კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

4 შემოთავაზება ინტერნეტში, რომლებსაც არ უნდა ენდოთ

4 შემოთავაზება ინტერნეტში, რომლებსაც არ უნდა ენდოთ

3976
4.2 / 5

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით შემოთავაზებას, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველი და ადვილად განსახორციელებელი ჩანს, თუმცა, სინამდვილეში, შესაძლოა, ძალიან რისკიანი ან სულაც თაღლითური აღმოჩნდეს. შეიძლება, იფიქროთ: "ვცდი, რას ვკარგავ", მაგრამ ასეთ შემოთავაზებებში, სწორედ რომ თქვენს ფინანსებს რისკავთ. თუ არ ხართ მზად, მოგების ნაცვლად საკუთარი თანხაც დაკარგოთ, გადახედეთ ინტერნეტში გავრცელებულ 4 შემოთავაზებას, რომელსაც არ უნდა ენდოთ ან მინიმუმ, ეჭვის თვალით უნდა შეხედოთ და სიფრთხილით მოეკიდოთ:

1. "იშოვე ფული მარტივად"

ფულის "მარტივად შოვნის" სქემები მუდამ იყო და იქნება. ასეთ დროს თქვენგან გარკვეული თანხის დაბანდება მოითხოვება და სანაცვლოდ, გარკვეულ სარგებელს გპირდებიან. მსგავსი პირამიდული სქემები ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად არის შეფუთული (საბაზროზე მაღალი სარგებელი დაბანდებულ თანხაზე, საგზურის/ნივთის შეძენა და მეგობრების მიყვანა, NFT აქტივი და ა.შ.), თუმცა, არსი ერთია: არ ჩანს კომპანიის ბიზნესმოდელი, ანუ ბუნდოვანია, რაში აბანდებთ თანხას და როგორ უნდა მოიტანოს ამან მოგება. ასეთი კომპანიები არ ახორციელებენ რეალურ ინვესტიციას. თქვენი შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ  სქემაში სხვა ადამიანების გაწევრიანებაზე (თქვენ მიერ, ან თქვენ გარეშე გაწევრიანებული), რომლებიც ასევე დააბანდებენ თანხას და თქვენი მოგებაც სხვა წევრებისგან შემოსული თანხებისგან გადაიხდება. ეს მაშინაც ასეა, როდესაც სხვა წევრების არსებობა არც ისე თვალსაჩინოა და თქვენი დავალება თითქოს მხოლოდ სპორტული აქტივობა, ან ვიდეოს ყურებაა. ასეთი სქემები კი ადრე თუ გვიან, ყოველთვის იშლება: მაშინ, როდესაც ახალი წევრების მოძიება შეუძლებელი ხდება და არსებული წევრები ვეღარ იღებენ შემოსავალს. 

2. "აიღე სესხი შემოსავლისა და საკრედიტო ისტორიის მიუხედავად"

რატომ უნდა მოგცეთ კომპანიამ სესხი, თუ მას არ აქვს არავითარი გარანტია, რომ სესხს უკან დაუბრუნებთ? ანუ მაშინ, როდესაც არ გაქვთ შემოსავალი, საიდანაც სესხს გადაიხდით? ასევე, როდესაც სესხის გამცემს არ აინტერესებს, როგორ ფარავდით წარსულში სესხებს? ასეთი შემოთავაზებების უკან დიდი ალბათობით, თაღლითობა დგას. "სესხის გამცემმა" სესხის დამტკიცების სანაცვლოდ შესაძლოა, წინასწარ გარკვეული საკომისიოს გადარიცხვა გთხოვოთ. საბოლოოდ კი, თქვენი გადარიცხული თანხა მიითვისოს და რეალურად, არანაირი სესხი არ გასცეს. ასევე, შესაძლოა, თითქოსდა სესხის გადმორიცხვის მიზნით, თქვენი ბარათის მონაცემების გამჟღავნება მოითხოვოს, რაც მას თქვენს ბარათზე წვდომის საშუალებას მისცემს. 

3. "მოიგე პრიზები - შეიყვანე ბმულზე შენი ინფორმაცია"

ბოლო პერიოდში ასევე გავრცელებული იყო "გათამაშებები" ცნობილი კომპანიების სახელით სოციალურ ქსელებში, რომლებიც სინამდვილეში, ნამდვილი კომპანიების გვერდების მიმსგავსებულ, გაყალბებულ გვერდებს წარმოადგენდნენ. ასეთ შემოთავაზებებში, რაიმე ნივთის მოგებას გპირდებიან, სანაცვლოდ კი, ბმულზე გადასვლა და თქვენი ინტერნეტბანკის ან ბარათის მონაცემების შეყვანა მოითხოვება. ამ გზით შეყვანილი მონაცემები თაღლითის ხელში ხვდება, რაც მას თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომისა და თქვენი თანხის მითვისების საშუალებას აძლევს. მსგავსი თაღლითობები გარკვეული პერიოდების შემდეგ ბრუნდება ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მთავარი მიზანი, მოტყუებით ხელში ჩაიგდონ მსხვერპლის საბანკო მონაცემები - იგივე რჩება.

4. "შევიძენ შენს ნივთს - შეავსე საფოსტო ფორმა"

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა, მსგავსი თაღლითობა დღესაც გვხვდება: თუ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში ყიდით ნივთს, შესაძლოა სხვადასხვა გზით (WhatsApp, Viber, Telegram და ა.შ.) დაგიკავშირდნენ ვითომდა "მყიდველები" და გთხოვონ ნივთის სხვა ქალაქში გაგზავნა, საფოსტო ხარჯები კი თავის თავზე აიღონ. ამ დროს ისინი აგზავნიან "საფოსტო ფორმას", სადაც თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანას გთხოვენ, "შეკვეთის გასაფორმებლად", "თანხის ჩასარიცხად" ან სხვა მიზეზით. ცხადია, ასეთ ფორმაში შეყვანილი ბარათის მონაცემებიც თაღლითთან მიდის და მას თქვენი ბარათიდან თანხის მითვისების საშუალებას აძლევს. 

სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება პირამიდული სქემები, ფიშინგისა თუ ინტერნეტთაღლითობის სხვა შემთხვევებიც, შესაბამისად, ყოველთვის მნიშვნელოვანია, სიფრთხილით მოვეკიდოთ ისეთ შემოთავაზებებს, რომლებიც არარეალურად კარგად ჟღერს, რადგან დიდი ალბათობით, ისინი მართლაც არარეალური აღმოჩნდება.