კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოში ღია ბანკინგის მომსახურება ხელმისაწვდომია

2021 წლის 31 მარტიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა ღია ბანკინგის საშუალებით კომერციული ბანკებს შორის მომხმარებლის მონაცემების მიმოცვლა. მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ინფორმაციის გაზიარება ღია ბანკინგის განვითარების პროცესის მხოლოდ საწყისი ეტაპია და თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურებას ითვალისწინებს. რასაც საკმაოდ მალე მოჰყვება: გადახდის ინიცირების სერვისი, დისტანციური იდენტიფიკაცია, სტანდარტული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სხვა. უახლოეს მომავალში მომხმარებლებისთვის ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას არასაბანკო ორგანიზაციებიც შეძლებენ, სერვისები კი იურიდიული პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. 

იქამდე კი განვიხილოთ, რა არის ღია ბანკინგი, როგორ მუშაობს ის და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა აღნიშნული ტექნოლოგიიდან.

რა არის ღია ბანკინგი?

ღია ბანკინგი, ეს არის ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის საბანკო ინფორმაცია, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე გადაეცემა ღია ბანკინგის სისტემაში ჩართულ მხარეებს.  იმავდროულად, ის მომხმარებლის ფულადი სახსრების მართვის ახალი,  უფრო მარტივი და ეფექტური გზაცაა. 

ღია ბანკინგის განვითარების იდეა კონკურენციის ზრდის ხელშესაწყობად გაჩნდა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ სამომავლოდ, მსგავსი  რისკების დასაბალანსებლად აუცილებელი იყო დიდი ბანკების გავლენის შემცირება და  კონკურენციის ზრდა. ამ იდეას კი საკმაოდ ეფექტურად შეუწყობდა ხელს ღია ბანკინგი.

დღეისათვის საკმაოდ კარგადაა განვითარებული დისტანციური არხებით მომსახურება. შედეგად, მომხმარებლებისთვის ჩვეულებრივი ამბავია საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა ელექტრონული არხების გამოყენებით. იმავდროულად, ამ ინფორმაციის მესამე პირებზე, მაგალითად, სხვა საფინანსო ორგანიზაციებზე  გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე (ამ სტატიის მიზნებისთვის, არ გაითვალისწინება კანონით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როცა ინფორმაციის გადაცემა ხდება მომხმარებლის თანხმობის გარეშეც, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე). ღია ბანკინგის მუშაობაც ანალოგიურ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. 

როგორ მუშაობს ღია ბანკინგი?

არსებული მსოფლიო პრაქტიკით, ღია ბანკინგის განვითარება პირდაპირ კავშირშია ფინანსური ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების (შემდეგში - ფინტექკომპანიები) განვითარებასთან.

ღია ბანკინგის მუშაობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სამი ძირითადი მხარის თანაარსებობასთან:

  1. მომხმარებელი,
  2. ფინანსური ორგანიზაცია (მაგალითად, კომერციული ბანკი)  და
  3. დამატებითი მომსახურების მიმწოდებელი (პროვაიდერი), რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს როგორც ფინტექკომპანია, ისე კომერციული ბანკი.

ღია ბანკინგის მუშაობის სქემა  ასეთია: ფინანსური ორგანიზაციები, მომხმარებლის ფინანსური პროდუქტების შესახებ ინფორმაციას, მომხმარებლისავე თანხმობით, გადასცემენ პროვაიდერებს. ისინი კი, თავის მხრივ, ინფორმაციის კონსოლიდაციას ახდენენ და ასე აწვდიან მას მომხმარებელს.  ხშირად, სხვა, დამატებით მომსახურებებსაც სთავაზობენ.   

ღია ბანკინგის სისტემაში მომსახურების ძირითადი სტანდარტები, ასევე, სისტემის უსაფრთხოება, როგორც წესი, ქვეყნის მასშტაბით   შესაბამისი საკანონმდებლო ბაზითაა უზრუნველყოფილი. ხოლო კონკრეტულ პროდუქტებსა თუ მომსახურებას უკვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ამ სისტემაში შემავალი კომპანიები თავად ქმნიან და სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგალითად, ერთმა კომპანიამ შეიძლება, მომხმარებელს რამდენიმე ბანკის ინფორმაციის ერთ სივრცეში კონსოლიდაციისა და ამ ბანკებს შორის ინფორმაციის მარტივად მიმოცვლის სერვისი შესთავაზოს. სხვამ კი დამატებით სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილების სერვისიც განახორციელოს და პირობითად, მომხმარებელს, რომელსაც სურს ამა თუ იმ პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა, მისცეს საშუალება, გადახდა განახორციელოს სხვადასხვა ბანკში არსებული ყველა ანგარიშის გათვალისწინებით. 

რის შესაძლებლობას იძლევა ღია ბანკინგი მომხმარებლებისათვის?

ღია ბანკინგის მომსახურება ფართოდ გამოიყენება ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ამ ტექნოლოგიების სარგებლიანობაზე საუბარი უმჯობესი იქნება, უკვე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განვიხილოთ. აი, რამდენიმე მათგანიც:

ღია ბანკინგის ერთ-ერთი სარგებელი  სერვისების გაერთიანების შესაძლებლობაა - მომხმარებელი, რომელიც რამდენიმე ბანკის მომსახურებით სარგებლობს, ღია ბანკინგის ტექნოლოგიით აერთიანებს მისთვის შეთავაზებულ მომსახურებას ერთ სივრცეში, მარტივად ადარებს შეთავაზებულ პირობებს  და ირჩევს მისთვის ხელსაყრელს.

ღია ბანკინგის მეორე უპირატესობა ფინანსების მართვის გაიოლებაა. არსებული პრაქტიკით, ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული ფინანსების ანალიზის შესაძლებლობას სთავაზობენ. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯამური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. რიგი შემოთავაზებების შემთხვევაში კი მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ნახოს საკუთარი ხარჯების სტრუქტურა, დააკვირდეს, რაში ხარჯავს ყველაზე დიდ თანხას, როგორ ნაწილდება მისი შემოსავლები, მისი შემოსავლის რა ნაწილი მიდის მისი ვალდებულებების მომსახურებაზე და სხვა. მომხმარებელს აღარ დასჭირდება ფინანსური ინფორმაციის მისაღებად  თითოეული ბანკის ინტერნეტბანკის გამოყენება  ან ფილიალში მისვლა.  ღია ბანკინგი ქმნის ამ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრის შესაძლებლობას. 

ღია ბანკინგი ზრდის მომსახურების სისწრაფესაც - მაგალითად,  თუ მომხმარებელი გადაწყვეტს აიღოს სესხი იმ ბანკში, სადაც არ ფიქსირდება მისი  შემოსავალი, სტანდარტულად მას მოუწევს მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე ჩარიცხვების ინფორმაციის მოძიება და სესხის გამცემ ბანკში მისი მიტანა. ღია ბანკინგი ამ პროცესს ბევრად მოქნილს ხდის. მომხმარებლის ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება  ერთი ბანკის მონაცემები ავტომატურად გაიგზავნოს მეორე ბანკში. 

არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ღია ბანკინგი ხელს უწყობს  მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საფინანსო პროდუქტების რაოდენობის ზრდას. ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც ერთ სივრცეში ექცევა მომხმარებლის ინფორმაცია და მარტივდება მისი გაცვლა, გაზრდილი კონკურენცია ბიძგს აძლევს ფინანსურ ორგანიზაციებს, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად უპასუხებენ მომხმარებლის საჭიროებებს.

რის შესაძლებლობას იძლევა ღია ბანკინგი ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის?

მომხმარებლებისთვის შექმნილი სარგებლის გარდა, ღია ბანკინგს, არსებული პრაქტიკით, პოზიტიური ცვლილება შეაქვს ფინანსური ბაზრის განვითარებაშიც. კერძოდ, იზრდება კონკურენცია მომსახურე ორგანიზაციებს შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის მომხმარებლების მომსახურებისათვის, რადგან ფინანსურ ორგანიზაციებს უფრო მეტი სტიმული უჩნდებათ საუკეთესო პირობები შეიმუშაონ მომხმარებლის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, გაზრდილი კონკურენცია ხელს უწყობს ფინანსური სექტორის გაჯანსაღებას, ასტიმულირებ ინოვაციებს, ახალისებს  სიახლეების დანერგვას. 

ამასთან, ღია ბანკინგის მოხმარება და პოპულარიზაცია ასტიმულირებს ფინტექკომპანიების შექმნისა და ბაზარზე შესვლის პროცესს, რაც, თავის მხრივ,  ახალისებს არსებული მომსახურების მიწოდების გზების დახვეწასა და მომსახურების სახეების გამრავალფეროვნებას.

რა გამოცდილებაა ღია ბანკინგის დანერგვის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

დღეისათვის,  ღია ბანკინგში მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მომსახურების განმახორციელებელი 116 კომპანიაა ჩართული. მათი მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საბანკო ანგარიშების მონაცემების გაერთიანება, ბუღალტერიის წარმოება, ავტოსესხების მართვა, ბიზნესის მართვა, ბიზნესის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გადასახადების მართვა, საბარათე ლოიალობის პროგრამები, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ქულის დაანგარიშება, საინვესტიციო საქმიანობა, საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გაყიდვა,  ფაქტორინგი,  გადასახადები, ქონების მართვა, პირადი ფინანსების მართვა და სხვა.

სხვადასხვა ქვეყანაში ზემოაღნიშნული სერვისები განსხვავებულადაა წარმოდგენილი, მაგალითად:

ავსტრალიაში ღია ბანკინგის დანერგვა  2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყო. ამჟამად ამ სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად ჩართულია ინფორმაციის მიმღები 6 ფინტექკომპანია. მოსახლეობის გამოკითხვით,  ღია ბანკინგით ხელმისაწვდომ მომსახურებას შორის ყველაზე პოპულარულ მომსახურებად შემოსავლებისა და ხარჯების სისტემატიზაციის შესაძლებლობა დასახელდა. ასევე, დასახელდა ბანკში კლიენტად დარეგისტრირების პროცესის გამარტივება და ანგარიშის გახსნის სიმარტივე.

ჩეხეთში, დანიასა და ესპანეთშიც გააქტიურდა ღია ბანკინგის მომსახურება. ამ ეტაპზე ღია ბანკინგით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს შემდეგი ტიპის მომსახურება:

  • პერსონალურ და ბიზნეს ანგარიშზე წვდომა;
  • საბანკო ანგარიშების მონაცემებზე (IBAN, ანგარიშის მფლობელის სახელი) წვდომა;
  • საბანკო ანგარიშების ნაშთებისა და ტრანზაქციების ხელმისაწვდომობა;
  • 90 დღიანი უწყვეტი წვდომა საბანკო ინფორმაციაზე ხელახალი ავტორიზაციის გარეშე.

დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის გააქტიურებამ მრავალი შესაძლებლობა და იდეა გააჩინა ამ მიმართულებით. ჩამოთვლილი პროდუქტებიდან და მომსახურებიდან ნაწილი უკვე დანერგილია, ხოლო ნაწილი შემუშავების პროცესშია, მაგალითად: 

  • ფულის მართვის სისტემა - საბანკო ანგარიშების ერთ სივრცეში გადატანა საშუალებას იძლევა უფრო მარტივად იმართოს მომხმარებლის ფინანსები;
  • ფინანსური მრჩევლის მომსახურება - ღია ბანკინგს შესაძლოა მარტივად მიემაგროს ფინანსური მრჩეველის მომსახურება. რადგან ყველა შემოსავალი და ხარჯი ერთ სივრცეში იქნება, მარტივი გახდება მომხმარებლის პროფილის შესწავლა და ფინანსების სამართავად უკეთესი მეთოდების შეთავაზება;
  • ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობა - ღია ბანკინგის მეშვეობით გაერთიანებული საბანკო მონაცემები საშუალებას იძლევა ერთი საბანკო ბარათით ან თუნდაც ტელეფონის აპლიკაციით მოხდეს ანგარიშებზე არსებული თანხის განაღდება.

დიდ ბრიტანეთში არსებულმა მსხვილმა ბანკებმა ღია ბანკინგის დანერგვის საპასუხოდ სხვადასხვა მომსახურება დანერგეს. მაგალითად:

  • HSBC-მ ღია ბანკინგისადმი არსებული მოთხოვნების საპასუხოდ შეიმუშავა აპლიკაცია სახელწოდებით "connected money", რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში იხილონ საბანკო ანგარიშები, სესხები,როგორც იპოთეკური, ისე სამომხმარებლო.
  • Barclays-მ მომხმარებლებს ინტრეტნეტბანკის აპლიკაციაში სხვა ბანკის ანგარიშების გაერთიანების და ერთიანი მართვის საშუალება მისცა.

ინფორმაცია ღია ბანკინგში ჩართული ქვეყნებისა და მათი მომსახურების შესახებ აღებულია საიტიდან https://openbankingusecases.com/ 2021 წლის 2 ივნისის მდგომარეობით

რა ეტაპზეა ღია ბანკინგი ამჟამად ქართულ ბაზარზე?

საქართველოში ბაზრის მიერ შექმნილია ღია ბანკინგის ერთიანი სტანდარტი,  რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ კომერციულ ბანკებს უწესებს ღია ბანკინგში ჩართვის წესებს. ხოლო ფინანსური პროდუქტებიდან ამ ეტაპზე ღია ბანკინგისათვის ხელმისაწვდომია მიმდინარე ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მომდევნო ეტაპებზე თანდათან გაფართოვდება როგორც ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტები, ისე ფინანსური ორგანიზაციების სპექტრი. უახლოეს ეტაპზე მაგალითად,  გათვალისწინებულია ღია ბანკინგის შესაძლებლობების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდება. 

რაც შეეხება კონკრეტულ სერვისებს, რომლებიც საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისათვის ღია ბანკინგის ტექნოლოგიის გამოყენებით, უკვე სრულადაა დამოკიდებული ფინანსური ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების შესაძლებლობებსა და ბაზრის მოთხოვნებზე. თავად ფინტექკომპანიების გააქტიურებისთვის კი, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ადაპტირებაა საჭირო. ასე რომ, ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში მრავალი ცვლილებაა მოსალოდნელი. მომხმარებლები  კი ახალი ინოვაციური და კომფორტული სერვისების შეთავაზებებს უნდა დაველოდოთ.