2 მითი "კლებად" გრაფიკთან დაკავშირებით
ყველას, ვისაც სესხით უსარგებლია, ალბათ, ე.წ. „კლებადი“ გრაფიკის შესახებაც სმენია. სესხის დაფარვის გრაფიკის ამ სახელწოდებას უფრო ხალხური წარმოშობა აქვს, თუმცა მას ფინანსური ორგანიზაციების ოფიციალურ საიტებზეც შეხვდებით.
„კლებადი“ გრაფიკის სახელწოდების სათავე ძირითადად მისი მთავარი მახასიათებლიდან უნდა მოდიოდეს - ამ შემთხვევაში სესხი ისე იფარება, რომ მხოლოდ პროცენტის გადახდა კი არ ხდება, არამედ ეტაპობრივად მცირდება სესხის ძირიც ანუ იკლებს თავად ნასესხები თანხის მოცულობაც. უფრო ხშირად, ამგვარი გრაფიკები ისეა შედგენილი, რომ სესხზე ყოველთვიური შენატანები ერთნაირი იყოს. ამ შენატანებიდან თანხის ნაწილი სესხის ძირის დასაფარად მიდის, ნაწილი კი - პროცენტზე.
ამ ბლოგში სწორედ ამგვარ, თანაბარგადახდებიან „კლებად“ გრაფიკთან დაკავშირებულ, ყველაზე მეტად გავრცელებულ ორ მითზე ვისაუბრებთ.
მითი #1 - სესხის დაფარვის გრაფიკს სპეციალურად, მომხმარებლის საზიანოდ ადგენენ, ამიტომაა რომ შენატანებში თავდაპირველად პროცენტი მეტია და ძირი კი - ცოტა.
ერთხელ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით წინადადებაც კი წამოაყენეს - საკანონმდებლო დონეზე აკრძალულიყო გრაფიკის ამგვარი გადანაწილება.
იქნებ თქვენც გიფიქრიათ, რომ ეს სპეციალურად ხდება ასე?
სინამდვილეში, გრაფიკის ამგვარი გადანაწილება ძალიან ბუნებრივია. ის არც გამსესხებლის სპეციფიკურ განზრახვაზე მიუთითებს და არც მომხმარებლის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე.
მაშ რაშია საქმე?
მოდი, განვიხილოთ მაგალითები:
#1 მაგალითი: დავუშვათ, გამსესხებელმა 2 პირზე გაასესხა თანხა თვეში 2%-ად. ერთ მსესხებელს 200 ლარი მისცა, მეორეს კი - 100 ლარი. ერთი თვის შემდეგ პირველი მსესხებელს პროცენტის სახით გადასახდელი ექნება 4 ლარი, მეორეს - 2 ლარი.
#2 მაგალითი: ზემოაღნიშნული მაგალითის ანალოგია ერთ მსესხებელზე გადმოვიტანოთ და დავუშვათ, გამსესხებელმა 200 ლარი ერთ მსესხებელზე თვეში 2%-ად იმ პირობით გაასესხა, რომ ერთი თვის შემდეგ სესხის ძირიდან 100 ლარს დაფარავდა. შედეგად, პირველ თვეს მსესხებლის მიერ ნასესხები თანხა 200 ლარია, მეორე თვეს კი - 100 ლარი. შესაბამისად, მსესხებელს პროცენტის სახით პირველ თვეში გადასახდელი ექნება 4 ლარი ექნება, მეორე თვეში კი - 2 ლარი.
ამ მაგალითებში მსესხებლები პროცენტის სახით სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა თანხას იხდიან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ თვეში მათ მიერ %-ში გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია იმავე თვეში ნასესხები თანხის მოცულობაზე.
