2023 წლის 1-ელი აპრილიდან „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" ახალი მოთხოვნა ამოქმედდება. კერძოდ, ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან, მომხმარებლისთვის კომბინირებული საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისას გაამჟღავნონ მასში შემავალი თითოეული პროდუქტის ფასი. ზემოაღნიშნული წესი, დიდწილად მომხმარებლისათვის გამჭვირვალე, დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება, ახალი მოთხოვნა კი აღნიშნულ სტანდარტს კიდევ უფრო აუმჯობესებს. გამჭვირვალე ფასების უზრუნველყოფა მომხმარებელს დაეხმარება, მაქსიმალურად ინფორმირებული და მისთვისვე ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღოს. საბოლოო ჯამში კი ფინანსურ ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო წახალისდება.
რა ვალდებულებები ექნებათ ფინანსურ ორგანიზაციებს?
მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად (იგულისხმება ე.წ „პაკეტური მომსახურება", როდესაც რამდენიმე პროდუქტის ერთად მიწოდება ხდება) შეთავაზებისას ფინანსურ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, ე.წ. „პაკეტში“ შემავალი ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის მითითება. მაგალითად, თუ ფინანსური ორგანიზაცია ყიდის კომბინირებულად 5 პროდუქტს (პირობითად: ანგარიში, ინტერნეტ ბანკი, ავტომატური გადარიცხვები, მობილბანკი, პლასტიკური ბარათი), ის ვალდებული იქნება, მომხმარებელს გაუმჟღავნოს როგორც ერთიანი პაკეტის ღირებულება, ისე მასში შემავალი 5-ვე პროდუქტის ფასი ცალ-ცალკე.
რატომ იქნება მომხმარებლისთვის სარგებლიანი ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის შესახებ ინფორმაციის მიღება?
როდესაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს კომბინირებულ პროდუქტს, და ამავდროულად, აწვდის მას ინფორმაციას მასში შემავალი ცალკეული პროდუქტების ფასების შესახებ, ეს მომხმარებელს მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მას თავად შეუძლია დაფიქრდეს, რომელი გადაწყვეტილება უფრო ხელსაყრელია მისთვის - შეიძინოს აღნიშნული პროდუქტები კომბინირებულად თუ რეალურად მხოლოდ რომელიმე ერთი ან რამდენიმე კონკრეტული პროდუქტი სჭირდება. ასევე, მომხმარებელს შეეძლება, აღნიშნული პროდუქტები უფრო კარგად შეადაროს სხვა ფინანსური ორგანიზაციების პროდუქტებს და შესაბამისად, მიიღოს მისთვის უფრო გონივრული გადაწყვეტილება.
კომბინირებული პროდუქტების შეთავაზებისას თითოეული მათგანის ფასის გამჟღავნება ყოველთვის სავალდებულოა?
თუ ფინანსური ორგანიზაცია კომბინირებულ პროდუქტში შემავალ ცალკეულ პროდუქტებს დამოუკიდებლად არ ყიდის, მაშინ თითოეული მათგანის ფასის გამჟღავნება სავალდებულოც არ არის.
თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ კომბინირებული პროდუქტის შეთავაზებისას მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს.
რომელ ორგანიზაციებზე გავრცელდება შეტანილი ცვლილება?
ახალი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდება.
დეტალური ინფორმაცია (ცვლილება წესში) შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე.