კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ფიფქია, ავთანდილი, სპაიდერმენი, ჰობიტები და დაზღვევა

ფიფქია, ავთანდილი, სპაიდერმენი, ჰობიტები და დაზღვევა

1600
0 / 5

რაღა მე დამემართება? - ფრაზა, რომელსაც საკუთარი თავის შესაგულიანებლად ვიყენებთ და აღშფოთებულები ვართ, როდესაც ის „იღბლიანი“ მაინცდამაინც ჩვენ აღმოვჩნდებით, რომელიც აეროპორტში ბარგს დაკარგავს, პარკირებისას მანქანას გაკაწრავს ან ახალ რემონტს გამოჟონილი წყლით გააფუჭებს. არადა, მოდი, ვაღიაროთ, რომ ამგვარი წვრილმანები სტატისტიკურად ხშირად ხდება და მარცხენა ფეხზე ადგომა არაფერ შუაშია. 

ამ და სხვა ბრძნული შეგონებების თუ ცხოვრებისეული გაკვეთილების მიუხედავად, ზოგჯერ გვირჩევნია ჯერარდამდგარი რისკისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდის ნაცვლად საყვარელი ბრენდის მაისური ან ჩანთა ვიყიდოთ. თუმცა, როგორც ამბობენ, აქაა ძაღლის თავი დამარხული - დაზღვევის შეძენა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა არ გვჭირდება, საჭიროების შემთხვევაში კი თავში ხელის შემორტყმა გვიანია.

რეალური ცხოვრებიდან გამოგონილ სამყაროში გადავინაცვლოთ, რატომაც არა, არც იქით მცხოვრებნი არიან დაზღვეული მარიფათებისგან. აი, მაგალითად, გიფიქრიათ ლიტერატურულ პერსონაჟებს ან გმირებს ჩვენი საყვარელი ფილმებიდან რა სახის დაზღვევა დასჭირდებოდათ? არ გამიკვირდება, თუ ამგვარი ფიქრით ღამეები არ გადაგითენებიათ, მაგრამ აბა გამომყევით ამ უცნაური ფიქრის გორგალის გასაზიარებლად.

ფიფქია და კონკია -  სამეფო ოჯახის წარმომადგენლები შეიძლება კარგი მშობლები იყვნენ, მაგრამ ფინანსურ მრჩეველებში ძალიან უჭირდათ. მეფე-დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მათი შვილები ბოროტი დედინაცვლების მაქინაციების მსხვერპლნი ხდებოდნენ, რისი მიზეზიც, როგორც წესი,  მემკვიდრეებისთვის ოფიციალურად დაუდასტურებული ანდერძის დატოვება იყო. პატივცემულ მეფე-დედოფლებს რომ სიცოცხლის დაზღვევის საკითხი მოეგვარებინათ და თავიანთი პატარა პრინცესები დაზღვევის ბენეფიციარებად (პირი, რომელიც დაზღვეულთა ქონებას იღებს მათი გარდაცვალების შემთხვევაში) დაესახელებინათ, 18 წლის ასაკს მიღწეულები სამეფო ქონებასაც სრულად მიიღებდნენ და, სავარაუდოდ, აღარც იატაკის ხეხვა და ჯუჯებისთვის საჭმლის მომზადება მოუწევდათ. საკითხავია, იქნებოდა თუ არა ეს ზღაპრები ასეთი რომანტიკული და შეხვდებოდნენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ პრინცებს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო მეჯლისებზე პრინცებს, აბა, რა დალევდა?!

ავთანდილი - უცხო მოყმის მოსაძებნად გაგზავნილი მთავარსარდალი მარტოდმარტო სამი წლით გადაიხვეწა სამშობლოდან. მართალია, ავთანდილის სიმამაცესა და მოხერხებულობაში ეჭვი არავის გვეპარება და „არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა“, მაგრამ არაბეთის სპასპეტს სამოგზაურო დაზღვევა ნამდვილად არ აწყენდა. ბარგის დაზღვევა ალბათ ნაკლებად პრიორიტეტული, თუმცა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო, სტაციონალური, ამბულატორიული  მომსახურების და რეპატრიაციის ხარჯები კი ნამდვილად საგულისხმო საქმე იყო.  დღევანდელი ადგილობრივი საბაზრო ფასით რომ გადავთვალოთ, საბაზისო სადაზღვევო პოლისი წელიწადში 370 ლარამდე დაჯდებოდა, რაც მთავარსარდლის ბიუჯეტისთვის უმნიშვნელო თანხაა. 

ფროდო ბეგინსი - გაბედული ჰობიტის, ფროდოს და მისი ერთგული მსახურის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა მორდორისაკენ ბეჭდით, რომელზეც მთელი სამყაროს ბედი იყო დამოკიდებული. სადაზღვევო აგენტები ალბათ აღშფოთებული უყურებენ „ბეჭდების მბრძანებელს“ და უკვირთ, რომ ამ ფათერაკებით აღსავსე გზაზე ბეჭედი დაზღვეული არ გახლდათ და ორი მამაცი, თუმცა მოდი, ვაღიაროთ, არც ისე ძლიერი ჰობიტის იმედად იყო. მაგრამ რა უნდა ყოფილიყო სადაზღვევო პრემია ასეთი მნიშვნელობის მქონე ნივთვისთვის, აი, ეგ უკვე რთული სათქმელია.  

პიტერ პარკერი - ახალგაზრდა ფრილანსერ ფოტოგრაფი, რომელიც მოხუც დეიდასთან და ცხოვრობს და  გამორჩეულ სუპერგმირულ უნარებს ფლობს. მაგრამ „ცუდას რად უნდა მტერობა“ და ადამიანი ობობაც არ არის გამონაკლისი. გონივრული იქნებოდა, პარკერს რომ სიცოცხლის დაზღვევა ჰქონოდა და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გობლინთან ან შეშლილ პროფესორთან ბრძოლაში დაიღუპებოდა, დეიდა მეი ფულად ანაზღაურებას მიიღებდა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (პიტერს კი ჯვარი სწერია!) მდგომარეობას მცირედით მაინც შეუმსუბუქებდა. 

კარგი, აქ შევჩერდები, თორემ სხვა სხვის ომშია რომ ბრძენია, ის ამბავი გამომდის. ალბათ ფიქრობთ, ავტორები რომ „მისდღემჩი“ არ გაწირავენ, ისეთ პერსონაჟებს აჰკიდა ფინანსური ვალდებულებები და აუტკივარი თავი აატკივაო. მაგრამ, შენ ხარ ჩემი ბატონი, და იქვე მეორე ანდაზა გვეუბნება, ამ პერსონაჟების არ ვიცი, მაგრამ სიფრთხილეს კი თავი ნამდვილად არ სტკივაო!

მოკლედ, გისურვებთ „რაღადამართნილთა“ რიგებში არ მოხვედრილიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებას ჩვენდამი  სიმპათიით განწყობილი რუსთველები და ტოლკინები არ წერენ. სპაიდერმენისგან განსხვავებით, სუპერძალები არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ანდერრაითერს (პირი, რომელიც იღებს დაზღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს შესაძლო რისკების გათვალისწინებით) მივაშუროთ  და იმით მაინც დავიზღვიოთ თავი ამ ორგემაგე წუთისოფელში, რომ მოულოდნელი უსიამოვნო ფინანსური ვალდებულების წინაშე მარტონი არ დავრჩეთ. 

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია ლელა სარიშვილი