კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეთიკის კოდექსის დამტკიცება და მომხმარებლების უფლებების დაცვის წესის ცვლილებები - ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებულ სტანდარტს აწესებს

ეთიკის კოდექსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით "ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი" (შემდგომში - ეთიკის კოდექსი) დაამტკიცა, ხოლო "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" წესში (შემდგომში - მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი) ცვლილებები შეიტანა. 

გთავაზობთ ეთიკის კოდექსის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას:

რა მიზანს ემსახურება ეთიკის კოდექსი?

ეთიკის კოდექსის ძირითადი მიზანია ფინანსური სექტორის მომხმარებლების უფლებების უკეთ დაცვა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ეთიკის კოდექსის  არსებობა ხელს შეუწყობს ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მსესხებლებთან ასევე, ამ სესხთან დაკავშირებულ თუ საკონტაქტო პირებთან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

რას ეფუძნება ეთიკის კოდექსი?

ეთიკის კოდექსი განვითარებულ ეკონომიკებში არსებულ მოთხოვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელშიც, რა თქმა უნდა,  ადგილობრივი საფინანსო სექტორის სპეციფიკა და მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საკითხებია გათვალისწინებული. 

ვისზე ვრცელდება ეთიკის კოდექსი?

ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა ევალებათ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 

რომელი ძირითადი საკითხები განისაზღვრა შემუშავებული ეთიკის კოდექსის მიხედვით?

  • განისაზღვრა კრედიტების ამოღების დროს მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის, საქმიანი და ზრდილობიანი ფორმით კომუნიკაციის ვალდებულება. კერძოდ, მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან ურთიერთობისას ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება შეცდომაში შემყვანი თუ არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, მიწოდებული, მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ პირს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;
  • თუ სასამართლოს მიერ ვალდებულებაზე მოთხოვნა აღიარებულია ხანდაზმულად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც კრედიტთან დაკავშირებულ პირებს, ასევე, საკონტაქტო პირს;
  • ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, ეთიკის კოდექსი ორგანიზაციულ დონეზეც შეიმუშაონ, რომელიც დაეფუძნება ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს;
  • ეთიკის კოდექსის მიხედვით დადგინდა მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან დაკავშირების წესები. ამისათვის განისაზღვრა ორი ტიპის საკონტაქტო პირი და მათთან დაკავშირების შესაძლო მიზნობრიობები.  პირველი ტიპის საკონტაქტო პირი უშუალოდ მომხმარებლის მიერ ფინანსური ორგანიზაციისთვის საკრედიტო ხელშეკრულებითვე განსაზღვრული პირია. მასთან დაკავშირების მიზნობრიობა შესაძლოა იყოს მსესხებლისთვის კრედიტთან/ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა. ხოლო მეორე ტიპის საკონტაქტო პირი  ნებისმიერი სხვა მესამე პირია, მასთან დაკავშირება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსესხებლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ საკონტაქტო პირი ფინანსურ ორგანიზაციას მოსთხოვს მასთან კომუნიკაციის შეწყვეტას, ფინანსური ორგანიზაციას ეკრძალება მასთან განმეორებით დაკავშირება;
  • მესამე პირებთან ურთიერთობისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მათ გააცნოს საკუთარი ვინაობა და კომუნიკაცია წარმართოს ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვით; 
  • დადგინდა კრედიტის ამოღების მიზნით, ნებისმიერ პირთან კომუნიკაციის პერიოდი, კერძოდ, მათთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ დღის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე პერიოდში; 
  • განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და ორი თვის ვადით შენახვის ვალდებულება. კერძოდ, თუ მომხმარებლებთან ურთიერთობა მიმდინარეობს დისტანციურად (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) აღნიშნული კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა შეინახოს ორი თვის ვადით. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადგილზე ვიზიტის ამსახველ კომუნიკაციაზე, ასევე თუ მომხმარებელი ან საკონტაქტო პირები უარს აცხადებენ ჩანაწერის წარმოებაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეინახოს ჩანაწერზე უარის თქმის ამსახველი ინფორმაცია;
  • შეიზღუდა კრედიტების გასხვისებისას შემძენი პირების არეალი. კონკრეტულად კი, საკრედიტო პორტფელის გასხვისება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა (თუ იურიდიული პირი არაფინანსურ ორგანიზაციაზე კრედიტის გასხვისებაზე თანხმობას განაცხადებს) დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. ამასთან, თუ საკრედიტო პორტფელი არ გასხვისებულა, თუმცა მას მართავს ისეთი პირი, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული სუბიექტი,  კოდექსის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, უშუალოდ კრედიტორს, რომლის საკუთრებაშიც არის კრედიტი. 
  • ფინანსურ ორგანიზაციებს კოდექსის მიხედვით შეეზღუდათ მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი მათ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან/და რეალიზაციის მიზნით, თუ აღნიშნული ქმედების უფლებამოსილება არ აქვს მინიჭებული კანონმდებლობით.

როდიდან ამოქმედდება ეთიკის კოდექსი?

ეთიკის კოდექსის ძირითადი მოთხოვნები 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო, მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს ექნებათ 2022 წლის 1 ივნისიდან.

აქვე გიზიარებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

რა ძირითადი ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში?

ცვლილებებიდან, რომლებიც დაეფუძნა ევროდირექტივების მოთხოვნებსა და ბაზარზე არსებულ გამოწვევებს,  შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი მიმართულებები:

  • მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის საჭირო დაშვებების სტანდარტიზება, რაც სხვადასხვა პროდუქტის მარტივად შედარების საშუალებას იძლევა და პროცენტის დარიცხვის განსხვავებული სქემის შესახებ გამჭვირვალობას ზრდის;
  • გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით,  მომხმარებლებს ბანკომატზე საკუთარი სახსრებისა და ოვერდრაფტის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამიჯნულად მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ეს კი მათ საშუალებას მისცემს, უფრო ნათლად დაინახონ, თუ მათთვის ხელმისაწვდომი თანხის რა ნაწილია ოვერდრაფტის ლიმიტი და, შესაბამისად, ამ ლიმიტის ათვისების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. გარდა ამისა, ოვერდრაფტის ლიმიტის ათვისებისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება, აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობოს, რაც მათ ინფორმირებულობას გაზრდის;
  • ფინანსური ორგანიზაციების ვებგვერდებზე განთავსდება საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ნიმუშებისა და მნიშვნელოვანი პირობების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციასთან გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, მათ შორის ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ ბანკში.

როდიდან ამოქმედდება მომხმარებელთა უფლებების წესის ცვლილებები?

მომხმარებელთა უფლებების წესის ცვლილებები ამოქმედდება 2022 წლის 1 მარტიდან.