ჩემი ჯადოსნური ყულაბა
ოცნებებში ღრმად გართული ცხელი კრუასანის სუნსაც კი ვგრძნობ და თუ თვალებს რამდენიმე წუთით დაჟინებით მივაპყრობ მკრთლად გამოკვეთილ ჰორიზონტს, მაშინ მზის შუქზე მოელვარე ეიფელისა და ლუვრის ლანდებსაც კი დავინახავ... პარიზი ნაძვის ხესთან, დაბადების დღის ტორტსა თუ ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავზე ბევრჯერ, უიმედოდ ჩაფიქრებული ოცნება, რომელსაც დროის ბასრმა ცელმა ვერ დააკარგვინა ვერც მიმზიდველობა და ვერც მონახულების წყურვილი.
უკვე 19 წლის თინეიჯერი აღარ ველოდები თოვლის ბაბუას თვითმფრინავის ბილეთებით ხელში, არც ჯადოსნური ვარსკვლავებისა თუ კბილის ფერიის მჯერა, ერთადერთი ხელჩასაჭიდი ჩემი პირადი საბანკო ანგარიშია.
თუმცა, სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი თავისი სამციფრიანი ბიუჯეტითა და სტუდენტური მოთხოვნილებებით დატვირთული ვერ აკმაყოფილებს პარიზულ სურვილებს. "ჩაიფიქრე, შეაგროვე და აისრულე"- ეს ერთადერთი სიტყვებია, რომელთაც ჰაერის ტალღები ნაზად ჩამჩურჩულებს ყურში და მეც ოცნებებისა და რელობის გასაყარზე სურვილს ამჯერად ჩემს პირად საბანკო ანგარიშს ვუთქვამ და ზრდადი ანაბრის გახსნას ვიწყებ... რეალობას მაშინ შევეჩეხე, როცა მომდევნო თვეს, ანგარიშიდან 80 ლარის გადარიცხვა მომიწია, ასე გაგრძელდა მესამე, მეოთხე, მეხუთე... თვესაც და მივხვდი, რომ ცოტას დაზოგვით მეტს მოვიგებდი. სულ მალე ისიც კი წარმომედგინა, რომ ჩემი ქაოსური, სტუდენტური ცხოვრების პარალელურად, იქ, სადღაც შორს, არავერბალური სამყაროს საზღვრებში, ჭიანჭველური, დაუღალავი შრომით ციფრები ციფრებს ემატებოდა, თეთრი-თეთრს, ლარი-ლარს და ბოლოს, 1 წლის თავზე, კბილის ფერიის მსგავსად, ციფრული სამყაროს კეთილმა გმირებმა ჩემს შეგროვების ბარათზე ქუთაისი-პარიზის ბილეთის შესაძენად გამზადებული თანხა დამახვედრეს...
ზოგადად, დანაზოგის კულტურას ღრმად აქვს ჩვენში ფესვები გადგმული და თუ ახლა თვალწინ ძველი, თიხის გოჭუნიას ფორმის ყულაბა წარმოგიდგათ, მაშინ გეტყვით რომ სწორედ მიმიხვდით.
ჩვენ ადრეული ასაკიდან ვაგროვებდით ველოსიპედისთვის, თოჯინასთვის, სასკოლო ჩანთვისთვის... გაუაზრებელი, ბავშვური აღტყინებით მივარბენინებდით ყულაბასთან ნაყინის ფულიდან მორჩენილ ხურდებსა თუ დაბადების დღეზე ნაჩუქარ დოლარებს, თუკი სკოლის ბუფეტში უარს ვიტყოდით ერთ ნაჭერ ლობიანზე, მაშინ ისიც გარანტირებულად ვიცოდით, რომ განკუთვნილი რკინის 2 ლარიანი თავის ადგილს ლოგინის თავთან დადებულ ყულაბაში იპოვნიდა... დღეს მარტივად მსხვრევადი თიხის გოჭუნია უხილავმა და რთულად გასატეხ სისტემამ, დეპოზიტმა, ჩაანაცვლა, სადაც აქტიურად ერთვებიან ჩვენი ერთგული დანამატები - პროცენტები და რომელთა დახმარებითაც ვირტუალური ყულაბის დამსხვრევისა და ფულის გამოტანის პროცესი თიხის ყულაბაზე გაცილებით უფრო სასიამოვნო და ემოციური ხდება.
მარტივად რომ ავხსნათ, ინდივიდსა და დეპოზიტს შორის მჭიდრო მუტუალისტური კავშირი არსებობს.
პარალელურ, ციფრულ სამყაროში შექმნილი ანაბარი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობაც გახსნის დღიდანვე უნდა განვსაზღვროთ, ჩვენი ბიუჯეტით "იკვებება", თუმცა ეს გამოკვება, როგორც უკვე ვახსენე, მუტუალისტურია, ე.ი ორივე მხარისთვის სასარგებლო, და მაინც, როგორ მარგებს მე თუ ჩემი თანხით საზრდოობს? აი სწორედ აქ ჩნდება ჩემი ცხელი კრუასანი და ეიფელი, თქვენს შემთხვევაში ეს შეიძლება ოქსფორდში სწავლა ან ახალი მაცივარი იყოს, მოკლედ, ამ დროს ჩვენი ჩაფიქრებული ოცნებები იღვიძებენ. ანაბარზე გადარიცხული თანხა ცარიელი ციფრები არ გეგონოთ, მათ ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი ერიცხებათ, რომლის წყალობითაც იზრდებიან, მრავლდებიან, ძლიერდებიან.... საბოლოოდ, მუტუალისტური კავშირის შედეგს მაშინ დავინახავთ, როცა ანგარიშზე ჩვენი ოცნების ასახდენად საკმარის თანხას წავაწყდებით. ასე იყო ჩემს შემთხვევაში და ასე იქნება თქვენთანაც, თუკი ღრმად ირწმუნებთ "ჩაიფიქრე, შეაგროვე და აისრულე!"-ს ჯადოსნური სიტყვების ძალას.
გარდა ზემოთნახსენები სიტყვებისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თანხის დაზოგვისა და დეპოზიტის შექმნისას.
პირველ რიგში აუცილებელია აირჩიოთ თუ რა ტიპის ანაბრის გახსნა გსურთ და ზუსტად გაერკვეთ მათ შორის არსებულ განსხვავებებში, ეს იქნება ზრდადი ანაბარი, ვადიანი, შემნახველი თუ საბავშვო, ამის შემდეგ განსაზღვრეთ ის თანხა, რომელსაც დანაზოგში შეიტანთ - თუკი ანაბარი ვადიანია (გახსოვდეთ, ვადიანი ანაბრის გახსნისას თანხა სასურველია გამოიტანოთ წინასწარ დათქმულ დროს), მაშინ ეს თანხა არ უნდა იყოს თქვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და თუკი ზრდადია აუცილებელია ისეთი ბიუჯეტის გაღება, რომლის გარეშეც თვიდან თვემდე თავისუფლად გაიტანთ თავს. იმ საფინანსო დაწესებულების სანდოობა, სადაც თანხის განთავსებას აპირებთ, აუცილებელი წინაპირობაა ანაბრის გახსნისას - ამ დროს დაწესებულების რეიტინგითა და მისი შეფასებებით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ და, რა თქმა უნდა, იმ პირობებით, რომლებსაც თავად ბანკი გთავაზობთ. შემოთავაზებულ არარეალურად დიდ პროცენტს არ მისცეთ თქვენი მოტყუების საშუალება, მერწმუნეთ, სჯობს დასჯერდეთ რეალურ სარგებელს 100%-იანი გარანტიით, ვიდრე გარისკოთ მთელი თქვენი დანაზოგი უაზროდ გაბერილი, მიმზიდველი ციფრების გამო.
ახლა კი, როცა წარმატებით შევქმენით ანაბარი დროა, ყოველდღიურ ყოფას დავუბრუნდეთ და ეკონომიურად ცხოვრებას მივჰყოთ ხელი
პირველ რიგში, "ოთარაანთ ქვრივის 5 ქისა"-ს პრინციპი დაგვეხმარება - ეცადეთ დარჩენილი თანხა გადაანაწილოთ მათი დანიშნულებისამებრ, ამით უკეთ შეძლებთ თქვენი საჭიროებებისა და სურვილების გამიჯვნას.
ამასთანავე სასურველია, თანხა ყოველთვის იქონიოთ ბარათზე: ქაღალდის ფული ერთგვარი დამადასტურებელი დოკუმენტია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამა თუ იმ ნივთის შეძენა, ბარათზე არსებულ თანხას კი საფულის ყოველ გახსნაზე ვერ ვხედავთ, შესაბამისად ხანდახან ვეჭვდებით კიდეც -გვაქვს კი საკმარისი თანხა ანგარიშზე? და საბოლოოდ, თუ პროდუქტი აუცილებლად შესაძენი არ არის, ხელცარიელი ვტოვებთ სავაჭრო დაწესებულებას.
"ცოტას დაზოგვის" პრინციპით ცხოვრების ჩემი, კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა იქნება ფულის საათებში გადაყვანა. თუკი თქვენ მუშაობთ კვირაში 30 საათს, თქვენი ხელფასი კი შეადგენს 600 ლარს, გამოდის, რომ საათობრივად თქვენ გეკუთვნით 20 ლარი, შედეგად, როცა მაღაზიაში დაინახავთ მაისურს, რომლის ღირებულებაც 50 ლარია, დაფიქრიდით: რამდენი საათი(მაისური) უნდა ატაროთ? 50 ლარი თქვენი 2 საათნახევრიანი შრომის ექვივალენტურია, გიღირთ ეს მაისური ამდენხნიან შრომად? თუკი პასუხის გაცემას აყოვნებთ და ეჭვდებით, მაშინ გირჩევთ, შენობა კვლავ ხელცარიელი დატოვოთ.
და აი ახლა, დეპოზიტზე დაგროვებული მსხვილი თანხის წარმოდგენისას, შენთანაც დაუბერა ზაფხულის გრილმა ნიავმა? გრძნობ ქვიშიანი პლიაჟის მარილიან სურნელს? თუ ლაპლანდიის ზღაპრულ პროვინციაში იმყოფები და ჩრდილოეთის ნათებას შესცქერი?...
მე ჩემი ოცნება უკვე დავაბანდე ზრდად ანაბარში. დროა, შენც დაიწყო შენი ოცნებისთვის ცოტაოდენის დაზოგვა და მენდე, საბოლოოდ ის აუცილებლად აგისრულდება.
ასე იყო ჩემს შემთხვევაში და მჯერა, ასე იქნება შენთანაც.