31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით თითქმის საუკუნეა აღინიშნება. საქართველოში კი აღნიშნული ტრადიცია 2012 წლიდან იღებს სათავეს.
მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების ვებგვერდის, www.finedu.gov.ge - ფინედუს - ორგანიზებით, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ტრადიციულად იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და ძალიან პოპულარული პროექტი სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში" - ამჯერად უკვე განახლებული, ფინედუს დესპანებად მასწავლებლების ჩართვის შემოთავაზებით, რაც კამპანიის კიდევ უფრო ფართოდ გაშლისა და მეტი მოსწავლის ჩართვის საშუალებას იძლევა.
კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლის მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის
რა დანიშნულება და ისტორია აქვს მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას?
მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
ამ მასშტაბური წამოწყების მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება.
საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე სეგმენტს ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".
რას გულისხმობს ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"?
ღონისძიება გულისხმობს III-IX კლასის მოსწავლეებისათვის ერთი ღია გაკვეთილის ჩატარებას სკოლაში მოწვეული სტუმრის ან ამავე სკოლის მასწავლებლის მიერ.
ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა საკითხები იქნება მასზე განხილული?
გაკვეთილები ჩატარდება III-IX კლასის მოსწავლეებთან და ძირითადად, განხილული იქნება მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა და სხვა დაკავშირებული საკითხები ასაკის შესაბამისი შინაარსისა და ფორმატის გათვალისწინებით.
გაკვეთილები კლასში ჩატარდება თუ ონლაინ?
გაკვეთილების ჩატარება იგეგმება მხოლოდ პირისპირი, საკლასო ოთახში ჩატარების ფორმატით.
მიმდინარე წლის კამპანიის ფარგლებში ონლაინ გაკვეთილების არ იგეგმება.
ონლაინ გაკვეთილების ალტერნატივის სახით, დაზოგვის თემაზე გაკვეთილების ჩატარება იმ კლასებში, სადაც ფინედუს არ ეყოლება ან არასაკმარისი რაოდენობით ეყოლება დესპანები, წელს შემოთავაზებულია მოხალისე მასწავლებლებიც ჩართვა ფინედუს დესპანის მისიით.
როდის ჩატარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები ჩატარდება მასწავლებლისა და დესპანის ურთიერთშეთანხმებულ დროს, 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.
იმ კლასებში, სადაც დესპანის მისიას შეასრულებს მოხალისე მასწავლებელი, გაკვეთილის ჩატარების დროს დამოუკიდებლად განსაზღვრავს, თუმცა მისი დაგეგმვაც უნდა მოხდეს ამავე, 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები? ვინ ჩაატარებენ გაკვეთილებს?
ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლები, თითოეულ მასწავლებელს ეცნობება მისთვის გამოყოფილი დესპანის ვინაობა და დასაქმების ადგილი.
დამატებით, იმ კლასებში, სადაც ფინედუს არ ეყოლება ან არასაკმარისი რაოდენობით ეყოლება, ზემოაღნიშნული დესპანები, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იქნება ფინედუს სერტიფიცირებული დესპანის სტატუსით გაკვეთილის ჩატარება.
როგორ განისაზღვრება, კონკრეტულ კლასში ფინედუს გარე დესპანი ჩაატარებს გაკვეთილს თუ ამ მისიას ამავე სკოლის მოხალისე მასწავლებელი იკისრებს?
კონკრეტულ კლასში გაკვეთილის ჩასატარებლად გარე დესპანი შეირჩევა თუ მოხალისე მასწავლებელი, განისაზღვრება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად ქვემოთ მოცემული პრიორიტეტების გათვალისწინებით:
- სარეგისტრაციო ფორმაში კლასში მომწვევი მასწავლებლის მიერ არჩეული პრიორიტეტი - გარე დესპანის მოწვევა სურს, თუ მოხალისეობა;
- სარეგისტრაციო ფორმაში დარეგისტრირებული კლასი პირველად ერთვება კამპანიაში თუ განმეორებით - პრიორიტეტი მიენიჭება კლასებს, რომლებსაც წინა პერიოდში ფინედუს გაკვეთილები არ ჩატარებულა;
- სარეგისტრაციო ფორმაში კლასის დარეგისტრირების რიგითობა - პრიორიტეტი მიენიჭება შედარებით ადრე დარეგისტრირებულ კლასებს;
- დარეგისტრირებულ სკოლაში/კლასში დესპანების წარგზავნის ფიზიკური შესაძლებლობა (მათი ლოკაციები და რაოდენობა შეზღუდულია) - მიუხედავად იმისა, რომელი ტიპის დესპანი აირჩია მასწავლებელმა პრიორიტეტად, თუ მის მიერ არჩეული ალტერნატივის რესურსი ამოწურულია, შეთავაზებული იქნება განსხვავებული ალტერნატივა.
შესაბამისად, სარეგისტრაციო ფორმის შევსება ფინედუს მხრიდან გაკვეთილის ჩატარების და/ან მასწავლებლის მიერ არჩეული ალტერნატივის შესაბამისად ჩატარების ვალდებულებას არ გულისხმობს.
რა უპირატესობა აქვს კლასში გარე დესპანის მოწვევას?
თუ კლასს მოწვეული დესპანი სტუმრობს, მასწავლებლის მხრიდან საკმარისია მხოლოდ დესპანთან სტუმრობის დროის შეთანხმება და კლასის შესაბამისად მომზადება.
კლასს ეწვევა დესპანი და გაკვეთილზევე მოიტანს:
- ბავშვებისათვის - სპეციალურ საგანმანათლებლო მასალას,
- მასწავლებლისათვის - ფინედუს მხარდაჭერის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
რა უპირატესობა აქვს მასწავლებლის მოხალისეობრივ დესპანობას?
თუ კლასში გაკვეთილს ატარებს მოხალისე მასწავლებელი სერტიფიცირებული დესპანის სტატუსით, მას დასჭირდება სპეციალური ონლაინ ტრენინგის გავლა და გაკვეთილის ჩატარება ტრენინგის შემდეგ მიღებული მასალების გამოყენებით.
ამ შემთხვევაში მასწავლებელს სკოლაში ფოსტით გაეგზავნება შემდეგი მასალა:
- ბავშვებისათვის - სპეციალური საგანმანათლებლო მასალა;
- მასწავლებლისათვის - წიგნის მაღაზიის 50-ლარიანი ვაუჩერი, რომლის მიხედვითაც სასურველ წიგნებს აირჩევს გამომცემლობა "სულაკაურის" ან გამომცემლობა "ინტელექტის" ვებგვერდებიდან
- მასწავლებლისათვის - ფინედუს დესპანობის სტატუსის აღმნიშვნელი სპეციალური სერტიფიკატი.
მასალების გაგზავნა დაიწყება 17 ნოემბრის შემდეგ, ყველა გაკვეთილის დასრულებისთანავე.
რომელ მასწავლებელს შეუძლია გახდეს ფინედუს სერტიფიცირებული დესპანი?
ფინედუს სერტიფიცირებული დესპანის სტატუსის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა III-IX კლასების შუალედში ნებისმიერ კლასს ჩაუტაროს ღია გაკვეთილი ფინედუს მიერ დაგეგმილი მასალებითა და ინსტრუქტაჟით. ფინედუს მოხალისეობრივი დესპანობა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.
დაინტერესებულმა მასწავლებელმა უნდა შეავსოს ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ბმული და დაესწროს სპეციალურ, დესპანების მოსამზადებელ 1 საათიან ონლაინ ტრენინგს.
რა ევალება მასწავლებელს, რომელსაც სურს შეითავსოს ფინედუს დესპანის მისია?
მოხალისე მასწავლებელს ევალება:
• გაიაროს შესაბამისი ტრენინგი და მიიღოს გაკვეთილის მასალები (პრეზენტაცია, ტექსტი),
• ჩაატაროს შესაბამისი გაკვეთილი 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში;
• გაკვეთილის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ფინედუს მხრიდან რეგისტრაციის შემდეგ მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად. იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ მსოფლიო დაზოგვის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ისტორია, აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად საჭირო იქნება გაკვეთილზე გადაღებული არაუმეტეს 2 ფოტოსურათის გამოგზავნა.
რამდენი მასალა გაიგზავნება მოხალისე მასწავლებელთან, რომელმაც ფინედუს დესპანობის მისიის ფარგლებში ერთზე მეტ კლასს ჩაუტარა გაკვეთილი? რამე შეზღუდვა ხომ არაა დაწესებული კლასების რაოდენობაზე?
ფინედუ მიესალმება გაკვეთილის რამდენიმე კლასთან ჩატარებას.
ბავშვებისთვის საგანმანათლებლო მასალა გაიგზავნება კლასების იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის მითითებაც მოხდა სარეგისტრაციო ფორმაში. მოხალისე მასწავლებელი მიიღებს ერთ სერტიფიკატს ფინედუს დესპანობის სტატუსით და წიგნების მაღაზიის ერთ 50-ლარიან ვაუჩერს.
დამატებით, 10 მასწავლებელი, რომელიც ფინედუს დესპანობის მისიის ფარგლებში გაკვეთილს ჩაატარებს ყველაზე მეტი რაოდენობის კლასთან/მოსწავლესთან მიიღებს წიგნების მაღაზიის დამატებით ერთ 50-ლარიან ვაუჩერს. საბოლოოდ, საუკეთესო შედეგების მქონე 10 (ათი) მასწავლებელი, ჯამში მიიღებს წიგნის 2 ცალ ვაუჩერს.
რა არის საჭირო ფინედუს (გარე) დესპანის კლასში მოსაწვევად?
ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს მხრიდან დაკავშირებას საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლასის ღონისძიებაზე დარეგისტრირება და ფინედუს დესპანის კლასში მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, მათ შორის, კლასის სადამრიგებლო გაკვეთილის ფარგლებში.
რა მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო სკოლისგან გაკვეთილის ჩასატარებლად?
საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის ეკრანზე ჩვენების შესაძლებლობა.
როდის განხორციელდება რეგისტრაცია?
დაინტერესებული კლასების რეგისტრაცია დაიწყება 22 ოქტომბრის 18:00 საათზე და დასრულდება დაგეგმილი ადგილების შევსებისთანავე.
არსებული რესურსების გათვალისწინებით სარეგისტრაციო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?
როდის და როგორ მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასში ვიზიტთან დაკავშირებით?
ფინედუს წარმომადგენლები დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებს შეათანხმებენ 31 ოქტომბრამდე პერიოდში მასწავლებლის მიერ მითითებული საკონტაქტო მეილისა და/ან ტელეფონის საშუალებით.
ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით:
- ელექტრონული ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ფეისბუქის გვერდის - https://www.facebook.com/finedu.gov.ge - მესენჯერი