კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რჩევები საგამოცდო პერიოდის გამოწვევებთან გასამკლავებლად

რჩევები საგამოცდო პერიოდის გამოწვევებთან გასამკლავებლად

2258
4.2 / 5

სტუდენტობის პერიოდის გამოცდის სურვილი თითქმის ყველას უჩნდება. მას შემდეგ, რაც სკოლის პერიოდის ბოლო წლები მოახლოვდება, სასიამოვნო განცდას აჩენს ფიქრი, რომ მალე ცხოვრების ახალი ეტაპი დადგება, სადაც უხვად იქნება სიახლე, ახალი ადამიანები, ბევრი ახალი ინფორმაცია. ყველა ელის ახალ პერსპექტივებს და სტუდენტობის პერიოდს ყოველთვის ოპტიმისტურად, ნათელ ფერებში ყურებს.

თუმცა, მოსწავლეობიდან სტუდენტობამდე ერთი პატარა "ხიდის" გავლაა საჭირო, რომელსაც აბიტურიენტობისა და მისაღები გამოცდების პერიოდი ჰქვია. ეს ის პერიოდია, როდესაც ვწყვეტთ, ვინ გვინდა ვიყოთ მომავალში, რა გვინდა ერქვას ჩვენს პროფესიას, ვის ვანდობთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს განათლებას. გარდა ამ რაციონალური საკითხებისა, ამ „ხიდზე" ემოციაც მრავლადაა, ვღელავთ, როგორ გაივლის საგამოცდო ეტაპი, კარგად მოვემზადებით თუ არა გამოცდებისთვის და ზოგადად, მივაღწევთ თუ არა დასახულ მიზანს. ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი ფიქრები და ემოციები, რასაკვირველია, ინდივიდუალურია. ზოგი მეტად ვღელავთ, ზოგს კი ემოციებს მიღმა შეუძლია გამოცდებზე ფიქრი. როგორიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია წინასაგამოცდო და უშუალოდ საგამოცდო პერიოდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არ გამოვტოვოთ. მოდით, შევაჯამოთ რა არის ის საკითხები, რაც აბიტურენტობისა და საგამოცდო პერიოდის მშვიდად მართვაში გვეხმარება.

როგორ გავუმკლავდეთ წინასაგამოცდო პერიოდის გამოწვევებს?

გამოცდებამდე არის ის პერიოდი, როდესაც ვემზადებით, ვაანალიზებთ, ემოციურ პრიზმაში ვატარებთ ყველაფერს, რაც გამოცდებს უკავშირდება. ამ ეტაპზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად გთავაზობთ შემდეგ რჩევებს:

  • განეწყეთ პოზიტიურად - წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ განწყობაზე მოდის. ადამიანებს, იმისიც სჯერათ, რომ რა ემოციასაც გასცემ იგივე გიბრუნდება. ამასთან, ადამიანები ისე ვართ მოწყობილი რომ ჩვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, შესაბამისად თუ შეინარჩუნებთ პოზიტივს, უფრო დიდი შანსია რომ ფიზიკურადაც მხნედ იყოთ და ჩვენი ძალების მაქსიმუმი გამოავლინოთ.
  • იკვებეთ ჯანსაღად - გადატვირთული გრაფიკი, ემოციები, ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანს - საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გვავიწყებს. იმისთვის, რომ ფიზიკური მხნეობა შეინარჩუნოთ, აუცილებელია, დაბალანსებული კვება. შეეცადეთ თქვენი კვების რაციონი არ იყოს მხოლოდ სწრაფი კვების პროდუქტებითა და ტკბილეულით დაკომპლექტებული.
  • დაისვენეთ - როგორი გადატვირთულიც უნდა იყოთ, საჭიროა გახსოვდეთ, რომ დასვენება ის აუცილებლობაა, რომლის გარეშეც დატვირთულობას ვერ გაუძლებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოყოთ დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის.
  • გააკეთეთ შეძლებისდაგვარად ბევრი საცდელი ტესტი - კითხვაზე, როგორ ვიყოთ მზად გამოცდისთვის? პასუხია - მოემზადეთ მისთვის მთელი ძალისხმევით. შეეცადეთ აკეთოთ ბევრი ტესტი, რომელიც ჰგავს საგამოცდო ტესტებს. ეს დაგეხმარებათ მიეჩვიოთ წერის სტილს და დროც ეფექტურად მართოთ.
  • გააცნობიერეთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები -  მნიშვნელოვანია გულწრფელად გამოუტყდეთ თავს, რომელია თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე. მაგალითად, თუ იცით რომ შეზღუდული დრო თქვენთვის დამძაბველია, შეგიძლიათ ამ ფაქტორზე ბევრი იმუშაოთ გამოცდამდე, ან გამოცდის დროს ისე გადაანაწილოთ საკითხები, რომ დიდი დრო დაიტოვოთ შედარებით საყურადღებო ნაწილისთვის
  • იცოდეთ რას უნდა მოელოდეთ - შეიქმენით სწორი მოლოდინი. ეს ნიშნავს იმას, რომ არ მოსთხოვოთ თქვენ თავს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ადამიანს შეუძლია. 

