ემიგრაცია - ნებისყოფის გზა
ჩემს ხელისგულზე სათუთად დაწყობილ წარმატებებს დავყურებ ახლა და გული მიჩუყდება, რომ მათ "გზა სახლიდან ემიგრაციაში" ჰქვიათ და რომ ყველაფერზე ძნელ გზას, დღეს უკვე ყველაფერზე ადვილი ცრემლები აბრწყინებს.
2022 წლის გაზაფხული იდგა. გაზაფხულის სიხალისე რომ ერთი ორად ხელს წაგიკრავს ხოლმე განწყობაზე ადამიანს და გაბედულებას შემატებს შენს ნაბიჯებს, ასე შევაბიჯე პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში და ჩემი პოეზიით დავემშვიდობე თბილისსაც და ჩემს ძვირფას ადამიანებსაც, რომელთა ჩახუტებაც საგზლად გამომყვა ყველაზე ძნელ გზაზე და მხოლოდ მეორე დღეს, სტამბოლში ჩასვლისას დავაღწიე თავი სიხარულის ეიფორიას. იქ მცხოვრები ქართველები ჩემს მისვლამდე შეკრებილიყვნენ და ჩემი გამოჩენისთანავე გულმხურვალე მოკითხვები გაჩაღდა. იმ ღამით სტამბოლში გავჩერდი, სადაც გულუხვად მიმასპინძლა ქართული კულტურის ცენტრმა. ასე დაიწყო პოეზიით "ჩემი გზა ემიგრაციაში". სტამბოლიდან ძალიან მალე უკვე ამერიკაში ვიყავი. სიხარული, რომელსაც ნიუ იორკში ჩემი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მანიჭებდა, რაღაცნაირი სევდა-გაზავებული იყო. უკან მოხედვას დიდხანს ვერ ვბედავდი, რადგან გამოტირებული ბავშვივით ზურგთან ჩემი სამშობლო მედგა და თავს ვარიდებდი მისი თვალების დანახვას. ამ შეგრძნებას ცოტათი მაშინ მოვერიე, როდესაც ამერიკაში პირველი ქართული ცენტრის დარბაზში შეკრებილმა ქართველებმა გამითბეს სული და მეც მათი სიყვარულით "ძალ-ღონე მოკრებილი" ვპოეზიობდი და მიხაროდა ჩემს "სამშობლოში" ყოფნა. დიახ, სამშობლოში! რადგან მართალია, რომ ეს კედლები ნიუ იორკის მიწაზე აღიმართა, მაგრამ შიგნით სამშობლო ცხოვრობს მთელი თავისი ქართულობითა და კულტურულ-მემკვიდრული წეს-წყობით. მერე, თანდათან გარე სამყაროსთან შეგუება დაიწყო და მეც შევუერთდი ქართული ემიგრაციის დიდ გუნდს უდიდეს ამერიკაში. "როგორც თვალი შორსაო, ისე გული შორსაო", ამ ანდაზას მთელი ჩემი იდეოლოგიით გავემიჯნე და რაც მეტი დრო და მანძილი ჩადგა ჩემსა და ჩემს სამშობლოს შორის, მით მეტს ვფიქრობ მასზე. რა შეიძლება, რომ გამოვიდეს ჩემი გულიდან და ხელიდან და მე ის დავინანო მისთვის, ჩემი დაღლისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, რომლებიც ემიგრანტის ცხოვრებაში თავდასხმასავით ერთბაშად შემოდის ხოლმე და რის გამოც ხშირად ყოფილა ისეც, რომ ხელი აუღია ადამიანს თავის მიზანსა თუ ოცნებაზე. არამც და არამც! ყველგან ვამბობ Georgia - საქართველოდან ვარ-მეთქი. იმიტომ რომ "საქართველო" სხვანაირი სიტკბოთი წარმოითქმის და მაშინვე თვალებში "იავნანას" ცრემლებს მიგუბებს ხოლმე - ასეთი გულწრფელობა კი არავის გამოეპარება. დღეს უკვე ამერიკაში ზედიზედ რამდენიმე საერთაშორისო აღიარების მქონე წიგნის კონკურსის მონაწილე ვარ და ახლავე მიჩუყდება გული "საქართველო" რომ უნდა წარმოვთქვა გალა ღონისძიებაზე.
გზა ჩემი სახლიდან დიდ ამერიკაში არ ყოფილა ძნელი. მაგრამ ძალიან ძნელია იმაზე ფიქრი, რომ არ ვიცი როდის ვნახავ ჩემს ლამაზ ქვეყანას. ეს ისეთი განცდა არის, თითქოს სკიდან ახალამოღებულ სუფთა თაფლში, შხამის ერთი წვეთი გაერიოს ვინმეს. წამით მთელს სხეულში დამივლის ხოლმე ეს სიმწარე და გულსა და გონს მიშხამავს, მაგრამ წარმოვიდგენ, როგორ ტკბილად უნდა წარმოვთქვა ჰეგემონობას ნაჩვევ დიდ ქვეყანაში ყველაზე ლამაზი ქვეყნის სახელი და მაშინვე ყველაფერი ისევ თაფლივით დატკბება ხოლმე.
ჰო, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ რაც არ უნდა შევფუთო და თეთრ სამოსში გამოვაწყო "ემიგრანტობა", ის თავის თავში მაინც უდიდეს ნებისყოფასა და შრომას ნიშნავს. განსაკუთრებით, როცა ფეხის ადგმის მცდელობისას წაიბორძიკებ, მაშინვე შენი სახლი ყველაზე ძლიერი მალამო ხდება. იქნებ ასეც არის, მაგრამ ეს უკვე გზის ის მონაკვეთია, რბოლა რომ დაიწყო და უკან ვეღარ დაიხევ. არადა, არც წაბორძიკებაა გასაკვირი. შენ ხომ დაუცველი ბავშვივით ხარ და ცდილობ რაც შეიძლება სწრაფად აიდგა ფეხი, რომ შეძლო გამართულად სიარული. რადგან რბოლას არ უნდა ჩამორჩე! არასდროს მიფიქრია, რომ თავს ზევით ძალა არ იყო, რადგან მჯეროდა, რომ თავს ზევით ცაში ღმერთი ცხოვრობდა და მაღლიდან დაგვყურებდა ადამიანებს. ჰოდა, ღმერთმა უამრავი ადამიანი შემახვედრა, რომლებმაც ხელი ჩამკიდეს, რომ ამ რბოლას არ ჩამოვრჩენილიყავი, ამივსეს სული ნუგეშითა და მშობლიური სითბოთი.
ისეთი დღეებიც გამოვიარე, როცა აღარ ვიცოდი, როგორ უნდა გავმკლავებოდი აუცილებელ ხარჯებს. ჰო მართლა, ერთხელ ღმერთსაც კი შევცოდე და მას შემდეგ ვცდილობ აღარასდროს ვიყო უმადური, სულ რომ ლუკმაც გამომელიოს. ეს ალბათ ნებისყოფის გამოცდა იყო და ადამიანი ხომ უნებისყოფობის ცოცხალი მაგალითია?! ღმერთს გულამოდუღებულმა ვუთხარი: ჩემო ღმერთო, ნუთუ იმისთვის მომიყვანე ამერიკაში, რომ ასე დავიტანჯო-მეთქი. თავდაპირველად, როცა საბუთები არ გაქვს და არც შენი ქვეყნიდან მოდიხარ "ხელდამშვენებული", რამდენიმეთვიანი უმუშევრობა სხვის ქვეყანაში, სადაც არაფერია შენი, ნამდვილად აჩენს სასოწარკვეთის აფეთქების კერას. ამ გზაზე ყველა ემიგრანტი აუცილებლად გაივლის, გარდა მათი, ვისაც აქ ოჯახის წევრები ელოდებიან. მაგრამ ღმერთის ხელი მოკლე არ არის, რომ ვერ მოგვწვდეს ადამიანებს და ჩემმა ღმერთმა მალევე მომხედა. ამას ახლა მხოლოდ ადამიანი თუ იტყვის თორემ, როდის იყო, რომ ღმერთი თვალს არიდებდა ვინმეს. ამის გამო იყო, რომ დიდხანს მრცხვენოდა მისი სახის დანახვისა.
ასე არის თუ ისე, ნებისყოფა ემიგრანტს ისევე სჭირდება, როგორც ატირებულ ბავშვს დედის სითბო. ამ თვალსაზრისით ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, არა მხოლოდ მაშინ, როცა ემიგრაციის გზას დავადექი, არამედ მთელი ჩემი ცხოვრება, რადგან არასდროს ყოფილა ცხოვრება მარტივი ჩემთვის. მუდამ ბეწვის ხიდზე გადიოდა ჩემი მოთმენა და გაბედულება და მხოლოდ ახლაღა ვაღიარებ, რომ კარგი არის ყველაფრის საკუთარი ხელებით კეთება. ბევრჯერ წავქცეულვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვარ, ბევრჯერ მტკენია, მაგრამ არასდროს მიტირია და ასე, საკუთარი თავის ამარად დარჩენილი, ღმერთთან მივედი. ღმერთო, ღმერთო, ნუთუ არ გახსოვს, რომ მტვრისგან გამომძერწეს შენმა თითებმა და უშენოდ მხოლოდ მოსიარულე ფიტული ვიქნები-მეთქი და მას შემდეგ ღმერთს მიკედლებული დავდივარ ჩემი სულისა და ამერიკის ლაბირინთებში.
როცა მეკითხებიან, გენატრება თუ არა შენი სამშობლოო, დამუნჯება არის ერთადერთი სწორი პასუხი ჩემთვის. რა ვუპასუხო? ჩემი სამშობლო ჩემი სამშობლოა და ჩვენ ერთად და ერთმანეთში ვცხოვრობთ. მე მასში დავიბადე და ის ჩემს სულში ცხოვრობს. დიახ, ჩემი სამშობლო ჩემს სულში აშენებული სახლია. აბა გაბედოს და ვინმემ შეაღწიოს შიგნით. ვერასგზით!!! ის ყველაზე შიგნით არის და ამიტომ. მაშინაც კი, როცა სხვა ქვეყნის "მშვენიერება" წარიტაცებს ხოლმე თვალსა და მერე გულსაც აიყოლიებს, ეს მხოლოდ ზედაპირული აღტყინებებია. ჩემი სამშობლო ჩემმა სულმა ჩაისახლა და შორს ვიქნებით ერთმანეთისგან თუ ახლოს, ჩვენს სიყვარულს ვერაფერი შეარყევს. სულის ფსკერზე ჩაღვენთილი სიყვარული ხარ, ჩემო სამშობლოვ, ჩემო "ყვავილების ქვეყანავ"...
ამრიგად ემიგრაციას აქვს ორი ეკალი, რომელსაც დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარო, რომ როგორმე ცოტათი შეიმსუბუქო მისი ჩასობით გამოწვეული სულის ტკივილი. პირველი არის ის, რაზეც უკვე გელაპარაკეთ, სამშობლოს გამოტირებული თვალების გაუსაძლისობა და მეორე, სადაც ხარ, ის რომ შენი სამშობლო არ არის.
უცხო ქვეყანაში სულ გგონია, რომ სხვისი ცა თენდება შენთვის და ამისთვის სულ ვალში ხარ იმ სხვასთან. მუდამ გგონია, რომ მზე, რომელმაც უნდა გადაგარჩინოს, სხვისია და ამისთვის შენ დაისჯები.
“...მე ახლა ალბათ უსამშობლო მქვია ღმერთივით,
ვის გაუგია ერთი მზის ქვეშ მიწის გაყოფა?!
