10 ფაქტი ქართული ფულის ისტორიიდან
21-27 მარტს მთელს მსოფლიოსა და საქართველოშიც გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება. კვირეულის მიზანი ფულისა და ფინანსების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ქართულ ფულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იწყება. ამ ბლოგში სწორედ ქართული ფულის შესახებ გაგიზიარებთ საინტერესო ფაქტებს:
1. ეროვნული ვალუტის სახელწოდება
საქართველოს პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა - ლარი 1995 წლის 25 სექტემბრიდან გავიდა მიმოქცევაში. 2 ოქტომბრიდან კი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. მისი სახელწოდება 1992 წლის ქართული ფულის სახელწოდების შესარჩევი კომისიის სხდომაზე შეირჩა. „ლარი“ ძველ ქართულში განძის, ქონების შესატყვისს აღნიშნავდა. მონეტების სახელად კი შეირჩა XIII საუკუნიდან დამკვიდრებული სამონეტო ტერმინი „თეთრი“. ვალუტის სახელწოდებად ლარის გარდა განიხილებოდა „ქართული მანეთი“, „მარჩილი“, „ქართი“, „რვალი“.
2. 500 ლარიანი ბანკნოტი
1993-1995 წლებში, ქართული ფულის რეფორმის პერიოდში დამზადდა 500 ლარის ნომინალის ბანკნოტი სტრატეგიული მარაგის სახით. მისი მიმოქცევაში გაშვება ლარის კურსის სტაბილურობის გამო არ მომხდარა. ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათის მონასტრიდან, უკანა მხარეს კი V საუკუნის ქართული წარწერა ბოლნისის სიონის ტაძრის ბარელიეფიდან.
3. პირველი ქართული ფული
საქართველო, კერძოდ კი კოლხეთის სამეფო სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. პირველ ქართულ ფულად ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი ვერცხლის მონეტა მიიჩნევა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც „კოლხური თეთრი“. კოლხური თეთრის ნომინალები იწოდება „ტეტრადრაქმად“, „დიდრაქმად“,
„დრაქმად“ და „ჰემიდრაქმად“ (ანუ „ტრიობოლად“). ამ მონეტების ნაწილს რევერსზე აქვს ჩაჭდეული კვადრატი, რომელიც მხოლოდ ადრეული მონეტებისთვის არის დამახასიათებელი.
4. პირველი მონეტები ქართული წარწერებით
VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრებმა საკუთარი ვერცხლის მონეტა, ე.წ. ქართულ-სასანური დრამები მოჭრეს, რომლებზეც პირველად ქართული ფულის ისტორიაში გაჩნდა ქართული ზედწერილები და ქრისტიანული სიმბოლიკა - ჯვრის გამოსახულება. ამ მონეტების მოჭრა ქართლის ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქრისტიანობისადმი ერთგულების დეკლარირებას ნიშნავდა.
5. დავით აღმაშენებლის მონეტა
მონეტები ხშირად ასახავდა ქვეყნის სიძლიერესა და პოლიტიკურ მდგომარეობას. მაგალითად, დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ სპილენძის ქართულ მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე და წარწერა, რომელიც ასახავს ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურას: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“. ეს მონეტა ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. 2021 წლის დეკემბერში კი საქართველოშიც აღმოაჩინეს 1118 წელს მოჭრილი დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.
6. სპილენძის მონეტები „ოქროს ხანაში“
XII საუკუნე ერთიანი საქართველოს „ოქროს ხანაა“, ამ პერიოდში ფულიც რეგულარულად იჭრებოდა და ინტენსიურად მიმოიქცეოდა. ქართული ფულით გაჯერებული იყო არა მარტო საქართველო, არამედ ამიერკავკასია. თუმცა, „ოქროს ხანას“ ნუმიზმატიკაში ვერცხლის კრიზისი და „სპილენძის ხანა“ დაემთხვა - 1 საუკუნის მანძილზე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ვერცხლის ფული არ მოჭრილა. ვერცხლის მონეტები სპილენძის ფულმა შეცვალა, რომელსაც ვერცხლის ფასი უნდა ჰქონოდა. თამარ მეფისა და მისი ვაჟის, ლაშა-გიორგის სპილენძის მონეტებზე წერია: „სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამის“.
7. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფული
1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ, მთავრობამ ეროვნული ვალუტის შესაქმნელად მზადებაც დაიწყო. 1919 წელს პირველად გავიდა მიმოქცევაში დროებითი ფულის ნიშნები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები. ისინი 50 კაპიკის, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500 მანეთის ღირებულების იყო. მომდევნო წლებში კი, უფრო მაღალი ნომინალის - 1000 და 5000 მანეთის ღირებულების ბონებიც გამოვიდა. 5000 მანეთიანი ბანკნოტის ჭვირნიშანს წარმოადგენდა „სდრ“, რაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აღნიშნავდა.
8. მარჩილის ესკიზი
პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს მიდიოდა მსჯელობა სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებაზეც. ვალუტის ძირითად სახელად შეირჩა საქართველოში XVI საუკუნიდან გავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი - „მარჩილი.“ ფიქრობდნენ, რომ ის მომოქცევაში უნდა გასულიყო გერმანული მარკის პარიტეტული კურსით. მარჩილი მიმოქცევაში არასოდეს გასულა და არც მის შესახებ მოგვეპოვება ბევრი ისტორიული დოკუმენტი. თუმცა შემორჩენილია მხატვრის, ევგენი ლანსერეს მიერ 1920 წელს შესრულებული 25 მარჩილის ესკიზი.
9. ლარის სიმბოლო
ლარის სიმბოლო თავად ლართან შედარებით ახალგაზრდაა - სიმბოლო 2014 წელს დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ქართული ანბანის ასონიშან „ლ“-ზეა დაფუძნებული: ერთთავიანი, მარტივი „ლ“-ს რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული „ლ“-ის სტილიზებულ გამოსახულებას - ₾.
10. 10 ლარიანი მონეტა
2000 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ბიმეტალური მონეტები ლიმიტირებული ოდენობით. ამ მონეტით ჩვეულებრივ შეიძლება გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე, თავისი ნომინალური ღირებულებით.
წყარო:„ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2000
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი