კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი შეიმუშავა

მომხმარებლის უფლებები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" ახალი რედაქცია შეიმუშავა.

გაგაცნობთ ამ თემის ირგვლივ არსებულ ძირითად შეკითხვებზე პასუხებს.

რა მიზანს ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვის  წესის განახლება?

წესის მიზანი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაა. ახალი წესი ერთი მხრივ, ევროდირექტივებთან დაახლოების მიზნით, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა.

რა თარიღიდან შედის ძალაში ახალი წესი?

2021 წლის 1-ლი აპრილიდან.

რა იცვლება ახალი წესის მიხედვით ფინანსური ორგანიზაციებისთვის და მათი მომხმარებელებისთვის?

ახალი წესის თანახმად, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შედის ძალაში. მათ შორის:

  • თუ ფინანსური ორგანიზაცია სესხთან დაკავშირებულ დაზღვევას მოითხოვს, მაშინ მან მომხმარებელს სამი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. მომხმარებელს თავადაც შეუძლია ალტერნატიული სადაზღვევო პოლისის მოძიება და წარდგენა. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული უფლების შესახებ, ასევე, ის მინიმალური პირობებიც გააცნოს, რასაც აღნიშნული პოლისი უნდა აკმაყოფილებდეს.
  • ახალი წესი მომხმარებლისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებისას დამატებით მოთხოვნებსაც განსაზღვრავს. მაგალითად, როდესაც ხელშეკრულება ცალმხრივად იცვლება, ასევე, როდესაც ე.წ. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი სესხი გაიცემა, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს არა მარტო მომხმარებელს, არამედ თავდებსა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესაც. ასევე, სესხის გაცემისას, მსესხებელი, თავდები და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე ინფორმირებული უნდა იყვნენ სესხთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შესახებ. შესაბამისი გაფრთხილების ტექსტი თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებებშიც უნდა განთავსდეს.
  • ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის, სადეპოზიტო და საკრედიტო პროდუქტების ამონაწერები გარკვეული პერიოდულობით უფასო უნდა იყოს. გამჭვირვალობის მიზნით, ასევე დაზუსტებულია იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელსაც აღნიშნული ამონაწერი უნდა მოიცავდეს. ასევე, გაფართოვდა და დაზუსტდა რეკლამასა და შეთავაზებაში მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალიც.
  • დამატებით, განისაზღვრა ფიქსირებული და ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ცნება და დაზუსტდა წინსწრებით დაფარვის პირობები სხვადასხვა განაკვეთიანი სესხებისთვის.

სად შეიძლება ახალი წესის დოკუმენტის მოძიება?

ცვლილებებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.