კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

დაზღვევა: მეტი დაცვა და ნაკლები რისკი

1850
4.3 / 5

თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით, მუდმივი ცვლილებებითა და სიახლეებით, რომელიც რადიკალურად ცვლის ხოლმე ჩვენს ყოველდღიურობას.

სამყაროს დასაბამიდან ადამიანი ცდილობდა გადაელახა დაბრკოლებები, რომლებიც ბუნებრივ კატასტროფებს, ომებს, პანდემიასა თუ სხვა საფრთხეებთან იყო დაკავშირებული.

სწორედ შიშმა და უსაფრთხო გარემოს შექმნის სურვილმა განაპირობა გარკვეული თავდაცვის მექანიზმების შემუშავება, რომელიც არასასურველი შედეგების თავიდან აცილებისთვის გამოიყენებოდა. თავდაპირველად მას პრიმიტიული ხასიათი ქონდა, რომელიც საზოგადოების განვითარების პარალელურად იცვლებოდა.

ზარალის დადგომის თავიდან აცილების ფორმები ჯერ კიდევ უძველეს ცივილიზაციებში არსებობდა, რასაც ხელს სავაჭრო ურთიერთობის განვითარება უწყობდა.  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი კანონი ჯერ კიდევ ხამურაბის მმართველების დროს შეიქმნა ბაბილონში, რომელიც მოვაჭრეების კოლექტიურ ურთიერთდახმარებას გულისხმობდა სავაჭრო ქარავნების ძარცვისა თუ ყაჩაღობის შემთხვევაში. აღსანიშნავია შუა საუკუნეებში გილდიების არსებობაც, რომელიც ერთმანეთის დახმარების პრინციპს და გარკვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ზარალის ანაზღაურებას გულისხმობდა.

სწორედ  სხვადასხვა ეტაპზე არსებულმა ზარალისა თუ რისკის შემცირების ფორმებმა ხელი შეუწყო თანამედროვე დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას.

მაგრამ სანამ თანამედროვე დაზღვევაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გადავხედოთ ქართულ ლიტერატურას და გავიხსენოთ ორი არაჩვეულებრივი ნაწარმოები ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" და დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი". ალბათ, ძნელია მათი დაკავშირება დაზღვევასთან, თუმცა მოდი განვიხილოთ ისინი ამ ჭრილში.

"ოთარაანთ ქვრივი"

ალბათ, ყველას გახსოვთ ოთარაანთ ქვრივის ხუთი ჭრელი ქისა;  "საჭირნახულო", "ბარაქალა", "საჯანაბო”, "მიეცი და მოგეცესო",  და "შიოს მარანი".  ნამდვილად არ ჰქონდა ოთარაანთ ქვრივს ფინანსური განათლება, თუმცა ილია ჭავჭავაძეს, როგორც პირველ ქართველ ბანკირსა და  ფინანსისტს, რომელიც გახლდათ  სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე, კარგად ესმოდა ფინასური განათლების, დაზოგვის, რისკების დაზღვევის მნიშვნელობა. მოდი გავიხსენოთ უფრო დეტალურად  მესამე ქისა: "მესამე ქისას " საჯანაბო” ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა" - როგორც ხედავთ, მას გათვილი ჰქონდა, გაუთვალისწინებელი ხარჯების მნიშვნელობა  და არასასურველი შედეგის დადგომის შემთხევაში ის მომზადებული შეხვდებოდა. სწორედ ოთარაანთ ქვრივის სახით ილია მკითხველს სთავაზობს  ფულის ყაირათიანად გამოყენების, ფინანსების გონივრულად განაწილებისა და რისკების დაზღვევის მეთოდებს, რომელიც განზოგადებულად თამამად შეიძლება ჩაითვალოს დაზღვევის კლასიკურ მაგალითად.