ანალოგიური პრინციპით მუშაობს სესხის დაფარვის უფრო გრძელვადიანი გრაფიკებიც. ყოველთვიურად %-ის სახით გადასახდელი თანხის მოცულობა ანგარიშდება იმის მიხედვით, თუ რამდენია მსესხებლის მიმდინარე სესხის ძირი იმავე თვეში. რამდენადაც ე.წ კლებად გრაფიკზე ვსაუბრობთ ანუ ყოველ მომდევნო თვეს იკლებს სესხის ძირითადი თანხის მოცულობა, იკლებს დარჩენილი სესხის ძირზე დაანგარიშებული პროცენტის თანხაც. დანარჩენი კი უკვე მათემატიკაა და საერთოდ არ უკავშირდება გამსესხებლის "მზარკვრულ განზრახვას". თუ ყოველთვე სესხის დასაფარად თანაბარი გადახდები ხორციელდება, როცა იკლებს გადასახდელი პროცენტი, იმატებს დასაფარი ძირის თანხაც. ანუ თუ ჯამი უცვლელია და მცირდება ერთ-ერთი შესაკრები, ბუნებრივად იზრდება მეორე.
მითი #2 - სესხის დაფარვის შუა პერიოდში გრაფიკის შეცვლა საზიანოა მომხმარებლისთვის. მაშინ როცა გრაფიკში ძლივს გაიზარდა ძირის მოცულობა, ახალ გრაფიკში გამსესხებელი ისევ თავის სასარგებლო სქემას აამუშავებს და ისევ პროცენტების დაფარვით დაიწყება გადახდები.
ეს შეხედულება პირველი მითით შექმნილი წარმოდგენიდან მომდინარეობს.
სინამდვილეში, თუ გავისხენებთ, რომ პროცენტის მოცულობა ყოველთვის მიმდინარე დავალიანების შესაბამისად ანგარიშდება, სხვა თანაბარ პირობებში ძველი და ახალი გრაფიკის შემთხვევაში ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის მოცულობაც არ შეიცვლება.
თუმცა, აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სწორედ „სხვა თანაბარი პირობები“-ს არსებობა. ამ პირობებიდან კი - დაფარვის ვადა. სწორედ ვადის ცვლილება ცვლის ყოველთვიურად გადასახდელ თანხას და, შედეგად, ძირისა და პროცენტის გადანაწილებას.
რაც უფრო გავზრდით სესხის დაფარვის ვადას, მით მეტად შემცირდება ყოველთვიური შენატანების მოცულობა. ამ შენატანში პროცენტის დაანგარიშების პრინცპი უცვლელია - ის ანგარიშდება სესხის მიმდინარე ძირის მოცულობიდან. ამიტომ რაც უფრო მცირეა ყოველთვიური შენატანის მოცულობა, მით ნაკლები დარჩება ძირის დასაფარად.
მოდი, კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ:
#3 მაგალითი: მსესხებელმა კვლავ 200 ლარი ისესხა, თვეში 2%-ად, მაგრამ დაფარვის გრაფიკი თანაბარი და კლებადია. ერთმანეთს შევადაროთ გრაფიკები ამ პირობით სესხის 2-თვიანი და 6-თვიანი დაფარვის შემთხვევაში.
როგორც ვხედავთ, 2 თვიანი გრაფიკის შემთხვევაში ყოველთვიური გადასახდელი 103 ლარია, 6-თვიანი გადახდის შემთხვევაში კი - 36 ლარი. განსხვავებულია თანხის დაფარვის სტრუქტურაც მაგრამ ის რაც ადვილი შესამჩნევია, ორივე შემთხვევაში და #2 მაგალითის ანალოგიურადაც, როცა სესხის საწყისი თანხა 200 ლარია, იმ თვეში პროცენტის სახით გადასახდელი თანხაც 4 ლარია. ასევე, ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის თანხაც ნარჩენი ძირის 2%-ია. ხოლო მიზეზი, რატომაც დასაფარი ძირის მოცულობა სხვადასხვა გრაფიკში განსხვავებულია და, მაგალითად, 6 თვიან გრაფიკში ძირი თითქმის 3-ჯერ ნაკლები თანხით მცირდება - ყოველთვიურად შესატანი თანხის მოცულობაა.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამსესხებლისა და მსესხებლის შეთანხმებით, დაფარვის სხვანაირი გრაფიკიც შედგეს. მაგალითად, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხა თანაბრად შემცირდეს, როგორც ზემოაღნიშნულ #2 მაგალითში გვქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვიური შენატანების მოცულობა თანაბარი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში, ამგვარ გრაფიკებში, როგორც ვხედავთ უფრო მათემატიკა მუშაობს, ვიდრე ფინანსები. და მათემატიკა კი, როგორც წესი, ყველაზე ობიექტური და სამართლიანია.