განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული მოსწავლისთვის
მთელ მსოფლიოში გაბატონებულმა პანდემიამ უდიდესი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. როგორ ვპასუხობთ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს? რამდენად ხელმისაწვდომია ონლაინ სწავლება ყველასათვის და რამდენად აქვთ მხარდაჭერა მშობლებს, რომლებმაც, ,,მოირგეს’’ მასწავლებლის როლი და ფუნქცია-მოვალეობები? განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებზე.
როგორც ვიცით, ტიპური განვითარების მოსწავლეების ძირითად სასწავლო რესურსს სკოლის სახელმძღვანელო წარმოადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები კი სწავლობენ ადაპტირებული სასწავლო მასალებით, რასაც სჭირდება შექმნა/მომზადება. თუმცა, ადაპტირებული სასწავლო მასალების გარდა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც ავითარებენ სხვადასხვა კოგნიტურ/შემეცნებით უნარებს. ამ უნარების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული მათი აკადემიური უნარების განვითარებაც, რაც, შემდგომში, სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას განაპირობებს. ზემოთხსენებული რესურსების გამოყენებით ხდებოდა ამ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მეცადინეობა სკოლის სივრცეში შექმნილ რესურს ოთახში, თუმცა, ეს ხდებოდა სკოლაში. ახლა კი ამ რესურსების მიღმა დარჩნენ მოსწავლეები. საკითხავია, რამდენად ძლიერია ფინანსურად მშობელი, რომ შეძლოს განმავითარებელი რესურსების შეძენა შვილისთვის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მათ დიდ ნაწილს ისედაც უწევთ ფინანსების მოძიება და გადახდა დამატებით სპეციალისტებთან: ქცევის თერაპევტი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ა.შ.
მე, როგორც სპეციალური მასწავლებელი ვთავაზობ და რეკომენდაციას ვუწევ მშობლებს, შვილებთან ერთად შექმნან სასწავლო რესურსები, რითაც თავიდან აიცილებენ დიდ ფინანსურ ხარჯს, ვინაიდან ეს რესურსები საკმაოდ ძვირია და მშობელს მოუწევს არაერთი რესურსის შეძენა. ასევე, ფინანსების დაზოგვის გარდა, ამ აქტივობაში თანამონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია თვითონ მოსწავლისთვის. ამ დროს კომპლექსურად ხდება სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება: ხელისა და თვალის კოორდინაცია, ნატიფი მოტორიკა, აღქმა, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება, კომუნიკაცია, მეტყველება.
რეკომენდაციები რესურსის შექმნაზე მუშაობის დროს:
- შეაგროვეთ სხვადასხვა გამოუყენებელი ნივთები: მუყაოს ყუთები, სასაჩუქრე ყუთები, რომლის დაჭრა და გამოჭრა დაგჭირდებათ რესურსის შესაქმნელად. გამოიყენეთ მუყაოს ყუთის ერთი კედელი, ამოჭერით სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, ან ასოები. სთხოვეთ შვილს, მითითებული ფიგურა ჩასვას შესაბამის ადგილას. ეს დაეხმარება ნატიფი მოტორიკის განვითარებაში, თვალისა და ხელის კოორდინაციაში;
- შეაგროვეთ სხვადასხვა დანიშნულების ნივთები: ტანსაცმლის ჩამოსაკიდებელი ფერადი სარჭები, სხვადასხვა ზომის ღილები, შემოჭრილი ტანსაცმლიდან მორჩენილი ნაჭრები, ღილები, ერთჯერადი ჭიქები, საქსოვი ძაფები, ბოთლის თავსახურები. სთხოვეთ შვილს, დააჯგუფოს ნივთები ფერის, ფორმის და ფაქტურის მიხედვით. ეს აქტივობა დაეხმარება აღქმის და აზროვნების განვითარებაში;
- ერთად ამოჭერით მუყაოსგან წრეები, წრეებში ჩახატეთ სხვადასხვა რაოდენობის მზე ან ხე. სთხოვეთ შვილს, დაითვალოს, რამდენი მზე ხატია წრეში და გაუკეთოს შესაბამისი რაოდენობის სარჭი. ეს აქტივობა დაეხმარება მათემატიკური უნარების და მოტორიკის განვითარებაში;
რესურსის შექმნამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა უნარის განვითარებაზე გვინდა ვიმუშაოთ. ფოტომასალის დართვით გთავაზობთ მოსწავლეებთან ერთად შექმნილ სასწავლო ხელნაკეთ რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ როგორც თანხის დაზოგვაში, ასევე, ამავდროულად, მოსწავლის უნარების განვითარებაში.
ვთვლი, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული მოსწავლისთვის. პრობლემურ საკითხებზე ფიქრი კი, ჩემი, როგორც მასწავლებლის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.