საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების სწავლების მორიგი ეტაპი დასრულდა. ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, ეროვნული ბანკი "მოქალაქეობის" პედაგოგებს ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე ტრენინგებს წელიწადში რამდენჯერმე უტარებს. დღეისთვის აღნიშული მოდული "მოქალაქეობის" 600-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა.
2023 წელი 4 ტრენინგით დაიხურა. სწავლება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში წარიმართა. ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოდ შეეძლო ყველა დარეგისტრირებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის საგან "მოქალაქეობას". დეკემბერში გამართულ ტრენინგებს თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების 100-მდე მასწავლებელი დაესწრო.
ტრენინგები "მოქალაქეობის" მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დამხმარე სასწავლო მასალებზეა აგებული. აღნიშნული სასწავლო მასალა გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერით, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით შემუშავდა.
2 დღიან ტრენინგზე განხილული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისთვის:
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
- დაზღვევა
- მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები
ტრენინგმოდული თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ დამხმარე აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც დაეხმარებათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მოსწავლეებს, სასწავლო პროგრამის მარტივად გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მე-7 კლასის მასწავლებლებისთვის დამხმარე სასწავლო მასალა შემუშავდა.