როგორ გავუმკლავდეთ საგამოცდო პერიოდის გამოწვევებს?

როდესაც წინა საგამოცდო პერიოდი უკან რჩება და უშუალოდ გამოცდისთვის ემზადებით, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე - როდესაც ფეხს შედგამთ საგამოცდო სივრცეში, შეეცადეთ ემოციებიც კარს მიღმა დატოვოთ. ეს დაგეხმარებათ კონცენტრაციასა და აზრების სწრაფად მოკრებაში.
  • შეისვენეთ გამოცდის მსვლელობის დროს - გამონახეთ თუნდაც რამდენიმე წამი, რომ შეისვენოთ, თავისუფლად ამოისუნთქოთ და გაიაზროთ, რომ ყველაფერს შეძლებთ. თუნდაც მცირეხნიანი გადართვა საგამოცდო საკითხიდან, თქვენს გონებას გადატვირთვის საშუალებას მისცემს.
  • ჩანაწერებისთვის გამოიყენეთ შესაბამისი ფურცლები - თუ თქვენ დისკომფორტს გიქმნით პირდაპირ საგამოცდო ფურცელში წერა და გსურთ დამატებითი ფურცლით სარგებლობა, გაარკვიეთ არის თუ არა ამის შესაძლებლობა და შეეცადეთ მაქსიმალურად კომფორტულად მოეწყოთ წერის დროს.
  • შეიმუშავეთ ნაშრომის გადახედვის ტაქტიკა - ნაშრომის ჩაბარებამდე, სასურველია, გადახედოთ თქვენს ნამუშევარს. იმისთვის, რომ ეს ეფექტიანი აღმოჩნდეს, სასურველია წინასწარ დაგეგმოთ როგორ შეამოწმებთ პასუხების ფურცელს, მაგალითად: გაჰყვებით ტესტების რვეულს და ყველა ტესტს სათითაოდ გადაამოწმებთ თუ მხოლოდ იმას ჩახედავთ, ყველა კითხვაზე მონიშნულია თუ არა პასუხი. როდესაც ამგვარი საკითხები განსაზღვრული გექნებათ, საგამოცდო დრო უფრო ნაკლებად სტრესული იქნება.
  • კარგად გაიაზრეთ დასმული ამოცანის შინაარსი- ნუ დაზოგავთ დროს კითხვის გააზრებაზე. დასმული ამოცანა წაიკითხეთ და გაიაზრეთ ყურადღებით. სწორად აღქმული შეკითხვა დაგეხმარებათ პასუხის სწრაფად მოფიქრებაში.
  • შეიქმენით კომფორტი - თუ თქვენი ინვენტარი დაზიანებულია ან თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს სხვა საკითხი, აუცილებლად გაესაუბრეთ ორგანიზატორს და მაქსიმალურად შეეცადეთ ყველა სკითხი გადაჭრათ გამოცდის დროის დაწყებამდე.
  • იქონიეთ საათი - გამოცდისთვის განსაზღვრული დროის კონტროლი თუ თქვენთვის მოსახერხებელია, სასურველია თან იქონიოთ საათი. მართალია, საგამოცდო სივრცეში აუცილებლად გაგაფრთხილებენ დროით საკითხებზე, თუმცა საკუთარმა საათმა, შესაძლოა, უფრო დიდი სიმშვიდე მოგიტანოთ.
  • ნუ შეცვლით ნაშრომს ბოლო წუთებზე - თუ გამოცდის დასასრულს თქვენი ნაშრომის შეცვლის იდეა გაგიჩნდებათ, ნუ გარისკავთ! შეეცადეთ დიდი ცვლილებები ბოლოსთვის არ დაიტოვოთ.
  • წინასწარ შეისწავლეთ, სად მდებარეობს თქვენი საგამოცდო ცენტრი - სასურველია წინასწარ იცოდეთ სად მოგიწევთ მისვლა, რა დრო გჭირდებათ სახლიდან საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელად და რა ტრანსპორტით შეძლებთ მისვლას. ასე თავიდან აირიდებთ დაგვიანების რისკს.
  • იყავით თავდაჯერებული - ყველა რჩევა აზრს დაკარგავს, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გექნებათ! გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, შესაძლებლობების რომელიც უსაზღვროა.

წარმატებას გისურვებთ!