კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„კრედიტინფო საქართველოს“ და კომერციული ბანკების ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლებს

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ორგანიზაციები, ვალდებულნი არიან, მათ მიერ გაცემულ სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ასახონ და განაახლონ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზებში. აღნიშნული წესი მსესხებლის გადახდისუნარიანობის უკეთ შეფასებას ემსახურება, რაც ახალი სესხის გაცემის მომენტში მნიშვნელოვანი საკითხია.

ამ ეტაპზე სს "კრედიტინფო საქართველო" (კრედიტინფო) საქართველოში მოქმედი ერთადერთი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროა და საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებლებთან დაკავშირებულ საკრედიტო ინფორმაციას სავალდებულო სახით სწორედ აქ ასახავენ (მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე).

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მასზე საკრედიტო ბიუროში დაცული ინფორმაცია ბიუროს მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ  ნებისმიერ დროს, ხოლო  წელიწადში 3-ჯერ უფასოდ, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

სიახლე, რომელსაც კრედიტინფო მომხმარებლებს კომერციულ ბანკებთან ერთად სთავაზობს, მომხმარებლებს დაეხმარება, უფრო მარტივად განახორციელონ წვდომა აღნიშნულ საკრედიტო ორგანიზაციებში მათ შესახებ დაცულ ინფორმაციაზე. უფრო კონკრეტულად, რიგი კომერციული ბაკების ციფრული არხების - ინტერნეტბანკისა, მობილბანკის - საშუალებით გაიაქტიურონ კრედიტინფოს  სერვისი "ჩემი კრედიტინფო", რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის ელექტრონულ საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს. 

როგორ ხდება "ჩემი კრედიტინფოს" გააქტიურება მომსახურე ბანკის დახმარებით?

„ჩემი კრედიტინფოს“ სერვისის გასააქტიურებლად საჭიროა, მომხმარებელმა მომსახურე ბანკში დააფიქსიროს სერვისის გააქტიურების მოთხოვნა და, ამასთან, ბანკს მისცეს თანხმობა საკუთარი პერსონალური მონაცემების კრედიტინფოსათვის გადაცემაზე. ბანკი შესაბამის მოთხოვნასა და მონაცემებს გადასცემს კრედიტინფოს, რის შემდეგაც მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს "ჩემი კრედიტინფოს" გვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციას. 

მომხმარებლები, რომლებიც "ჩემი კრედიტინფოს" სერვისით ისარგებლებენ, დისტანციურადვე შეძლებენ ისარგებლონ საკუთარი უფლებით - წელიწადში 3-ჯერ უფასოდ მიიღონ წვდომა კრედიტინფოს ამონაწერზე. აღნიშნულ ამონაწერში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რასაც საკრედიტო საინფორმაციო ბიურო აგროვებს და რაც ხელმისაწვდომია საკრედიტო ორგანიზაციებისათვის. ამასთან, უფასო რეპორტში არ იქნება მითითებული ბიუროს მიერ დამუშავებული ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად საკრედიტო ქულა და რეიტინგი. მათ ნახვას მომხმარებლები მხოლოდ "ჩემი კრედიტინფოს" სხვა დამატებითი, ფასიანი სერვისების გააქტიურების შემთხვევაში შეძლებენ. 

ვის შეგიძლიათ მიმართოთ, თუ საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?

საკრედიტო ამონაწერში აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, მომხმარებლებს უფლება აქვთ, ინფორმაციის გასწორების მიზნით, მიმართონ როგორც უშუალოდ იმ საკრედიტო ორგანიზაციებს, რომლის მონაცემებშიც ფიქსირდება უზუსტობა, ისე უშუალოდ კრედიტინფოს ან  ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას.

ამ ეტაპზე "ჩემი კრედიტინფოს" სერვისის გააქტიურება ბანკის დისტანციური არხების საშუალებით ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის, თიბისი ბანკის,  საქართველოს ბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებლებისთვის.