დაზოგვის გზა: ბავშვობიდან საპენსიო ასაკამდე
ადამიანები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გააზრებულად ან გაუაზრებლად ვზოგავთ თანხას. ბავშვობაში თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა ყულაბა, რომელშიც იყრებოდა ხურდები. იმ მომენტში ბავშვებისთვის ყულაბაში ხურდების ჩაყრა უფრო დიდი სიამოვნება იყო, ვიდრე იმის გააზრება, რომ ადრე თუ გვიან ყულაბის გატეხვა მოუწევდათ და შეგროვილი ფული დაიხარჯებოდა.
პირველი კლასიდან დავიწყე ფულის დაზოგვა, ხშირად სკოლის სასადილოში არ ვყიდულობდი იმას რაც მსურდა, დაზოგილი ფული კი ყულაბაში ჩასაგდებად მიმქონდა.
იმ დროს გაუაზრებლად ვზოგავდი ფულს, ჩემთვის მნიშვნელოვანი და საზეიმო ხურდების ჩაყრის პროცესი იყო. რისთვის და რატომ ვაგროვებდი ფულს, აი, ეგ კი არ ვიცოდი. ასე ვზოგავდი თანხას ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი დედას დაბადების დღის საჩუქარი ვუყიდე. პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ფულის დაგროვება ძალიან კარგი რამ იყო.
მნიშვნელოვანია, ბავშვობის ასაკშივე გავიაზროთ ფულის დაზოგვის არსი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დღევანდელ თაობას ამის აღქმა ონლაინ თამაშების დახმარებით შეუძლია. ისინი დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან, უმეტესად კი თამაშობენ ონლაინ პლატფორმებზე. ბევრად გამოსადეგი იქნება ისეთი შინაარსის თამაში, სადაც ბავშვს გამოგონილი თანხით ვაჭრობა და დანაზოგის გაკეთება შეეძლება.
ბავშვობის შემდეგ იწყება ზრდასრულობის ეტაპი
ამ დროს უფრო მეტი რამ გვჭირდება: მეგობრებთან ერთად გართობა, უნივერსიტეტი, ახალი ტანსაცმელი, ტრანსპორტი, ოჯახი, შვილები, ქირა და სხვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ვხარჯავთ ბევრად უფრო მეტს და ვზოგავთ ბევრად ნაკლებს, ვიდრე ეს აქამდე იყო.
ფულის დაზოგვის თავისებური მეთოდი აქვთ პენსიონერებს, ალბათ ყველაზე მეტად მათ შეუძლიათ დანაზოგის გადადება "შავი დღისთვის".
მათი ნაწილი არ ენდობა ბანკს და ლეგენდის თანახმად, გადადებულ თანხას "ბალიშის ქვეშ" ინახავს.
ახლა კი დაზოგვისთვის გამოსადეგ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
- იმისთვის რომ ცოტა თანხა დაზოგოთ, პირველ რიგში გამოიყენეთ ბარათით გადახდა. ბარათით გადახდისას იზოგება რამდენიმე თეთრი, პირობითად, 1,98 ლარიან პროდუქტში ჩვენ ორ ლარს აღარ გადავიხდით - მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ეს მეთოდი ეკონომიურია, რეალურად ბარათით გადახდისას ბევრად მეტ პროდუქტს ვყიდულობთ, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორებით. მოცემულ სიტუაციას რომ თავი ავარიდოთ, უმჯობესი იქნება, თუ ბარათით შესყიდვის პროცესის დროს ჩავთვლით რომ გვაქვს განსაზღვრული ნაღდი თანხა, რომელსაც არ უნდა გადავცდეთ.
- ფულის დაზოგვაში გვეხმარება ასევე თანხის დაბრუნების Cashback პროგრამა, მისი მეშვეობით დახარჯული თანხის ნაწილი უკან გვიბრუნდება.
- ამ პროცესში, ასევე, დიდ როლს თამაშობენ ფასდაკლებების საიტები - მომხმარებელს შეუძლია კონკრეტულ საიტზე შეიძინოს ვაუჩერი, რის მეშვეობითაც სასურველ მომსახურებაზე ისარგებლებს ფასდაკლებებით.
- თანხის დასაზოგად, ასევე, კარგი საშუალებაა ანაბრების შექმნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეგვაქვს ანგარიშზე თანხა და კონკრეტული წლის ბოლოს ვიღებთ დაგროვილ თანხასთან ერთად დარიცხულ საპროცენტო სარგებელს.
ცოტას დაზოგვით ვცვლით ბევრს.
ბავშვების მიერ დაზოგილი თანხით ნაყიდი ნივთი სიხარულთან და ემოციებთან ასოცირდება, ცოტას დაზოვით, სასურველი ნივთის შეძენის დროს იღებენ წრფელ, ბედნიერ ემოციებს და ასეთი მომენტები მათ ცხოვრებას ნამდვილად ცვლის. ახალგაზრდებისთვის დაზოგილი თანხა დამატებითი რესურსია - მაგალითად, სასურველი სახლის, ტელეფონის, მანქანის შეძენის საშუალება. ეს ნამდვილად ცვლის მათ მდგომარეობას უკეთესობისკენ. ანალოგიურად, ასეთივე დატვირთვა აქვთ პენსიონერების დაზოგილ ფულს: ისინი დროულად მოახდენენ ჯანმრთელობის პრობლემაზე რეაგირებას, წინასწარ გადადებული თანხის მეშვეობით.
თითოეულ ჩვენგანს სჭირდება კონკრეტული ფინანსური მიზანი, რის საფუძველზეც შეძლებს ჩანაფიქრის ასრულებას.
ფინანსური მიზეზი ყველასთვის ინდივიდუალურია და ეს შეიძლება იყოს: ტექნიკის შეძენა, განათლების დაფინანსება, გაუთვალისწინებელი ხარჯი თუ სხვა. ფინანსური მიზნის დასახვის შემდეგ მნიშვნელოვანია პერიოდის განსაზღვრა, თუ რამდენი ხანი უნდა ვაგროვოთ თანხა და ასევე ყურადსაღებია დაზოგილი თანხის უსაფრთხოდ შენახვა.