილებზე, უნივერსიტეტებში და ა.შ. რეკომენდირებულია გამოიყენოთ MFA ყველა იმ ანგარიშისთვის და მოწყობილობისთვის, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით კი რეკომენდირებულია მისი გამოყენება სამსახურის, სასწავლო დაწესებულების, იმეილის, სოციალური მედიის ანგარიშებში შესასვლელად. თუ არ იცით როგორ დააყენოთ მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია იმეილსა და სოციალურ ქსელში, გაეცანით ფინედუს სტატიას.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალდონიანი ავთენტიფიკაციის არსებობა ინტერნეტში მაღალ დაცულობასთან ასოცირდება, კიბერკრიმინალებმა შესაძლოა მოიპოვონ მათზე წვდომაც, თუმცა ამაში თქვენი "დახმარება" დაჭირდებათ. შესაბამისად, სიფრთხილე MFA-ის გამოყენებისასაც გმართებთ. თუ იღებთ ავთენტიფიკაციის შესვლის მოთხოვნებს მაშინ, როცა თქვენ არ ცდილობთ ანგარიშში შესვლას, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი აღნიშნული ანგარიშისთვის. ასევე, თუ სადმე სხვაგან იყენებდით იგივე პაროლს, შეცვალეთ და დააყენეთ განსხვავებული პაროლი (სასურველია ყველა ანგარიშს ჰქონდეს თავისი უნიკალური პაროლი). ხშირია, როდესაც ფიშერები ცდილობენ ავთენტიფიკაციის ან ტრანზაქციის დამადასტურებელი ერთჯერადი სმს ან იმეილ კოდი გამოტყუონ მსხვერპლს. დაიმახსოვრეთ, რომ მსგავსი ინფორმაცია სენსიტიურია და სხვებთან გაზიარება დაუშვებელია.