მაგრამ სამშობლოვ, შეჩვეული დედისერთივით,
ვეღარ მეთმობა შენი მზე და ჩემი სახლობა…”
აქ, უცხოობაში, ვინც არ უნდა გახდე და, რაც არ უნდა მოიხვეჭო, სულს მაინც დანაკლისის შეგრძნება გიფორიაქებს და მუდმივად დაეძებ იმას, რაც სულს აგივსებს. მაგრამ ამაოდ! შენ წახვედი, მაგრამ თან ვერ წაიღე შენი სახლი. თითქოს შენს ბავშვობასაც გაეყარე და ძალისძალად დაგათმობინეს ყველაზე ტკბილი და უდარდელი მოგონებები, ცხოვრების სირთულეებს თვალების დახუჭვით რომ გათმენინებდა. რადგან აქ, სხვის ქვეყანაში თვალებდახუჭული მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ დაიმკვიდრო შენი ადგილი სხვის ადგილზე. იბრძვი და სწავლობ გამარჯვებასაც და გამარჯვებით მოპოვებული ლუკმის ყადრსაც. რადგან, როგორც გითხარით, აქ ყოველი მოპოვებული ცენტი ნებისყოფის ნაყოფია და არა უბრალოდ გამომუშავებული ფული. ამიტომ სულ ვფიქრობ სწორი ფინანსური მექანიზმის შექმნასა და მის კიდევ უფრო ზედმიწევნით სწორად განკარგვაზე, რადგან ყოველ ცენტს შენი ნერვების სუნი აქვს და არც საშოვარს მინდა რომ გადავეგო და, არც უმისობა ივარგებს.
და რადგან ჩემი გზა ემიგრაციაში უფრო ფინანსური შეუძლებლობისა და გონებრივი შესაძლებლობების ჭიდილმა განაპირობა, ყოველდღე შთავაგონებ საკუთარ თავს, რომ არასდროს უნდა დამავიწყდეს რისთვის წამოვედი სახლიდან. ანუ, უნდა მახსოვდეს მიზანი.
ჩემი გული და გონება სირთულეებთან გასამკლავებლად თავიდანვე გამოიბრძმედა-მეთქი, აკი გითხარით. არ დამიწყია ჩივილი და მოთქმა ჩემს უსახლკარო ცხოვრებაზე. ჩივილი კი არა, ყვირილი რომც დამეწყო, ვის რას დავაკლებდი?! ამიტომ, ყოველგვარ სირთულეს ფარივით ვუხვედრებდი ჩემს გეგმას და ყოველდღე ერთი ნაბიჯით წინ მივიწევდი. გარკვევით ვუხსნიდი ჩემს თავს, რომ ემიგრაცია და საშოვარი სხვადასხვა შინაარსის სიტყვებია და არასდროს ამრეოდა ერთი მეორეში. "ფული საჭიროა, საქმეს აკეთებს და საქმე საჭიროა ფულს გამოიმუშავებს.” მაგრამ, ყველაზე საჭირო ჩემი მათდამი დამოკიდებულების გაწონასწორებულობაა, რომელიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს უვლის და იცავს. ეს იმას ნიშნავდა, რომ კარგი ფინანსური სტრატეგია უნდა შემემუშავებინა. ამ თვალსაზრისით კარგი სტრატეგი ვარ თუ არა, ამას მალე ხმამაღლა ვიტყვი. მაგრამ ფულის მიზანმიმართულად ხარჯვა რომ მოითხოვს წინასწარ შედგენილ ფინანსურ გეგმას და რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ემიგრანტისთვის, კარგად მოგეხსენებათ. რომ რაც შეიძლება ცოტა წლებზე იდგეს ემიგრანტის მიერ აშენებული ფინანსური თავისუფლების კონსტრუქცია, ის თავისთავად სახლში მალე დაბრუნების ყველაფერზე ძვირფას შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
“...ოდესმე ყველა დაბრუნდება იქ, საიდანაც,
მიდის და თურმე არასოდეს უნდოდა წასვლა…”
ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში