კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

6 ნაბიჯი წარმატებული ბიუჯეტირებისთვის

6 ნაბიჯი წარმატებული ბიუჯეტირებისთვის

3973
4.4 / 5

პირადი ბიუჯეტის შედგენა გვეხმარება უკეთესად ვმართოთ ჩვენი პირადი ფინანსები. ბიუჯეტი ხომ უბრალოდ იმის სურათია, თუ როგორ ნაწილდება რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენი შემოსავალი სხვადასხვა ტიპის ხარჯებად და, თუ „კარგად“ ვიქცევით, დანაზოგებადაც. მოკლედ, თუ გაინტერესებთ სად მიდის თქვენი ფული და როგორ მისცეთ მას სასურველი მიმართულება - ანუ მარტივად, როგორ შეადგინოთ ეფექტური ბიუჯეტი, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

1. დაფიქრდით, რისთვის გჭირდებათ ბიუჯეტი

ერთ დღესაც რომ გაიღვიძოთ და პირადი ბიუჯეტის წარმოება გადაწყვიტოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კარგი რამეა - დიდი ალბათობით, ძლიერი მოტივატორი ვერ იქნება თქვენთვის და მალევე დაანებებთ თავს. ბიუჯეტის შესადგენად, ისევე, როგორც ნებისმიერი საქმის დასაწყებად უნდა გაგაჩნდეთ მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფით. რა არის თქვენი მიზანი? რატომ ადგენთ ბიუჯეტს?

ყველაზე მარტივით დავიწყოთ, შეიძლება უბრალოდ იმის გაგება გსურდეთ, რაში იხარჯება თქვენი ფული, ან რომელიმე ხარჯის შემცირება გინდოდეთ. შეიძლება მეტის დაზოგვა იყოს თქვენი სურვილი იმისთვის, რომ გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს მიაღწიოთ. შეიძლება ვალდებულებების შემცირება გსურდეთ. წადით უფრო სიღრმეებში და ბიუჯეტირების მიზანი ასე ჩამოაყალიბეთ: რატომ მინდა მეტის დაზოგვა? იმიტომ რომ ჩემი მიზანია მომავალ ზაფხულს სამოგზაუროდ წავიდე. რატომ მინდა ვალდებულებების შემცირება? იმიტომ, რომ ჩემი მიზანია ნაკლები სტრესით ვიცხოვრო და ა.შ.

2. განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები

ბიუჯეტი უბრალოდ მათემატიკა რომ არ იყოს, დაფიქრდით თქვენს ღირებულებებზე და მიზნებზე, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და იმას მოარგეთ ხარჯვის და დაზოგვის ქცევები. თქვენი ბიუჯეტის პუნქტებიც თქვენი პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება: თუ მაგალითად, თქვენი ღირებულებაა ოჯახი, მაშინ ოჯახისთვის განკუთვნილ ხარჯებს მეტი წილი დაეთმობა ბიუჯეტში, თუ თვითგანვითარება - მაშინ შეიძლება განათლებაზე გაწეული ხარჯები გახდეს მნიშვნელოვანი და ა.შ. თუ რამდენიმე ფინანსური მიზნის მიღწევა გსურთ, აუცილებლად ჩამოწერეთ ისინი დანაზოგების პუნქტში და შესაბამისად გადადეთ ფული ამისთვის ბიუჯეტში.

3. აღრიცხეთ ხარჯები

ყოველდღიურად ხარჯების აღრიცხვა დაგეხმარებათ იმაში, რომ:

  1. დაინახოთ, რაში იხარჯება თქვენი ფული
  2. აკონტროლოთ ხარჯები
  3. მომავალი თვის ბიუჯეტი წინა თვის ხარჯებზე დაყდნობით გაწეროთ

როგორ შეიძლება ეს მარტივად გააკეთოთ? რეალურად, დღის ხარჯების ჩამოსაწერად, დღეში 5 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ. ხარჯების აღრიცხვა უბრალოდ ბლოკნოტში ან მობილურის „ნოუთშიც“ შეგიძლიათ, ექსელის ფაილშიც, სპეციალურ მობილურ აპლიკაციებში, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინედუს ბიუჯეტის კალკულატორი ან მზა ბიუჯეტის შაბლონი , რომელიც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ.

ასევე, თუ ერთი ბანკის მომსახურებით სარგებლობთ და ძირითადად, უნაღდო ანგარიშსწორებას იყენებთ, თქვენი ხარჯების კონტროლი საბანკო ამონაწერის გარჩევითაც შეგიძლიათ. ინტერნეტბანკებს, ასევე ხშირად აქვთ ყოველთვიური ხარჯების ავტომატურად კატეგორიზების და დაჯამების ფუნქციაც.

