1. კონკურსის იდეა და მიზანი
გლობალური ფულის კვირეული (შემდგომში - „კვირეული“), მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიო 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
ზემოაღნიშნული კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), შესაბამის პარტნიორებთან ერთად, წელს მეცხრედ შეუერთდება. მიმდინარე წელს კვირეული 20 - 26 მარტის ჩათვლით აღინიშნება და მისი თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).
კვირეულისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიისა და აქტივობების ფარგლებში, ცხადდება პოსტერისა და სლოგანის კონკურსი სახელწოდებით „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ რომელიც 2023 წლის 10 მარტს დაიწყება და ამავე წლის 28 მარტს დასრულდება. კონკურსის მიზანია ფინანსური განათლების, გარემოსა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი ქმედებების, მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონკურსი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით, სს „საქართველოს ბანკის“, სს „თიბისი ბანკის“, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის“, სსიპ საპენსიო სააგენტოს, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „აფლატუნ ინთერნეიშენალის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები „ფინედუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.finedu.gov.ge და „Facebook-ის“ გვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნდება და ფულისა და ფინანსური განათლების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდება: „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“;
2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 10 მარტი, 2023 წელი;
2.3 კონკურსი დასრულდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის 28 მარტს;
2.4 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა წინამდებარე განცხადების პირველ მუხლში მოყვანილი ორგანიზაციების თანამშრომლებისა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს;
2.5 ერთი კონკურსანტის მხრიდან წარმოსადგენი ნამუშევრების რაოდენობა არ იზღუდება, თუმცა, გამარჯვებულად კონკურსანტი მხოლოდ ერთხელ შეიძლება დასახელდეს;
2.6 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი/ავტორი საკონკურსო ნამუშევარზე საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“. მიღებული საკონკურსო ნამუშევრები შესაძლოა, მოგვიანებითაც გამოქვეყნდეს „ფინედუს“ ვებ-გვერდსა და მის სოციალურ ქსელებში, მათ შორის „Facebook-ის“, „Instagramის“, „Linkedin-ის“ გვერდებსა და „Youtube-ის“ არხზე ავტორის შესაბამისი მითითებით.
3. მოთხოვნები საკონკურსო ნამუშევრებთან დაკავშირებით
3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს ევალება, შექმნას ვიზუალური მასალა - პოსტერი/ბანერი და მოიფიქროს შესაბამისი სლოგანი;
3.2 ნამუშევარი შემუშავებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
3.3 ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე იდეას:
- პასუხისმგებლიანი მოხმარება და შესყიდვები - შესყიდვები და მოხმარება, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტისა და მომსახურების ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ზემოქმედებას. (მაგ.: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება პირადი ავტომობილისა თუ ტაქსის ნაცვლად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შეძენა სხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირების ზეგავლენის შესამცირებლად);
- შესყიდვების ალტერნატივების განხილვა და ნარჩენების მართვა - ვარგისი პროდუქტის ხელახლა გამოყენება, ნარჩენების გადამუშავება (მაგ.: ახალი ტანსაცმლის ყიდვის ნაცვლად მეორადი ტანსაცმლის შეძენა, ან გაცვლა. ქაღალდის, პლასტმასის და ა.შ. ჩაბარება მათი გადამუშავების ან და სწორად განადგურების მიზნით);
- კლიმატთან დაკავშირებული ფიზიკური თუ ფინანსური რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება (მაგ.: კლიმატის ცვლილება იწვევს წყალდიდობებს, ხანძრებს და ა.შ. რომლებიც აისახება როგორც ადამიანებისა და დედამიწის კეთილდღეობაზე, ასევე მოაქვს დიდი ფინანსური ზარალი);
- ეკო-მეგობრული ბიზნესის წახალისება - იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესების გავლენა ეკოლოგიაზე დიდია, ეკო-მეგობრულია ბიზნესი, რომელსაც მინიმუმადე დაყავს მის მიერ დედამიწაზე მიყენებული ზარალი, იყენებს განახლებად რესურსებს და ა.შ. (ამ ნაწილში კონკურსანტებს შეუძლიათ დაანახონ ბიზნესებს მათი როლი მდგრად განვითარებაში და მოუწოდონ, გააკეთონ მაქსიმუმი გარემოს დაცვისთვის);
3.4 ნამუშევარი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან გარკვეულ პროფესიულ სეგმენტზე;
3.5 ნამუშევარი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
3.6 საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის დეტალები:
- ნამუშევარი შესაძლოა შესრულებული იყოს ნებისმიერ პროგრამაში (მაგ.: „Ai“, „Ae“, „Id“, „Ps“, „Blender“, „MS PowerPoint“ და სხვა);
- პოსტერზე განტავსებული უნდა იყოს თემატური, ინსპირაციული სლოგანი ქართულ ენაზე;
- ნამუშევართან ერთად წარმოდგენილ უნდა ერთვოდეს მოკლე აღწერა (მაქსიმუმ 50 სიტყვა) ვორდის ფორმატში;
- ნამუშევარი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და მოწოდებული უნდა იყოს „PND“, „PSD“, „JPEG“ ან სხვა მაღალი გარჩევადობის („HD“) მქონე ფორმატით;კონკურსანტმა ნამუშევარი/ნამუშევრები შესაბამის აღწერასთან ერთად უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. წერილის სათაურად უნდა მიეთითოს კონკურსის დასახელება - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“, ხოლო წერილის ტექსტში კონკურსანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. კონკურსის ჩატარების ეტაპები
4.1 საკონკურსო ნამუშევრები უშუალოდ მიიღება კონკურსის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 19 მარტის (დილის) 09:00 სთ-მდე;
4.2 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლინდება არაუმეტეს 20 რჩეული ნამუშევარი (ფინალისტი), რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდება „ფინედუს“ „Facebook-ის“ გვერდზე,
- 20 ფინალური ნამუშევრიდან გამოვლინდება 5 გამარჯვებული ნამუშევარი კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ და 5 გამარჯვებული ნამუშევარი კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“,
- ერთმა კონკურსანტმა და/ან ერთმა ნამუშევარმა შესაძლებელია, გაიმარჯვოს ერთდროულად ორივე კატეგორიაში: როგორც კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“, ისე კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“,
- მომხმარებლების რჩეული გამოვლინდება რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 27 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook“ პოსტზე,
- კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის 28 მარტს;
4.3 „ფინედუ“ იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს მასალები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი, თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს;
4.4 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა 10-ზე ნაკლები ნამუშევარი, „ფინედუ“ იტოვებს უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილოს ნამუშევრებიდან გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების განსხვავებული წესი.
5. კონკურსის ჟიური
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება 11 ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან:
- საქართველოს ეროვნული ბანკი
- სს „საქართველოს ბანკი“,
- სს „თიბისი ბანკი“,
- სს „ბაზისბანკი“,
- სს „კრედო ბანკი“,
- სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“,
- სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი“
- სსიპ საპენსიო სააგენტო,
- სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
- შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
- „აფლატუნ ინტერნეიშენალი“.
6. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები
საკონკურსო ნამუშევარს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
- ვიზუალის კრეატიულობა, ორიგინალურობა;
- ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
- ვიზუალი და სლოგანი პასუხობს წინამდებარე განცხადების 3.3 პუნქტში მითითებულ იდეებს;
- ვიზუალი და სლოგანი საზოგადოებას თემისადმი ინტერესს აღუძრავს.
7. კონკურსის პრიზები
7.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული - 5 გამარჯვებული კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ და 5 გამარჯვებული კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“. ამ კონკურსის 4.2 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, შესაძლებელია ერთი კონკურსანტი/გამარჯვებული ერთდროულად დასახელდეს ორ განსხვავებულ კატეგორიაში. თუმცა თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულად შესაძლოა დასახელდეს ერთი კონკურსანტის მხოლოდ ერთი ნამუშევარი.
7.2 ჟიურის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა ფულადი პრიზი 1,000 ლარი. გამარჯვებულებს დააჯილდოებს შემდეგი ორგანიზაციები:
- სს „საქართველოს ბანკი“- 2 გამარჯვებულს;
- სს „თიბისი ბანკი“- 2 გამარჯვებულს;
- სს „ბაზისბანკი“- 1 გამარჯვებულს.
7.3 მომხმარებლის მიერ გამოვლენილ 5 გამარჯვებულს სერტიფიკატთან გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი. გამარჯვებულებს დააჯოლდოებს შემდეგი ორგანიზაციები:
- სს „ბაზისბანკი“- 2 გამარჯვებულს;
- სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ - 1 გამარჯვებულს;
- სს „კრედო ბანკი“- 1 გამარჯვებულს;
- სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი“- 1 გამარჯვებულს.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
- ცხელი ხაზი: (+995 32) 2406406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;
- „ფეისბუქის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.