კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

10 ქართული ზღაპრისა და 10 ქართული დაზღვევის სახეობის ამბა

10 ქართული ზღაპრისა და 10 ქართული დაზღვევის სახეობის ამბა

983
4.1 / 5

გიფიქრიათ რა იქნებოდა ქართულ ზღაპრებში გმირებს დაზღვევის საშუალება რომ ჰქონოდათ?!

ასე მაგალითად, იყო და არა იყო რა...

  1. „ნაცარქექია და სამოგზაურო დაზღვევა“ - ნაცარქექია სახლიდან წასვლის წინ სამოგზაურო დაზღვევას შეიძენდა და მთელი მისი თავგადასავალი უსაფრთხოდ და დაცულად ჩაივლიდა. აღარც დევს გადაეყრებოდა და აღარც მასთან ჭიდილში, თავის გადარჩენისთვის ტყუილების მოფიქრება მოუწევდა, საშინელ შიშსაც გადარჩებოდა;

  2. „ერთი მანეთის მშოვნელი და დაზღვევა საფინანსო დანაკარგისგან“ - ის თუ გახსოვთ მამამ შვილი სახლიდან რომ გააგდო, იშრომე, მანეთი გამოიმუშავე და ისე მოდიო. ჭაბუკს დედა დაეხმარა და მანეთი თავად მისცა, მანაც მამას მიუტანა, მაგრამ მამამ არ დაუჯერა, შემი ჯამაგირი არ იქნებაო და უმალ ბუხარში შეაგდო. ბევრი ასეთი მცდელობის შემდეგ, ბოლოს შვილმა თავისი შრომით გამომუშავებული მანეთი რომ მიუტანა და მამამ ისიც ბუხარში შეაგდო - გაბრაზდა ახალგაზრდა და ფულის გადარჩენა სცადა. აფსუს, ფინანსური დანაკარგების დაზღვევა რომ ჰქონოდა, რამდენი მანეთი დაუბრუნდებოდა უკან?!

  3. „გლახაკი, ქილა ერბო და ქონების დაზღვევა“ - როცა დანაკარგზე ვსაუბრობთ პირველი რა გახსემდებათ? რა თქმა უნდა, საწყალი მოხუცი და ერთი ქილა ერბო. რამდენი იოცნება საბრალომ: ერბოს გავყიდი და ქათმებს ვიყიდიო, დავზრდი, გავყიდი და ღორებს ვიყიდიო. ღორებსაც გავყიდი და ხარებს ვიყიდიო. ერთი შეხედვით მთელი ბიზნეს გეგმა ჰქონდა მოფიქრებული, ვიზუალურადაც კი წარმოიდგინა და სწორედ იქ შეემთხვა უბედურება, გასაყიდად წაყვანილ ხარებს რომ სახრე გადაუჭირა. თურმე წარმოსახვას ქილა ერბოს უშენდა და ისიც ოცნებასთან ერთად ნამტვრევებად ექცა. აბა ტვირთის დაზღვევა ჰქონოდა თუ არ აიხდენდა საწადელს?!

  4. „კომბლე და ქონების დაზღვევა“ - კომბლეს სიმშვიდე მაშინ დაერღვა მის ავლა-დიდება ცხვრებს რომ საფრთხე დაემუქრა. აღარ დაბრუნდნენ, მგელმა შეჭამა. რამდენი ეძება კომბლემ, ვის აღარ ჰკითხა და ბოლოს როგორ საბედისწეროდ მიაგნო?! მგლის ხახაში, კბილებს შორის ჩარჩენილ ხორცზე იცნო კომბლემ თავისი საბრალონი. ჰოდა გაუჭრა კიდეც მუცელი მტაცებელს და დაიბრუნა თავისი ცხვრები. კომბლეს თავისი ქონება რომ დაეზღვია, სადაზღვევო კომპანია თავად იზრუნებდა ყველაფერზე.

  5. „სიზმარა და სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა“ - მთელს საზღაპრეთში, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი სიზმარას ჰყავს. თავად „მთვარემ“ „მზე“ რომ ცოლად შეირთო, უამრავი „ვარსკვლავი“ შეეძინათ. მოგეხსენებათ პატარების ამბავი, სულ ავადობენ, მერე მედიკამენტებიც როგორი ძვირია?! ამით იმის თქმა მინდა, სიზმარას, ოჯახის დაძღვევა რომ შესძლებოდა არხეინად იკოტრიალებდა და ყოველ ღამ ახალ სიზმარს დაისიზმრებდა, ამით კი უთვალავ ახალ „ვარსკვლავს“ მოუვლენდა „ზეცას“.

  6. „რწყილი, ჭიანჭველა და იურიდიული ხარჯების დაზღვევა“ - რწყილს, მეგობარი ჭიანჭველა წყლიდან რომ ამოეყვანა, ერთი პატარა, ნაგლეჯი ბაწრის გულისთვის თავბრუდამხვევი ბიუროკრატიის გავლა მოუწია. ჯერ ღორთან მივიდა, რომელმაც მუხასთან გააგზავნა, მუხამ- ყვავთან, ყვავმა - კრუხთან, კრუხმა - ორმოსთან, ორმომ - თაგვთან, თაგვმა - კატასთან, კატამ - ძროხასთან, ძროხამ კიდევ მინდორში წადი ბალახი დამიკრიფეო. კიდევ კარგი ბალახი მაინც დახვდა ხელმისაწვდომი, თორემ რაღა ეშველებოდა?! აბა ჰქონოდა იურიდიული ხარჯების დაზღვევა, უსწრაფესად თუ არ იშოვიდა ბაწარს.

  7. „აბესალომ, ეთერი და ვალდებულების შესრულების დაზღვევა“ - ქვეყნად კაცი არ მეგულება ეთერის ცოდვით, გული რომ არ ჩასწყდომოდა. არც ვინმე მინახავს მურმანის „ეკლობის“ შემბრალებელი. სიმართლე ერთია, აბესალომს თავისი პირობა რომ შეესრულებინა და მის მიერ ნიშან-დადებული ეთერი ცოლად შეერთო, მთელი ეს ტრაგიკური სიყვარულის ისტორია აღარ იარსებებდა. არც ეთერი დაიტანჯებოდა და აღარც მურმანი გარდაიქმნებოდა ეკლად. ეჰ, იმ დროს სად იყო ვალდებულების შესრულების დაზღვევის აუცილებლობა, აფსუსი არაა?!

  8. „ნახევარ ქათამა და სიცოცხლის დაზღვევა“ - ვიმ წარმოიდგენდა რომ ერთი შეხედვით, პატარა, გაპუტულ და გალეულ ქათამს, მთელი ზღვის და უზარმაზარიი ცხოველების გადასანსვლა თუ შეეძლო. მერე საბრალო მეფე, მისი შემხედვარე რას იფიქრებდა რომ მთელს მის სამფლობელოს ეს ერთი გალეული არსება გააჩანაგებდა და მეტიც... ეგ ის მეფე არ იყო, ნახევარქათამას ამონთხეულმა ზღვამ რომ შთანთქა?! საბრალო, მისი დანატოვარი, დარჩნენ ღატაკად. არადა მეფეს რომ თავისი სიცოცხლე უბედური შემთხვევისგან დაეზღვია, სადაზღვევო კომპანია, კაი გვარიან ქონებას აუნაზღაურებდა სიკვდილის შემდეგ.

  9. „წიქარა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა“ - როცა საწრანსპორტო საშუალებებზე ვსაუბრობთ პირველი რა გახსენდებათ?! წიქარა, რა თქმა უნდა წითელი ერთგული ხარი, რომელმაც ბიჭი დედინაცვალს გადაარჩინა და გზად შეხვედრილი მრავალი საფრთხის საფასურად სამშვიდობოს გაიყვანა. დაზღვევის კარგი პირობები წიქარას სულის მოთქმის საშუალებას ნამდვილად მისცემდა და ამოასუნთხებდა გადაღლილს.

  10. „თხა, ვენახი და უბედური შემთხვევის დაზღვევა“ - მოდი ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა?! ვაიჰ, მიველ ვნახეთ თხა, მგელს შეუჭამია თხა! მერე მგელი თოფმა იმსხვეროლა, თოფი - ჟანგმა, ჟანგი - მიწამ, მიწა - თაგვმა, თაგვი კი კატამ. ამ ერთ პატარა ამბავში რამდენი უბედური შემთხვევაა. ბევრი საუბარი რად უნდა იმის მიხვედრას რომ, ძველად, ქართულ ზღაპრებში თუ ვინმეს დაზღვევა სჭირდებოდა, ესენი ნამდვილად „თხა და ვენახის“ პერსონაჟები იყვნენ.

ახლა სხვა დროა, თუ დავუკვირდებით, ცხოვრება ბევრად მარტივი და სანდოა, რადგან თავის დაცვის თუ დაზღვევის საუკეთესო საშუალებები გვაქვს. შიში და დაუცველობა ზღაპრის გმირებს დავუტოვოთ, ჩვენ კი დროა მშვიდად ვიცხოვროთ.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა!

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია ნანკა ბაღათურია