"სამანიშვილის დედინაცვალი"

რისკის დაზღვევის მნიშვნელობა არანაკლებ კარგად ესმოდა დავით კლდიაშვილსაც, რომელმაც ტრაგიკომიკური სახე შექმნა პლატონის ("სამანიშვილის დედინაცვალი") სახით. ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისა  და ქონების მოზიარის გაჩენის შიშით, პლატონი ორნაქმარევ, უშვილო ქალს ეძებს ბეკინა სამანიშვილისთვის, რაც ერთგვარად აზღვევს არასასურველი მოვლენის (ამ შემთხვევაში ბავშვის გაჩენის) რისკს.  მართალია ეს ერთი შეხედვით კომიკურია, თუმცა თანამედროვე დაზღვევის სისტემის პირობებში პლატონის ცხოვრება არც თუ ისე ტრაგიკული იქნებოდა, როგორც მაშინ და  წარმოიდგინეთ აბა, პლატონი ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მსგავსი პრობლემით, შეძლებდა კი იგი ამ რისკის  დაზღვევას?!- რა თქმა უნდა კი, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ყველაფრის დაზღვევა არის შესაძლებელი. გადმოვინაცვლოთ თანამედროვეობაში და გავიხსენოთ ამერიკელი მსახიობი ამერიკა ფერერა, რომელმაც თავისი ღიმილი $10,000,000 დააზღვია, ხოლო ამერიკული როკ ჯგუფის "kiss”-ის სოლისტმა ენა, 1 მლნ დოლარად.

და მაინც, რატომ უნდა დავაზღვიოთ გაუთვალისწინებელი რისკები?

დღეს, ცივილური მსოფლიოში დაზღვევის აუცილებლობაზე აღარავინ დავობს. ამაზე მარტივი სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც მუდმივად მზარდი და მრავალფეროვანია. 

საქართველოს სადაზღვეო ბაზარიც  გამოირჩევა არანაკლები  მრავალფეროვნებით. ჩვენ მარტივად შეგვიძლია დავაზღვიოთ ჩვენი ჯანმრთელობა, ვალდებულებათა შესრულება,  სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სხვა.

და მაინც, რატომ უნდა დავაზღვიოთ გაუთვალისწინებელი რისკები და რატომ არის ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი?! - პირველ რიგში დაზღვევა გვეხმარება ვიცხოვროთ ნაკლები სტრესით, გავუზიაროთ ისინი სადაზღვევო კომპანიას და არასასურველი მოვლენის დადგომის შემთხვევაში ჩვენ მას მომზადებულები შევხვდეთ. ასევე, დაზღვევა არის კარგი საშუალება საიმისოდ, რომ დავგეგმოთ ჩვენი მიზნები, გრძელვადიანი ხედვები და მაქსიმალურად შევამციროთ ის წინაღობები, რომლებმაც შეიძლება შეგვიშალოს ხელი მის მიღწევაში. დაზღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის, რადგან მუდმივად ცვალებადი გარემო დღის წესრიგში გაუთვალისწინებელ შემთხვევებს აყენებს. ეს განსაკუთრებით  კოვიდ პანდემიამ გამოაჩინა, როცა ადამიანებსა და ბიზნესსაც მოუწიათ სხვა რეალობაში ადაპტირება. სადაზღვევო პროდუქტების შეძენის შემთხევაში ზარალის მინიმუმამდე შემცირება ბიზნესის მდგრადობის შენარჩუნების უალტერნატივო საშუალებაა.

სადაზღვევო შენატანები ასევე ხელს უწყობს ჩვენში დაზოგვის ჩვევის გამომუშავებას, ფინანსების რაციონალურ მართვას, რაც სამომავლოდ ფინანსური კრიზის დადგომის საშიშროებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსური ინსტიტუტების განვითარებაში.

დაბოლოს, ნუ მოერიდებით რისკებზე საუბარს და არასოდეს უარყოთ და გამორიცხოთ მათი დადგომის ალბათობა. მომავლის სტაბილურების შექმნა იწყება დღევანდელობით და მხოლოდ რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებებით შეიძლება მისი უზრუნველყოფა.

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია თეკლა ბ.

სტატისტიკის ნაწილში გამოყენებულია შემდეგი სტატიები:

  • https://www.hdfcergo.com/blogs/general-insurance/importance-of-insurance
  • https://brownandjoseph.com/blog/13-interesting-insurance-facts/