4. შეარჩიეთ თქვენი მეთოდი

ბიუჯეტირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ამ მეთოდებიდან თქვენზე ყველაზე უფრო მორგებული უნდა აირჩიოთ, რადგან ბიუჯეტირების პროცესი კომფორტული იყოს და თქვენი ცხოვრების სტილს შეესაბამებოდეს, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

დეტალური ბიუჯეტი

მაგალითად, მათ, ვისთვისაც დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული ლარის აღრიცხვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, შეუძლიათ ბიუჯეტირების დეტალური მეთოდით ისარგებლონ. ასეთ ბიუჯეტში, შემოსავლები, ხარჯები და დანაზოგები დაწვრილებით, პუნქტებად არის გაწერილი და თითოეულ პუნქტს შესაბამისი თანხა აქვს მინიჭებული.

50/30/20-ის წესი

ეს მეთოდი იმათ გამოადგებათ, ვისაც წესები უყვარს, თუმცა დეტალებს მაინცდამაინც არ მისდევენ. ეს წესი მთლიანი შემოსავლის პროცენტულ გადანაწილებას გულისხმობს, სადაც, შემოსავლების 50% უნდა იხარჯებოდეს საჭიროებებზე, ანუ აუცილებელ ხარჯებზე, 30% - სურვილებზე, ხოლო 20% - დანაზოგებზე. ამ მეთოდის მიხედვით, ბიუჯეტში არ ისაზღვრება, თითოეული ხარჯის კატეგორიაზე რა თანხა უნდა წავიდეს, არამედ ის საჭიროებებს, სურვილებსა და დანაზოგებს შორის ბალანსის დაცვას გულისხმობს.

ოთარაანთ ქვრივის მეთოდი

თუ გახსოვთ, როგორ ანაწილებდა ოთარაანთ ქვრივი თავის თანხას 5 ქისაში, რომელთაგანაც თითოეულს წინასწარ განსაზღვრული დანიშნულება ჰქონდა, იგივე მეთოდი წარმატებით შეიძლება დანერგოთ თქვენს ცხოვრებაშიც: მაგალითად, გამოყოთ 5 მნიშვნელოვანი კატეგორია, პირობითად: 1. სესხის თანხა, კომუნალურები და სხვა გადასახადები 2. სურსათი და საყოფაცხოვრებო ხარჯები, 3. ტრანსპორტირება 4. ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები 5. თავისუფალი თანხა და მთელი შემოსავალი ამ 5 კატეგორიაზე გადაანაწილოთ. თვის განმავლობაში ხარჯვისას, თანხაც შესაბამისი კატეგორიის „ქისიდან“ უნდა დაიხარჯოს.

მინიმალისტური ბიუჯეტი

ამ მეთოდის მიხედვით, ბიუჯეტის განსაზღვრისას გამოიყოფა მხოლოდ ის პრიორიტეტული ხარჯები, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია: მაგალითად, სესხის შენატანი, ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები და შემოსავლის მიღებისას, პირველ რიგში, მხოლოდ ამ ხარჯების გასტუმრება, ან ამ ხარჯებისათვის თანხის გადადება ხდება. ხოლო დანარჩენი თანხა იხარჯება ყოველგვარი გეგმის გარეშე, ანუ ბიუჯეტი მხოლოდ მინიმალურად არის დაგეგმილი.

5. იცხოვრეთ ბიუჯეტის მიხედვით

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ ბიუჯეტირების თქვენთვის მოსახერხებელ მეთოდს, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ფურცელზე არ დარჩეს და ცხოვრებაშიც განახორციელოთ: თუ მაგალითად, დეტალური ბიუჯეტი გაქვთ - გამოყავით დღეში მხოლოდ 5 წუთი ხარჯების აღსარიცხად, თუ დანაზოგს აგროვებთ მიზნის მისაღწევად - შემოსავლის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, თანხა ამ დანაზოგზე გადადეთ, ამისთვის შეგიძლიათ ზრდადი დეპოზიტიც  გახსნათ და ხელფასიდან თანხის ავტომატური გადარიცხვა გაიაქტიუროთ, ხოლო როდესაც თანხას ამა თუ იმ მიზნისთვის ხარჯავთ - გახსოვდეთ თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტები.

6. პერიოდულად განაახლეთ ბიუჯეტი

რაც არ უნდა იდეალურად შედგენილი იყოს ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი ცხოვრებისეული ეტაპების ცვლილებასთან ერთად იცვლება ჩვენი შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურაც, შესაბამისად, ეს ჩვენს ბიუჯეტზეც უნდა აისახოს. მაგალითად, თუ პანდემიის გამო სახლიდან მუშაობთ, შეიძლება თქვენი ხარჯებიდან გარეთ კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები შემცირდეს, მაგრამ გაიზარდოს ინტერნეტის, ან  შინ მომზადებული კერძებისთვის სურსათის ხარჯები. ან მაგალითად, თუ შვილი შეგეძინათ, თქვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ბავშვის მოვლასთან  დაკავშირებული ხარჯები. ამიტომ, საჭირო ხდება ბიუჯეტის პერიოდული განახლება და დაკორექტირება.